მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - ტექნოპარკი, ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ გაიხსნა.
საერთაშორისო ფორუმი 8-9 დეკემბერს ტარდება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ისახავს. ამავდროულად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირების საუკეთესო საშუალებაა.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა.
ფორუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს და მის ფარგლებში მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები განათლებისა და ახალი ტექნოლოგიების როლზე კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში.
ფორუმის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის“ მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.
ფორუმის დასრულების შემდეგ კი, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართება ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.