დღეს, საქართველო ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას „შველი წყლის პირას“ შეემატა. ნახატი ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად „ქართუ ჯგუფმა“ გადასცა. „შველი წყლის პირას“ ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა რის შემდეგად, იმავე წელს, Sotheby-ს აუქციონზე გაიყიდა, რამდენიმე წელიწადში კი ქართუ ჯგუფმა შეიძინა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას ნახატის დაბრუნება მიულოცა.
„შველი წყლის პირას“ მსახიობმა თამარ ციციშვილმა და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილმა ერთ საღამოს, სეირნობისას სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. ისინი უცხო სახლთან შეჩერდნენ, რომლის მასპინძელმაც მსახიობი იცნო და სახლში შეიპატიჟა. თამარ ციციშვილი ძალიან კარგად იცნობდა ფიროსმანის ხელწერას, და კედელზე ჩამოკიდული ნახატი მაშინვე შენიშნა. თამარმა ოჯახს ნამუშევრის მიყიდვა სთხოვა, მასპინძელმა გაყიდვაზე უარი უთხრა და ნახატი მსახიობს აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანაშვილს შველი რამდენჯერმე ჰყავს დახატული, თუმცა აღნიშნული ნამუშევარი საუკეთესო ვერსიად მიიჩნევა.
მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მომდევნო შაბათ-კვირას მსურველებს ფიროსმანის ნამუშევრის უფასოდ ნახვა შეეძლებათ.