1 წლის წინ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.
გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა; კერძოდ, ავტობანის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ნასახლარი და უნიკალური ღუმელი. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა საგზაო დეპარტამენტმა. ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება უგულებელყოფილი იყო - ობიექტის დიდი ნაწილი გზის მშენებლობას შეეწირა.
გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.
ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.