28 ნოემბერს თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. წელს ფესტივალის მთავარი თემა პოლიტიკა იქნება. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია “Bios Politikos”(პოლიტიკური ცხოვრება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს აერთიანებს.
ფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
ჟიურის თავმჯდომარე საფრანგეთში მცხოვრები კანადელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტია. ჟიურის წევრები ასევე იქნებიან:
გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი
იტალიელი კინორეჟისორი
სცენარისტი და მწერალი დავიდე ფერარიო
შვედი კინოკრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი
ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე
წელს მეოთხედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად, გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელი კინოკრიტიკოსები ლისა ნესელსონი და გლენ მირენი იქნებიან.
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალს 3 დეკემბერს ირანელი რეჟისორის, აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წამიყვანე სახლში“ დახურავს.
ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.