კონცერტამდე სამი დღით ადრე საქართველოს მომღერალი ქრისტინა აგილერა ესტუმრა. მისი თვითმფრინავი გუშინ ღამით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 16 საათიანი ფრენის შემდეგ, მსოფლიო ვარსკვლავი ორმოცკაციან ჯგუფთან ერთად ბათუმში, სასტუმრო Hilton-ში გაჩერდა.
როგორც Black Sea Arena-ს დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ განაცხადა, მომღერალმა უკვე დააგემოვნა ქართული კერძები. სამი დღის განმავლობაში ქრისტინა აგილერა და ბენდის წევრები დაათვალიერებენ ბათუმს და გაეცნობიან ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს, Black Sea Arena-ს სცენა ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერტს დაეთმობა. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი ქართველ მსმენელს დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს აჩუქებს.
მომღერალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს TOP მუსიკოსებს შორის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას დღემდე ინარჩუნებს, საქართველოს პირველად ეწვია. კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.