გუშინ დილით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ქართულმა მხარემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გულთბილი დახვედრა მოუწყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს, რის შემდეგაც ძველი თბილისის ქუჩებში გაისეირნა და ქართული კერძები დააგემოვნა. ჯონ კერის რესტორანმა „შარდენის 12“-მა უმასპინძლა. როგორც რესტორნის მეპატრონემ ნიკა მანჯგალაძემ გაგვიმხილა, სახელმწიფო მდივანს ქართული კერძები იმდენად მოეწონა, რომ განსაზღვრული ნახევარი საათის ნაცვლად, „შარდენის 12“-ში ერთ საათზე მეტხანს გაჩერდა.
ვიზიტისთვის განკუთვნილ მენიუში ძირითადად ქართული კერძები იყო წარმოდგენილი:
ხაჭაპური, ლობიანი, ქართული კანაპე (ფხალეული), მჭადი, საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში მომზადებული ყველის ასორტი, ტრადიციული ქართული სალათი, მწვადი და ქართული ღვინო. ჯონ კერიმ „ხაშმის საფერავი“ და „კონდოლის რქაწითელი“ დააგემოვნა. განსაკუთრებული მოწონება კი, ქართულმა ნუგბარმა დაიმსახურა.
OK!-მ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ქართველი პოლიტიკოსების ჩაცმის სტილი და ეტიკეტიც შეაფასა, რაზეც სპეციალურად OK!-ს Fashion რედაქტორმა გვანცა სალაყაიამ ისაუბრა:
„ოფიციალურ შეხვედრებზე ჩაცმის სტილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამ დროს უდიდესი ყურადღება ექცევა სამოსის ფერს და ჰალსტუხს, რაც ყოველთვის გარკვეული მესიჯის მატარებელია.
ჯონ კერის ვიზიტისას, თავად სახელმწიფო მდივანსაც და მასპინძელი მამაკაცების უმრავლესობას ლურჯი ფერის სხვადასხვა ტონალობის ჰალსტუხი ეკეთა, რაც ყველაზე უსაფრთხო ფერია. ზოგადად, ლურჯი ფერი ნდობის, გულწრფელობის, დამაჯერებლობისა და პასუხისმგებობის მესიჯის მატარებელია, ასევე, აღნიშნავს სიმშვიდეს და თავშეკავებულობას, ხაზს უსვამს მამაკაცის ზრდასრულობას და ელეგანტურობას. ის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფერია ოფიციალურ შეხვედრებზე. ხშირ შემთხვევაში, საქმიანი ადამიანები სწორედ ამ ფერის ჰალსტუხს აქცევენ ყურადღებას.
კერის მუქი ლურჯ-იასამნისფერი ტონალობის პიჯაკი და სამოსი ემოსა, რაც მე პირადად, ძალიან მომეწონა. ფერების ეს გადანაწილება პოლიტიკოსის დახვეწილ სტილსა და ტენდენციობას უსვამდა ხაზს.
ოფიციალურ შეხვედრაზე ჩაცმის ეტიკეტის დაცვით ქალბატონები დიდად ვერ გამოირჩეოდნენ, ამ შემთხვევაში გამონაკლისი იყო საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის ნინო ნანიტაშვილის ჩაცმულობა, რომელსაც მუქი შინდისფერი სამოსი და შავი პიჯაკი ემოსა“ - განაცხადა OK!-ს Fashion რედაქტორმა.