ზაჰა ჰადიდის არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში - ჰეიდარ ალიევის ცენტრი Royal Institute of British Architect’s-ის საერთაშორისო პრიზის shortlist-ისთვის შეირჩა. არქიტექტორმა ამ ნამუშევრისთვის, შესაძლოა, გარდაცვალების შემდეგ, „ახალი გლობალური არქიტექტურის პრიზი ახალი შენობისთვის“ მოიპოვოს.
ზაჰა ჰადიდი ბაღდადში დაიბადა და 11 წლისას არქიტექტორის პროფესია უკვე არჩეული ჰქონდა. 1972 წელს ლონდონში სასწავლებლად წავიდა და საცხოვრებლად დარჩა.
უკვე 1980 წელს ზაჰამ საკუთარი ბიურო Zaha Hadid Architects გახსნა, კონკურსებში მონაწილეობდა და იმარჯვებდა, თუმცა პროექტები დიდი ხნის მანძილზე ფურცელს არ გასცდენია, მათი სითამამის ეშინოდათ. საკმაოდ დიდხანს ზაჰას ბიურო ავეჯის, ინტერიერის და ფეხსაცმლის დიზაინზეც კი მუშაობდა. ჰადიდის პირველი განხორციელებული ობიექტი გერმანიაში, კომპანია Vitra-ს სახანძრო ნაწილია.
არქიტექტორმა ცნობადობა ცინცინატში, როზენტალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მშენებლობის შემდეგ მოიპოვა. 2004 წელს ზაჰა ჰადიდი არქიტექტურაში უმაღლესი ჯილდოს - პრიტცკერის პრემიის მფლობელი პირველი ქალი გახდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდგარი ჰადიდის ნამუშევრები კოსმიურ არსებებს გვანან. ზაჰა ჰადიდმა დროს გაუსწრო და უამრავი პროექტი დატოვა, რომლებიც მომავალში რეალობად იქცევა.