გუშინ, ტრადიციულად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტ-გენი 2016“-ი ოფიციალურად გაიხსნა, ღონისძიება 17 ივლისამდე გაგრძელდება. რვა დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკის ჯგუფებისა და შემსურულებლების მონაწილეობით. წელს ფესტივალის მთავარი თემაა: „დავუბრუნდეთ სოფელს“.
დღეს, 11 ივლისს - „არტ-გენზე“ მისულ სტუმრებს ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი ელოდება;
12 ივლისს - გურია, მცხეთა მთიანეთის და ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტი;
13 ივლისს - ქვემო ქართლის, ასევე ლეჩხუმის ფოლკლორი და ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტი;
14 ივლისს - იმერეთის წარდგენის შემდეგ, ფესტივალის მეოთხე დღე რობი კუხიანიძის და "აუტსაიდერის" კონცერტით გაგრძელდება;
15 ივლისს - ფოლკლორული ნაწილი პანკისს და თუშეთს დაეთმობა. დღის ბოლოს კი ჯგუფ „ფრანის“ კონცერტი გაიმართება;
16 ივლისს - მაყურებელს ნინო ქათამაძის დ ინსაითის კონცერტი ელოდება. ფოლკლორულ ნაწილს აჭარის რეგიონი წარადგენს;
17 ივლისს - „არტ-გენი 2016“-ის ბოლო დღეს ფესტივალი ტრადიციულად ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი „33 ა“-ს კონცერტით დაიხურება.
„ჩექინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით „არტ-გენმა“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში.