კათოლიკური ეკლესიის პირველი პირი, პაპი ფრანცისკე თბილისშია. მას ჩამოსვლისთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დახვდნენ. აეროპორტიდან პაპი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას ესტუმრა, საიდანაც საპატრიარქოში გადაინაცვლა.
„გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლო საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნიდა სტაბილურ, სამართლიანსა და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების ზრდას და ყველასათვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნას” - გვისურვა პაპმა ფრანცისკემ.
რომის პაპი საზოგადოებას ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება, მესას აღავლენს და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს. იგი დედაქალაქში 2 ოქტომბრამდე, აზერბაიჯანში გამგზავრებამდე დარჩება.
ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს და თბილისის ღირსშესანიშნავ ადგილებს და უძველეს ქალაქ მცხეთას მოინახულებს.
პაპმა ფრანცისკემ საქართველოში ვიზიტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე დააანონსა.