იაკობ ნიკოლაძე მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე და თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელია.
29 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა გაიხსნება. გამოფენის პარალელურად წიგნის პრეზენტაცია შედგება.
ვინაიდან, საქართველოში მრგვალი ქანდაკების სკოლა არ არსებობდა, ნიკოლაძემ საწყისი სამხატვრო განათლება მოსკოვსა და ოდესაში მიიღო, ხოლო შემდეგ, ევროპული ქანდაკების შესასწავლად იტალიასა და საფრანგეთში გაემგზავრა. თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში 15 თვის განმავლობაში იმუშავა. მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩამოიტანა და საფუძველი დაუდო ქართული ქანდაკების სკოლას. მრავალი წლის მანძილზე თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, ფოტო, დოკუმენტური და მემორიალური მასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და კერძო კოლექციებიდან.