“კორ სტანდარტ ბანკი” სახელს იცვლის - 17 წლიანი საბანკო მოღვაწეობის შემდეგ ბანკი ბაზარზე ახალი სახელით გამოდის. “ტერაბანკი” - განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურება, უშუალო და მყუდრო გარემო. შეცვლილი სახელით, ფერებითა და ინტერიერით “ტერაბანკის” ავლაბრის ფილიალი საზეიმო ვითარებაში ბანკის აქციონერთა ჯგუფის წევრებმა, გენერალურმა დირექტორმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნეს.
„დასრულდა რებრენდინგის პროცესი “კორ სტანდარტ ბანკში” და დღეს შესაძლებლობა გვაქვს, ვუმასპინძლოთ სტუმრებს ჩვენს ფინანსურს სახლში - “ტერაბანკში”. ეს არის ერთადერთი ბანკი, რომელიც სახლის მსგავსად მყუდრო და თბილი დეკორით არის მოწყობილი. აქ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მომხმარებელმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება მყუდრო და კომფორტულ გარემოში მიიღონ. ველით მომხმარებლებს “ტერაბანკში” და იმედი გვაქვს მათგან პოზიტიურ შეფასებებს დავიმსახურებთ“ - განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა - თეა ლორთქიფანიძემ.
პირველ ეტაპზე მომხმარებელს პეკინისა და ავლაბრის განახლებული ფილიალები უმასპინძლებენ. სახლის მსგავსად მოწყობილ ინტერიერში ბუხარი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ფოტოებია. “ტერაბანკში” ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა საბანკო მომსახურება კომფორტულ და მისთვის ახლობელ გარემოში მიიღოს.
„ჩვენ აქ ვნახეთ ნამდვილად უმაღლესი ხარისხის დიზაინი. რაც გვარწმუნებს იმაში, რომ აქ მოსული მომხმარებელი მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და შესაბამისად, ეს კარგად აისახება მთლიანად საბანკო სექტორზე.“ - განაცხადა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სწორედ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება გახდა რებრენდინგის დაწყების მთავარი მიზეზი. ერთი წლის წინ ბანკის ბიზნესტრატეგია შეიცვალა და ძირითად სამიზნე აუდიტორიად მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანკის იერსახის, საკომუნიკაციო სტილისა და ინტერიერის ცვლილება, იმისათვის რომ აღნიშნული სეგმენტისათვის ხარისხიანი საბანკო მომსახურების გაწევა მათთვის კომფორტულ გარემოში მომხდარიყო.
ბანკის რებრენდინგს მხარი დაუჭირა დამფუძნებლებმა და სამეთვალყურეო კომპანიამ - დაბი ჯგუფმა. “ტერაბანკის” ძირითადი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი - ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანია. ნაჰაიანი საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას ფლობს და როგორც ცნობილია ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს.