ფსიქოფიზიოლოგმა და ჰირუდოლოგმა მანანა გოგსაძე-ოქრომჭედლიშვილმა ახალი წიგნი წარმოადგინა, სახელწოდებით ,,ვიპოვოთ ბედნიერება - ეს აუცილებელია“. ეს წიგნი ავტორის მეორე ნამუშევარია, პირველი წიგნი ,,დავიბრუნოთ ჯანმრთელობა - ეს შესაძლებელია", - ფიზიკური სხეულის ჯანმრთელობის თემას ეხება.
„თითოეული ადამიანი, როგორც სამყაროს განუყოფელი ნაწილი და უფლის ყველაზე სრულყოფილი ქმნილება, სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერებისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად. იგი საკუთარი ბედის განმკარგავია, მასზეა დამოკიდებული არჩევანი - იყოს ჯანმრთელი, წარმატებული, ბედნიერი, ჰქონდეს ჰარმონიული ცხოვრება და თუ თქვენი არჩევანიც ასეთი ცხოვრებაა, წიგნი ,,ვიპოვოთ ბედნიერება - ეს აუცილებელია" თქვენი გზამკვლევი იქნება.
ბედნიერება, მისი უმაღლესი გამოვლინებით, არის მსახურება - როდესაც სამყაროსთვის და კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანა შეგიძლია, როდესაც შეგიძლია გასცე სითბო, სიყვარული, სიკეთე, მატერიალური სახის მხარდაჭერა, მაგრამ, რომ გასცე, ჯერ თვითონ უნდა გქონდეს - თუ თვითონ არ გვაქვს ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გასაცემიც არაფერი გექნება. ამიტომ ჯერ ბედნიერების საბაზისო მდგომარეობას უნდა მივაღწიოთ - უნდა ვიყოთ ჯანმრთელი, მატერიალურად უზრუნველყოფილი, გვქონდეს კარგად დალაგებული ადამიანური ურთიერთობები, თავს ვგრძნობდეთ უსაფრთხოდ, დაცულად, იმედიანად, მშვიდად, ვიცნობდეთ და გვიყვარდეს საკუთარი თავი. ამის შემდეგ შევძლებთ შევიგრძნოთ ის სრული ბედნიერება, რაც მსახურებას და ქველმოქმედებას მოაქვს.
თუ თქვენ გიჩნდებათ კითხვები: რატომაა ზოგი ადამიანი ჯანმრთელი, ზოგი არა, ზოგი წარმატებული, ზოგიც - არა, რატომაა ერთი და იგივე სიტუაციაში, ერთი ადამიანი ბედნიერია, მეორე არა, როგორ გავხდეთ ჯანმრთელი, წარმატებული, როგორ დავალაგოთ ურთიერთობები, როგორ მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ სასიამოვნო მოვლენები, მატერიალური სიმდიდრე და მისი გამოხატულება ფული, როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა - ყველა ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ“, - განაცხადა ავტორმა მანანა გოგსაძე - ოქრომჭედლიშვილმა, რომელიც 12 წელია ადამიანების სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის სფეროს ემსახურება და ხელმძღვანელობს ნატურალური მედიცინის ცენტრ ,,ჰირუდას''.
წიგნების შეძენა შესაძლებელია: ,,ბიბლუსში'', ,,პარნასში'', ,,სამშობლოში".