დღეს 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლის, „პოპის პრინცესას“ ბრიტნი სპირსის დაბადების დღეა.
პირველად, 10 წლის ბრიტნი Disney-ს ტელესპექტაკლში უარყოფით როლში გამოჩნდა. შემდეგ კი ეს როლი რეალურ ცხოვრებაში მოირგო. ბრიტნიმ კარიერის მანძილზე უამრავი უცნაური საქციელი ჩაიდინა.
პირველ ალბომში მომღერალმა Rolling Stones-ის Satisfaction-ის საკუთარი ვერსია ჩაწერა. ხმის ჩამწერი სტუდია ამ სინგლის ჰიტად ქცევას აპირებდა, თუმცა მან იმდენად უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, რომ Satisfaction ყველაზე ცუდი ქავერების სიაში მოხვდა. 18 წლის მუსიკოსისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ბრიტნიმ გაუძლო.
ამ ამბავს სასამართო სარჩელი მოჰყვა. ბრიტნის მისი საიტის შემქმნელი ფირმა თანხის გადაუხდელობის გამო უჩიოდა. ამ ყველაფერს მომღერლის თამამი ფოტოებით „მორთული“ ჟურნალი Rolling Stone დაემატა. მთელი ქვეყანა სპირსის სხეულის ფორმებს განიხილავდა. კულმინაცია კი ჯანთინ ტიმბერლეიკთან დაშორება გახდა.
მომღერალს რთული დამოკიდებულება აქვს საკუთარ სახელთანაც. ბრიტნი, ანუ ბრიტანია მშობლებმა ბრიტანეთის საპატივცემულოდ დაარქვეს. პროდიუსერები მის სასცენო ფსევდონიმზე დიდხანს მსჯელობდნენ.
ბრიტნიმ 20 წლის იუბილე არამარტო პირველი მილიონით, არამედ ლიტერატურული დებიუტითაც აღნიშნა - დედასთან ერთად წიგნი „დედის საჩუქარი“ დაწერა. მას, რა თქმა უნდა მუსიკალური საქმიანოდან კარგი შემოსავალი აქვს, თუმცა ამას გარდა, ბრიტნის პარფიუმერიის ხაზი და განსაკუთრებით სუნამო Circus დიდი წარმატებით სარგებლობს. მან მომღერალს 14-მილიონიანი მოგება მოუტანა.
ყველამ ვიცით, რომ ბრიტნი ჯექსონისა და ჰიუსტონის შემოქმედებაზე გაიზარდა, თუმცა მისი საყვარელი მომღერალი ბიორქია. და კიდევ, ბრიტნი და გენიალური ჯანი ვერსაჩე ერთ დღეს არიან დაბადებულები.
მას შემდეგ, რაც ჯასთინ ტიმბერკეიკს დაშორდა, ბრიტნის მამაკაცებშიც არ უმართლებს. ის მეუღლეს და მისი ორი ვაჟიშვილის მამას კევინ ფედერლაინს სკანდალურად გაეყარა. მას შემდეგ სერიოზული ურთიერთობა ვერავისთან ააწყო.
ჩვეულებრივ, მომღერალი 2-3 წელიწადში თითო ალბომს უშვებს. სულ რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ ახალ ალბომზე Glory მუშაობს.
ისღა დაგვრჩენია ბრიტნის დაბადების დღე გულწრფელად მივულოცოთ და პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატება ვუსურვოთ!