მესაყვირე, კომპოზიტორი და ბენდის ლიდერი ნიკოლას პეიტონი ნიუ ორლეანში გაიზარდა, ქალაქში რომელიც მესაყვირეებით გატენილი იყო და მათ კვალს ბუნებრივად წაჰყვა, რომელთა შორის იყვნენ ბადი ბოლენი, ლუი არმსთრონგი, ალ ჰირთი, უინტონ მარსალისი. ნიკოლასი ცნობილი ბასისტის, უოლტერ პეიტონის შვილია, დედა ფორტეპიანოზე უკრავდა, ასე რომ პატარა მუსიკალურ ატმოსფეროში გაიზარდა. მომავალმა მუსიკოსმა საყვირზე დაკვრა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, ხშირად 10 საათი მეცადინეობდა, შემდეგ კლუბებში, შოუებზე მამის აკომპანირება დაიწყო და უამრავი მუსიკოსის მოსმენის საშუალება მიეცა.
მნიშვნელოვანი ბიძგი 11 წლის ასაკში მაილს დევისის ალბომის მოსმენა გახდა. ნიკოლასმა გადაწყვიტა მესაყვირე გამხდარიყო და ჯაზი შეესრულებინა. ერთი წლის შემდეგ მან ქუჩაში დაკვრაც დაიწყო. უკრავდა ყველგან, გასვენებებში, ქორწილებში, ბარებში.
პეიტონი სკოლაში და შემდეგ, უნივერსიტეტში ნიუ ორლეანში სწავლობდა პიანისტ ელი მარსალისთან. „ის გვცვლიდა, რათა საკუთარი თავისთვის სწავლება შეგვძლებოდა. ეს ყველაზე მთავარია ჯაზის მუსიკოსში. მხოლოდ შენ იცი, როგორ უნდა ჟღერდე.“ - ამბობს 2003 წლის ინტერვიუში პეიტონი.
სწავლა ტურების გამო შეწყვიტა, მას შესაძლებლობა მიეცა ელვის ჯონსთან და მარკუს რობერთსთან ერთად ემოგზაურა.
პეიტონის პირველი ალბომია 1992 წლის From This Moment. ორი წლის შემდეგ ის ფილმის „კანზას სითის“ საუნდთრექს ასრულებს და 1997-ში Grammy-ს იღებს კოლაბორაციისთვის Doc Cheatham & Nicholas Payton. მისი სხვა ალბომებია 1995 - Gumbo Nouveau, 1997 - Fingerpainting: The Music of Herbie Hancock, 1998 - Payton's Place, 1999 - Nick@Night, და 2001 - Dear Louis.
2003 წელს ხელი მოაწერა Warner Bros.-თან თანამშომლობას და გამოუშვა Sonic Trance. ავტოავარიამ მისი პროფესიული საქმიანობა დროებით შეაჩერა. 2006-ში Mysterious Shorter-ით დაბრუნდა.
პეიტონი ცნობილია რისკის მოყვარულობით. 2011 წელს ალბომისთვის Bitches მან გრანდიოზული სამუშაო შეასრულა, შექმნა და არანჟირება გაუკეთა და ჩაწერა 16 რომანტიულ სიმღერას, თვითონ შეასრულა ყველა ინსტრუმენტის პარტია, იმღერა და პროექტის პროდიუსირებაც საკუთარ თავზე აიღო. ამ ალბომისთვის სპეციალური სტუმრები მოიწვია: კასანდრა უილსონი, ესპერანცა სპოლდინგი, ნ’დამბი, ჩაინა ბლაკი და საუნდერს სერმონსი.