სულ რაღაც ერთ კვირაში ბათუმის „საოცრებათა პარკი“ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ლეგენდარული ამერიკული პოპროკ ჯგუფი, Maroon 5 ქართველ გულშემატკივრებთან შესახვედრად ემზადება. როგორც OK!-ს check in Georgia-ს ორგანიზატორებმა აცნობეს, ბათუმში, „საოცრებათა პარკის“ ტერიტორია უკვე შემოღობილია და მალე სცენის აწყობა დაიწყება. ცნობილია, რომ ბათუმის ცენტრში სწორედ ის სცენა აშენდება, რომელმაც 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსს უმასპინძლა.
OK! აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის კოორდინატორს, მერი ემირიძეს ესაუბრა, რომელმაც ქალაქის სამზადისთან დაკავშირებით ვრცლად მოგვიყვა:
„7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტთან დაკავშირებით, ტურისტების მხირდან სასტუმროებზე ჯავშნების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქალაქში რთულად თუ მოიძიებთ სასტუმროს თავისუფალ ნომერს. საუბარი მაქვს როგორც მაღალი კლასის სასტუმროებზე, ასევე, შედარებით დაბალი ვარსკვლავის მქონე სასტუმროებზე, ჰოსტელებსა და „გესთ ჰაუსებზე“. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ამ დროისათვის ბათუმის სასტუმროებში თავისუფალი ადგილები აღარ არის.
ბათუმის ტურიზმის დეპატრამენტმა, წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით აქტიური PR კამპანია აწარმოა მთელ მსოფლიოში, რაზეც ასევე დიდი გავლენა მოახდინა Maroon 5-ის ბათუმში ვიზიტმაც. 10 ქვეყნიდან ტურისტების შემოდინების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, საბერძნეთი, ლატვია, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ბათუმი მსოფლიო ვარკვლავის მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაშია. 7 ივნისისთვის სრულიად დასრულებული იქნება ყველა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარეობს. მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს ყველა კვების ობიექტი, კაფე-რესტორნები და ბარები. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ბათუმში კონცერტთან დაკავშირებით გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს არანაირი დისკომფორტი არ შეექმნებათ“, - ანაცხადა მერი ემირიძემ.