X Factor-ის მესამე „ლაივისთვის“ ნინა სუბლატი და მის კატეგორიაში დარჩენილი ერთადერთი გოგონა, ნინა ყიფშიძე აქტიურად ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ ნინა პირველ „ლაივზე“ აუტსაიდერი აღმოჩნდა, მან მეორე კონცერტისთვის მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა და მეორე ადგილზე გავიდა.
როგორც თავად ნინა ყიფშიძემ, ჩვენს წინა ინტერვიუში აღნიშნა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი თითოეული გამოსვლა საუკეთესო იყოს.
OK! დაინტერესდა, როგორი იყო ნინა სუბლატის ჩართულობა მისი კონკურსანტის „ლაივისთვის“ მოსამზადებელ პროცესში, რაზეც ნინა საკმაოდ ვრცლად გვესაუბრა.
„ნინა და მე მესამე “ლაივისთვის” დიდი მონდომებით ვემზადებით. შევარჩიეთ ძალიან ცნობილი და ბევრისთვის, მათ შორის, ჩვენთვისაც ძალიან საყვარელი სიმღერა, რომელსაც ნინა იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 15 წლისაა, ძალიან სიღრმისეულად ასრულებს და მჯერა, რომ მაყურებელი და მსმენელი მის მიმართ გულგრილი ვერ დარჩება. ყოველ ტურზე ვცდილობ, რომ მისი იმიჯი სიმღერიდან გამომდინარე აეწყოს და ეს ასეც ხდება: პირველ კონცერტზე მას გრძელი კაბა ემოსა, მეორე „ლაივზე“ უფრო მკაცრ იმიჯზე შევჯერდით, ახლაც სწორედ ისეთი იმიჯი შევარჩიეთ, რომელიც სიმღერასაც და ნინასაც უხდება. პირადად მე, ჩემსა და ნინას შორის მსგავსებას ვერ ვხედავ, შესაძლოა არის რაღაცები - თუნდაც პიროვნული თვისებები, მაგრამ როგორც არტისტები, ერთმანეთს ნამდვილად არ ვგავართ. მას სრულიად განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს, მანერაც მისთვის დამახასიათებელი.
მე როგორც მენტორი, ნინას მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე მივუთითებ შესრულების დროს და არანაირად არ ვერევი მის მანერაში. მანერა მომღერლისთვის მნიშვნელოვანი რამაა და ის ყოველთვის ძალიან ორგანული უნდა იყოს. ეს ყველაფერი როგორც მუსიკოსს და მომღერალს ძალიან კარგად მესმის, ამიტომ მის პირად სივრცეში არასდროს ვიჭრები და ამ მხრივ, ნინას სრული თავისუფლება აქვს. შესაძლოა, უფრო მეტად სტილისტური მსგავსება იყოს კოსტიუმების თვალსაზრისით, რადგან აქაც ერთად ვარჩევთ რა ჩაიცვას. მისთვის ჩემი საკონცერტო გარდერობიც ღიაა და ამიტომ შეიძლება რაღაც დეტალები დაემთხვას, თუმცა, მთავარი ის არის, რომ როგორც შემსრულებელი ის აბსოლუტურად განსხვავებული და ძალიან ინდივიდუალურია“, - განაცხადა ნინა სუბლატმა ჩვენთან საუბრისას.