გუშინ დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის პირველი წინასაარჩევნო დებატები გაიმართა. გთავაზობთ კანდიდატების რამდენიმე გონებამახვილურ და საინტერესო ციტატას.
ტრამპი: „მე მინდა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო. მე კი შევძლებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჰილარის გამოუვა. მაგრამ თუ ის გაიმარჯვებს, მთლიანად მხარს დავუჭერ“.
შენიშვნა: Make America Great Again ( გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი) ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანია. დონალდი ხშირად ჩნდება პუბლიკის წინაშე წითელ კეპზე ამოქარგული სლოგანით.
ტრამპი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე: „მე მოვლენების ცენტრში ვიყავი მაშინ, როდესაც შენ შინ ჯდომა ამჯობინე“.
კლინტონი: „მგონი, დონალდმა ახლახან მისაყვედურა, რომ ამ დებატებისთვის ვემზადებოდი. დიახ, ვემზადებოდი, და კიდევ იცით, რისთვის ვემზადები? იმისთვის, რომ ამერიკის პრეზიდენტი გავხდე“.
შენიშვნა: დებატებამდე ერთი კვირით ადრე, ჰილარი ჰოლიტიკური ასპარეზიდან გაქრა. ამ დროს დონალდი პოლიციელებს ხვდებოდა და გადამეტებულ ძალადობაზე ესაუბრებოდა.
კლინტონი: „მე არ მჯერა, რომ ტრამპი ოდესმე გამოაქვეყნებს საგადასახადო დეკლარაციას, იმიტომ, რომ რაღაცას გვიმალავს“.
ტრამპი: „გამოვაქვეყნებ, მიუხედავად იმისა რას მირჩევს ჩემი იურისტი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰილარი გამოაქვეყნებს 33 000 წერილს, რომელიც წაშალა“.
შენიშვნა: ამერიკაში დღემდე მსჯელობენ, თუ რა ქონების პატრონია დონალდ ტრამპი. თავად კანდიდატი 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს ასახელებს. ამავდროულად, რეგულარულად ვრცელდება ხმები მისი გაკოტრების შესახებ, რაც, შესაძლოა სიმართლე იყოს, რადგან დონალდ ტრამპი და მისი კომპანია უკვე ოთხჯერ გაკოტრდა.
რაც შეეხება, ჰილარის წერილებს. 2009-2013 წლებში სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში კლინტონი მიმოწერას პირადი ფოსტით ახორციელებდა. წერილების უმეტესობა დღემდე გრიფით „განსაკუთრებით საიდუმლო“ ინახება.