გუგა ჭყონიამ, რომელსაც ქართული საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ნიჭიერ ბითბოქსერს, "ჩემი ცოლის დაქალების" ქუდის მუსიკა შეასრულა. ვიდეო, რომელშიც ბითბოქსერი ყველასათვის საყვარელ და ნაცნობ მელოდიას "მღერის", Facebook-ზე გამოქვეყნდა და უკვე 2000-მდე მოწონება და საოცარი შეფასებები დაიმსახურა. ანალოგიური გამოხმაურება ხვდა წილად "ჩემი ცოლის დაქალების" გვერდზე გაზიარებულ ნამუშევარსაც. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ყველა მუსიკალური ინსტრუმენტის როლს თავად ავტორი ასრულებს!
OK! გუგა ჭყონიას დაუკავშირდა და ამ ნამუშევრისა და ბითბოქსერის სამომავლო გეგმების შესახებ მეტი შეიტყო. "იდეა იქიდან გამომდინარე გაჩნდა, რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, ჩემი შემოქმედება მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის იყოს საინტერესო. ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და ამ სერიალის ქუდი ჩემთვის საინტერესო შესასრულებელი იყო," - აღნიშნა გუგამ ჩვენთან საუბრისას, - "ნამუშევარი დაახლოებით სამ დღეში მოვამზადე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გამომდინარე იქიდან, რომ ორი დღეა დავასრულე წინა ვიდეო, ჯერჯერობით მომდევნო პროექტის იდეა არ მომიფიქრებია, მაგრამ ფიქრის პროცესი უკვე მიმდინაეობს :) უახლოეს მომავალში გულშემატკივარს ვპირდები ბევრ ახალ და საინტერესო ვიდეოს. მალე მათ წინაშე უფრო აქტიურად წარვდგები და კონცერტებზეც უფრო ხშირად გამოვჩნდები".
შეგახსენებთ, რომ გუგა ჭყონია საზოგადოებამ დაახლოებით ექვსი წლის წინ, "ნიჭიერში" გამოსვლით გაიცნო. მას შემდეგ ბითბოქსერი მსმენელებს მუდმივად ანებივრებს ახალ-ახალი ნამუშევრებით. OK! გუგას წარმატებებსა და კიდევ ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს უსურვებს.