Moby თბილისში ვეგანური კაფე Kiwi-ს დარბევას ეხმაურება. "გილოცავთ @kiwicafetbilisi იმას, რომ ულტრანაციონალისტებს წინ აღუდექით და იმას, რომ საქართველოში ვეგანობის, ტოლერანტობისა და ადამიანთა უფლებების დამცველები ხართ" – წერს ამერიკელი მუსიკოსი.
ვარსკვლავის ამ პოსტს Facebook-ზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში, რა თქმა უნდა, ბევრ ქართველს შეხვდებით...
შეგახსენებთ, რომ ვეგანურ კაფე "Kiwi"-ს 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს. ულტრანაციონალისტებმა იქ მყოფ ადამიანებს შემწვარი ხორცი და სოსისები ესროლეს. თავდამსმხმელები მანამ გაუჩინარდნენ, სანამ პოლიცია შემთხვევის ადგილამდე მიაღწევდა. დაზარალებულების თქმით, ეს ნეონაცისტების ოინებია: "ისინი ვერ იტანენ ჩვენი ცხოვრების სტილს; იმას, თუ როგორ გამოვიყურებით, რა მუსიკას ვუსმენთ, რა იდეებს ვემხრობით; იმას, რომ ხორცს არ ვჭამთ და იმას, რომ ყოველთვის ვიცავთ სექსუალური უმცირესობების უფლებებს!".
Kiwi-ს მხარდამჭერების თქმით, ერთადერთი, რითაც სოლიდარობის გამოთქმაა შესაძლებელი, ამ კაფეში სიარულია. "ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ გვერდით დაგვიდგეთ და დაგვეხმაროთ, თუნდაც უბრალოდ კაფეში ვიზიტით. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვიქნებით, თუ მოხვალთ, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ ისინი, ვისაც გვაღელვებს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი" - წერია Kiwi-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შემთხვევას BBC-ც გამოეხმაურა, რაზეც OK!-მ უკვე გაცნობათ. ინფორმაციის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს.