ბრიტანული გაზეთი “The guardian” თბილისის კლუბურ ცხოვრებაზე წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი “Fabric” დაიხურა, ლონდონის ერთ დროს დიდებული კლუბური კულტურა არც ისე კარგ მდგომარეობაშია - ასეთი მნიშვნელოვანი ადგილის დახურვა ლონდონის მრავალფეროვნების განადგურების ახალი ეტაპია.
როგორც ავტორი წერს, კლუბური ცხოვრების მოყვარულები ბერლინს შურით უყურებდნენ, რადგან ლონდონისგან განსხვავებით, ბერლინის ადგილობრივი ხელისუფლება კლუბურ ცხოვრებას ქალაქის კულტურის ცენტრალურ ნაწილად აფასებს. “თუმცა, მაშინ, როცა ლონდონის კლუბები სასიკვდილო ფაზაში შედის, აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ერა იწყება. Luzztro ვარშავაში, ARMA17 მოსკოვში და Mtkvarze თბილისში - საბჭოთა კავშირის დროინდელი თევზის რესტორნიდან ღამის კლუბად გარდაქმნილი ადგილი, რომელიც მდინარის პირასაა განთავსებული. აქ მხოლოდ ადგილი და მუსიკა არაა - აქ შეკრებილი ხალხისგან იგრძნობა, რომ ეს რაღაც ახალი, ამაღელვებელი, და პოზიტიურია.
ახლახანს Resident advisor-ზე გამოქვეყნებული სტატია თბილისის შესახებ დიდი ბრიტანეთის ონლაინ სივრცეში ძალიან ფართოდ გავრცელდა. სოციალურ მედიაში ღირსშესანიშნავ ფაქტად მიიჩნიეს ის, რომ ახალგაზრდები პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან კარგ მუსიკას უსმენენ და ისეთ კლუბურ ცხოვრებას ეწევიან, რომელიც საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს” - აღნიშნავს ჟურნალისტი.
სტატიაში ასევე აღწერილია ღამის კლუბი “Bassiani”, სადაც საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე მთავარ დიჯეებთან ერთად ადგილობრივი ტალანტებიც უკრავენ. ავტორი აღნიშნულ ქალაქებს ბერლინს ადარებს და ამბობს, რომ ჩამოთვლილი კლუბები იმ ჯადოსნურ ინგრედიენტებს გვიზიარებენ, რომლებიც ბერლინს კლუბური ცხოვრების აყვავებაში დაეხმარა: იაფი ქირა, დიდი სივრცე, რომელიც ხშირად კომუნისტების დროინდელ, გამოუყენებელ შენობებშია მოქცეული და კრეატიული, გონებაგახსნილი ახალგაზრდები. “ღარიბი, მაგრამ სექსუალური” - ასე აფასებს THE GUARDIAN თბილისსა და ჩამოთვლილ ორ ქალაქს.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მათ გარკვეული პრობლემები, მაგრამ ტექნო სცენა - ძალიან ჯანსაღი აქვს. ეს კლუბები ყველაფერ იმის ნავსაყუდელია, რაც გარეთ ხდება - ჰომოფობიის, ნაციონალიზმისა და კიევის შემთხვევაში, ომის ჩათვლით. სტატიას უფლებადამცველისა და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კამპანიის ხელმძღვანელის, პაატა საბელაშვილის კომენტარი ახლავს, რომელმაც ავტორთან “Bassiani”-სკენ მიმავალ გზაზე, საუბრისას განაცხადა - “ახალგაზრდებს სჭირდებათ ეს კლუბები უფრო მეტად, ვიდრე დასავლეთში. ისეთ კონსერვატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხვდებით, რატომაც”.
ანდერგრაუნდ კლუბის სცენები ნათელი მაგალითია იმისა, რომ იქ ახალგაზრდა, ინოვაციური ადამიანების ბირთვია. ადამიანების, რომლებსაც სურთ, რომ აქ დარჩნენ და რაიმე შექმნან. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადა და როგორც პოსტ-საბჭოთა პირველი თაობა, ისინი ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ეს არის თაობა, რომელიც წარსულის მაგივრად წინ იხედება და ბევრი მათგანისთვის, ტექნო მათი მომავლის საუნდტრეკია.