“პორტერის თბილი ხმა, დამაჯერებლად ზუსტი ტემბრი, უნაკლო ინტონაციები მუდმივი გაცნობის უსასრულო განცდას გვგვრის“ ასე აფასებს BBC Review გრეგორი პორტერის ვოკალს.
13 ნოემბერს, გრეგორი პორტერს, თანამედროვე ამერიკული ჯაზის ლეგენდად ქცეულ მომღერალს თბილისის ჯაზ-ფესტივალი მასპინძლობს.
მისი სტილი მარტივად საცნობია: კლასიკური, ელეგანტური კოსტიუმი შლიაპისა და შარფის თანხლებით. ხავერდოვანი, აფრო-ამერიკული ტემბრი მის მანერას იდეალურად ერგება.
მომღერალი ერთგულ მსმენელს ჯაზის, ფანკის, R&B-ს, ბლუზის და გოსპელის კოქტეილს სთავაზობს.
მომღერალში შთამბეჭდავადაა შერწყმული პროფესიონალიზმი, ხმის იდეალური ფლობა, სცენური არტისტიზმი და იმპროვიზაციის გამაოგნებელი უნარი.
პრეფერანსისა და იაპონური სამზარეულოს მოყვარული გრეგორი მუსიკით ცხოვრობს. „ჯაზი გასაოცრად მრავაფეროვანია. ეს არამხოლოდ არაჩვეულებრივი მუსიკაა სიყვარულზე, არამედ, ხშირად, პროტესტის ფორმა, რომელშიც გაერთიანებულია, სილამაზე, სიამოვნება და ტრაგედია...“
ნატ კინ კოლის პირველად მოსმენისას მუსიკა თითქოს „ესაუბრებოდა“ მას. მუსიკის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა ხუთი წლის პორტერმა თავისი კუმირის ცნობილი სინგლი Once Upon A Time, I Had A Dreamboat შეასრულა. სტუდენტურ წლებში პორტერმა პატარა კლუბებში სიმღერის და სან დიეგოს უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდში თამაშის შეთავსება დაიწყო. მხრის ტრავმის შემდეგ სპორტს ჩამოშორდა და სიმღერას მეტი ყურადღება დაუთმო.
მისი კარიერული წინსვლა 2010 წელს პირველი ალბომით, Water დაიწყო. Water რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის ჯაზ-ალბომების ათეულში შედიოდა.
მომღერალმა მეორე რელიზი, Be Good მსმენელს მეორე წელს წარუდგინა და გრემიც აიღო „საუკეთესო ჯაზ-ვოკალის“ კატეგორიაში.
გრეგორი პორტერი მსახიობურ კარიერაშიც წარმატებულია. ის მონაწილეობს ბროდვეის მიუზიკლში It Aint Nothin But the Blues. ის ოთხჯერ წარადგინეს Tony Award Best Musical თეატრალურ პრემიაზე. პორტერი სისტემატურად მონაწილეობს ცნობილ ამერიკულ ტელე-შოუებსა და ფესტივალებზე. 20016 წლიდან რეგულარულად გამოდის უიტნი მარსალსა და ლინკოლნ-ცენტრის ჯაზ-ორკესტრთან ერთად. ამავდორულად გასტროლებზე აქტიურად დადის.
გრეგორი პორტერის კონცერტზე მოხვედრა დიდი გამართლებაა, რადგან, როგორც New York Times-ი წერს „ მუსიკოსი ფლობს ყველა ინ თვისებას, რომელსაც ჯაზის მომღერალში ეძებთ და კიდევ ერთ-ორს, რომელთა არსებობაზეც წარმოდგენა არ გაქვთ“.