OK!-მ წლის მიწურულს ყველაზე სიმპათიური კინომსახიობი მამაკაცების სია შეადგინა. მათთვის ადგილების და ციფრების მინიჭებისგან თავს შევიკავებთ და ამ რთულ საქმეს ერთგულ მკითხველებს მოგანდობთ.
იან სომერჰოლდერის სახელის დამახსოვრება რთულია, მაგრამ მისი გამჭოლი მზერის და ცისფერი თვალების დავიწყება შეუძლებელი.
სიტყვა სექს-სიმბოლოს ხსენებისას პირველი ბრედ პიტი გვახსენდება. ბრედი ყველაზე მომხიბვლელი ვარსკვლავის სტატუსს 30 წელზე მეტი ინარჩუნებს.
„კარიბის ზღვის მეკობრეებში“ შესრულებული რომანტიული როლის შემდეგ, ორლანდო ბლუმს თაყვანისმცემელთა არმია გაუჩნდა და მისი დარჩრდილვა ცნობილმა პარტნიორმა, ჯონი დეპმაც ვერ შეძლო.
„ტიტანიკის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ლეონარდო დიკაპრიო მსოფლიოს ყველაზე ცნობად ვარსკვლავად იქცა. მარტინ სკორსეზესთან მუშაობა საბედისწერო აღმოჩნდა მსახიობისთვის და კითხვაზე, ლეო უფრო ნიჭიერია, თუ უფრო სიმპთიური, პასუხის გაცემა წლითი წლამდე რთულდება.
მიუხედავად სერიალ „ჯაშუშში“ შესრულებული როლისა, ბრედლი კუპერს ნამდვილი წარმატება „წვეულებამ ვეგასში“(The Hangover) მოუტანა.
“სარკევ, სარკევ“(Mirror, Mirror)... მითხარი ვინ არის ყველაზე მომხიბვლელი პრინცის როლის შემსრულებელი? არმი ჰამერი! მისი ფილმოგრაფია ვრცელი არ არის, თუმცა ისეთ ცნობილ პარტნიორებთან მოუწია თანამშრომლობა, როგორებიც არია ჯულია რობერთსი, ჯუდი დენჩი, ლეონარდო დიკაპრიო და ჯონი დეპი.
რობერტ პეტინსონი, სახელგანთქმული ვამპირი ედვარდ ქალენი „ბინდის საგიდან“! მან მამაკაცის ახალი ეტალონი დაამკვიდრა.
ჯუდ ლოუს სკოლაში თანაკლასელებისგან ბევრი დამცირება ახსოვს. მან შური იძია და „ბრიტანელ ალენ დელონად“ იქცა.
რაიან გოსლინგზე ოცნება „დღიურებიდან“ (The Notebook) დაიწყო და „სულელური, უაზრო სიყვარულით“ გაგრძელდა.
ქრის და ლაიამ ჰემსვორტები გარეგნულად არ გვანან, თუმცა ძმები ყველაზე სასურველი მამაკაცების სტატუსს ინაწილებენ.
ეშტონ კუჩერმა თავის დროზე დემი მურის მოხიბვლა შეძლო. გაგრძელება რა საჭიროა.
ჰენრი კავილი მთავარი როლისთვის „გრეის ორმოცდაათ ელფერში“ დაიწუნეს, მაგრამ უძლეველი სუპერმენის როლის შემსრულებლის დავიწყება შეუძლებელია.
„გრეის ორმოცდაათი ელფერი“ ეკრანებზე გამოსული არ იყო და ჯეიმი დორნანს უკვე სატრფიალო ლექსებს უძღვნიდნენ.
ჩენინგ ტატუმი მღერის, ცეკვავს და უბრალოდ, ძალიან მომხიბვლელია. „ძვირფასი ჯონის“(Dear John) მორცხვი ღიმილი და ათლეტური ტორსი სულისშემხუთავ კოქტეილს ქმნის.