20 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტს უმასპინძლებს. ოპერაში მოსულ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მათი ახალი ერთობლივი ალბომის „In Winter”-ის პრეზენტაციას დაესწროს.
„In Winter” („ზამთარში”), 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ის მომღერლისა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში, საქართველოში ჩაიწერა. პარალელურად, 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, დაიგეგმა ერთობლივი ევროპული ტურნე: 28 კონცერტი გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში.