დღეს 14:00 საათზე, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi-ში Black Sea Arena-ს ხელძღვანელობამ პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საკონცერტო დარბაზის გახსნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და დეტალები გამჟღავნდა.
30 ივლისს, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერტს დაეთმობა. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი ქართველ მსმენელს დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს აჩუქებს.
მომღერალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს TOP მუსიკოსებს შორის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას დღემდე ინარჩუნებს, საქართველოს პირველად ეწვევა და მსმენელის წინაშე ყველასთვის ცნობილ საკუთარ ჰიტებს შეასრულებს.
კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.
თანამედროვე პოპ მუსიკის სიმბოლო, ქრისტინა აგილერა კრიტიკოსების აზრით, საუკეთესო ვოკალის მქონე შემსრულებელია. მას 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული და 60 მილიონ ეგზემპლარზე მეტი აქვს გაყიდული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქრისტინა აგილერას კონცერტის ბილეთების გაყიდვა Online რეჟიმში www.tkt.ge-ზე 12 ივლისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.