"ნაქსოვი ტანსაცმლის დედოფლად" აღიარებული, ფრანგი მოდის დიზაინერი, სონია რიკიელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დიზაინერს რადმენიმე თვის წინ, ექიმებმა პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუდგინეს.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს სონია რიკიელის შვილმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნატალი რიკიელმა განუცხადა: „დღეს (25.08.2016) დილის 05:00 საათზე, პარიზში, მისივე სახლში დედაჩემი, პარკინსონის დაავადებამ იმსხვერპლა.“
დიზაინერის ოჯახს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც მიუსამძიმრა.
სონია რიკიელი ეთნიკურად პოლონელი-ებრაელი იყო. დაიბადა 1930 წელს პარიზში. 17 წლის ასაკში, სონია პარიზული ტექსტილის მაღაზიის ვიტრინების გასაფორმებლად დაიქირავეს.
მოგვიანებით, იგი ცოლად გაჰყვა ბუტიკის მეპატრონეს, რომელიც ელეგანტურ ტანსაცმელს ყიდდა. 1962 წელს, როდესაც სონია ფეხმძიმედ იყო, მან ვერ იპოვა ვერცერთი სვიტერი, რომელიც ორსულ ქალს მოუხდებოდა. ამიტომაც, მან მისი მეუღლის ვენეციელი მომწოდებლების მომსახურებით ისარგებლა და საკუთარი ტანისამოსი შექმნა.
ძალიან მალე სონია რიკიელმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი და ის დღემდე ნაქსოვი ტანსაცმლის დედოფლად არის აღიარებული.