2017 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა უკრაინა გახდა, რაც წლევანდელ ფესტივალზე უკრაინის წარმოადგენლის, ჯამალას დამსახურებით მოხდა.
ევროფესტივალის უკრაინაში გამათვასთან დაკავშირებით, ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა გენადი ზუბკომ, უკრაინული ტელევიზიის „მეხუთე არხის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროფესტივალის მასპინძლობა ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის არა მხოლოდ შოუ, არამედ, უდიდესი შანსი საკუთარ ქვეყანაში მოიზიდო ინვესტორები.
„უკრაინამ დამსახურებულად მიიღო ევროფესტივალის მასპინძლობის უფლება. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ შანსს დაკარგავს და ევროვიზია 2017 უკრაინაში არ ჩატარდება? ევროფესტივალის მასპინძლობით დავამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესოა და მზად ვართ მივიღოთ ეს ინვესტიციები მთელი მსოფლიოდან“, - განაცხადა გენადი ზუბკომ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ, ევროფესტივალის უკრაინაში გამართვასთან დაკავშირებით, კომენტარი ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ალექსანდე დანილუკმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროფესტივალის მასპინძლობა ყველა ქვეყნისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა და უკრაინამ ეს ფინანსები კარგად უნდა გათვალოს. იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებულ საჭირო თანხებს ვერ გამოყოფს, შესაძლოა მასპინძლობის უფლება სხვა ქვეყანას გადააბაროს.