დღეს, თბილისის მერიამ სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გამართა. ხელშეკრულების თანახმად, ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად, 7 თვის განმავლობაში 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.
როგორც მერიაში განმარტავენ, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული და ბუნებრივი აირი მომუშავე ძრავებით იქნება აღჭურვილი.
„ბუნებრივ აირზე საწვავზე მომუშავე ძრავა დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი. ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე“, - აცხადებენ მერიაში.
ახალი 30 დასაჯდომი ადგილის მქონე ავტობუსები გრძელ მანძილზე და დიდი გამავლობის ქუჩებში იმოძრავებენ. ავტობუსს 85 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.