ჟურნალი OK! აგრძელებს სოციალური და საზოგადოებრივად აქტუალური პროექტების განხორციელებას. გოდერძი ჩოხელის ვაჟის საქველმოქმედო აუქციონისა და სოფელ უწერის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვების შემდეგ, 29 ნოემბერს OK!-ის მთავარი რედაქტორი ოლგა ბაბლუანი და სარედაქციო გუნდი ვაზიანის ბატალიონს ესტუმრნენ. შეხვედრაზე ჯარისკაცებისთვის რეჟისორ ზაზა ურუშაძის თანხლებით, ფილმის "მანდარინები“ ჩვენება მოეწყო.
ასევე, ჟურნალ OK!-ის პარტნიორი კომპანიების - ლუტეციას, ლაღიძის წყლების, ლიტვური საცხობის, კომპანია საგას, მასტერ სპორტისა და ჩაიხანას მიერ სპეციალურად ჯარისკაცებისთვის დაწესებული საჩუქრების გათამაშება გაიმართა. „კორპორაცია ქართული ღვინო“ ჯარისკაცებს ახალი პრემიუმ ხაზის ღვინით - „უმანო“ გაუმასპინძლდა, ხოლო „ტორტინი“, „აზატო“ და „ბისკოტო“ - სადღესასწაულო ნამცხვრებით.
ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი, ოლგა ბაბლუანი: „მე როგორც ჟურნალის რედაქტორს, მედიის წარმომადგენელს, მაქვს რიგითი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ,რომ საქართველოს განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს, რომელთა შორის ქვეყნის თავისუფლება და ერთიანობა მთავარი, პრიორიტეტული თემაა. აქედან გამომდინარე, ჟურნალ OK!-ის რედაქციის სახელით, მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა ქართული ჯარის მიმართ - ქართველი ახალგაზრდა მამაკაცების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად 21-ე საუკუნეში, საკუთარი ქვეყნის მიწას იცავენ. დიდი განსხვავებაა, დამპყრობელი დიდი ქვეყნის ჯარისკაცსა და იმ ქვეყნის ჯარისკაცს შორის, რომელიც საკუთარი ქვეყნის მთლიანობის შესანარჩუნებლად იბრძვის. ეს ახალგაზრდები ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოების გარანტები და უპირველეს ყოვლისა, ადამიანები არიან - ერთიანი სამხედრო ფორმის უკან, განსხვავებული ხასიათის, გრძნობებისა და ცხოვრების ადამიანები.“
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ღვაწლის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია: ,,მართლაც, ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც შემოქმედი ადამიანი ცდილობს, ჯარისკაცი, ქვეყნის მიმართ ასეთი ერთგული ადამიანი ღირსეულად წარმოაჩინოს. თანაც, როგორც აქ უკვე ითქვა, მნიშვნელოვანია წარმოაჩინოს მისი ადამიანური გრძნობები, გმირობა, უნარი, ქვეყნისა თუ მეგობრის სიყვარული, მტრისადმი დამოკიდებულება. ამის გამოხატვა და უკვდავყოფა სწორედ შემოქმედის მისიაა. ამიტომ დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მობრძანდით და ასევე, იმ ფილმისთვის, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ,,მანდარინებში” თითოეული ჩვენგანის ღვაწლი ღირსეულადაა წარმოჩენილი და დაფასებული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რეჟისორსა და იდეის ავტორებს. ჩვენ ყველა ასეთ ინიციატივას მომავალშიც აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი”
ჟურნალის საახალწლო ნომერში ქართული ჯარის თემატიკაზე სპეციალური პროექტია დაგეგმილი. მანამდე კი, რედაქციამ ქართველი ჯარისკაცებისადმი მხარდაჭერა ვაზიანის ბატალიონში სტუმრობით გამოხატა.