28 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის საზეიმო გახსნას ცნობილი გერმანელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი, ახალი გერმანული კინოს ერთ-ერთი წარმომადგენელი მარგარეტე ფონ ტროტა დაესწრო.
საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პოლიტიკას ეძღვნება. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია “Bios Politikos” (პოლიტიკური ცხოვრება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს აერთიანებს.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
წელს მეოთხედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად, გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
ფესტივალი გახსნის ცერემონია მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით დაგვირგვინა. ფესტივალი 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება.