ბათუმი ზაფხულის სეზონს ყველაზე მასშტაბური ღონისძიებით - Maroon 5-ის კონცერტით იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ზღვისპირა ქალაქი დამსვენებლებით ივსება.
ხვალინდელ კონცერტთან დაკავშირებით, რადიო OKFM-ს პირდაპირ ეთერში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ კახა კანდელაკმა ისაუბრა:
„ბოლო 4 დღეა, ბათუმი გადავსებულია, სულ რამდენიმე დღის წინ კი, ქალაქში ძალიან ცოტა ხალხს თუ შენიშნავდით. ბევრი ტურისტი ჩამოვიდა. ბილეთები 10 000-მდე უცხოელმა მსმენელმა იყიდა. ქობულეთიდან კვარიათამდე, ბინები თითქმის აღარ არის დარჩენილი. სულ, ჯამში, 30 000-მდე ბილეთია გაყიდული. ამჟამად დარჩენილია 600-მდე 40-ლარინი ბილეთი, ასე რომ, ის მითი, რომ ბილეთები საერთოდ აღარ არის, ტყუილია. გულშემატკივრებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ დაესწრონ მათი საყვარელი ჯგუფის Live-ს.
რაც შეეხება გადამყიდველებს, tkt.ge-ს ჰქონდა დაწესებული ლიმიტი. ერთი ადამინი 10 ბილეთზე მეტს ვერ იყიდიდა, შესაბამისად, არავის ეგონოს, რომ ბილეთები რომელიმე კომპანიამ შეიძინა და ის ორმაგ ფასად ყიდის. გადამყიდველების პრაქტიკა, მხოლოდ საქართველოში არ არსებობს, ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. სწორედ იმიტომ, რომ მათი მხრიდან ბილეთების კოლოსარულ თანხამდე გაძვირება არ მომხდარიყო, დავაწესეთ ლიმიტი და ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.
ბათუმი უკვე სრულ მზადყოფნაშია და ნელ-ნელა უფრო ივსება სტუმრებით. სრული დატვირთვით მუშაობა კაფე-რესტორნები და სხვადასხვა გასართობი დაწესებულებები. ეს ყველაფერი კი, წლევანდელ სეზონზე აჭარის მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის საუკეთესო გარანტიას იძლევა და ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“,- განაცხადა კახა კანდელაკმა.