მიუხედავად იმისა, რომ ქართული ანიმაციური ფილმებით განებივრებულნი ნამდვილად არ ვართ, ეს წელი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ქართველი მაყურებელი 3D ფორმატში გადაღებული პირველი ქართული ანიმაციის "ჯინოს" ნახვას შეძლებს.
ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს, რომლებიც იძულებული არიან ახალი საბინადრო ადგილი ეძებონ. ჯინო, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეზობლებს უპირისპირდება და საკუთარ ეზოში გამოკეტვით ცდილობს პრობლემებისგან თავის დაღწევას.
"როდესაც ადამიანის მიერ შექმნილს ვანადგურებთ - ამას ვანდალიზმს ვუწოდებთ. ბუნების ქმნილების განადგურებას კი - როგრესს ვეძახით" - ედ ბერგელი.
"ედ ბერგლის ამ გამონათქვამმა დიდი მოტივაცია მოგვცა ამ პროექტის განხორციელებისათვის. ტექნიკური განვითარების ეპოქაში ჩვენ ხშირად გვავიწყდება ბუნების მნიშვნელობა და არ ვაცნობიერებთ იმ ზიანს, რომელსაც საკუთარ თავს ვაყენებთ. ეს ანიმაცია ბავშვებს ბუნების გაფრთხილებას ასწავლის. რაც შეეხება უფროსებს, ზოგიერთს ეს ფილმი გამოაფხიზლებს, ზოგისთვის კი - ბავშვების აღზრდაში დამხმარე საშუალებად იქცევა. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი "ჯინო" დაეხმარება მაყურებლებს იმის გაცნობიერებაში, რომ ყოველი ჩვენგანი საზოგადოების, ქვეყნის, მსოფლიოს ნაწილია და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას აუცილებლად დამღუპველი შედეგი მოყვება.
რთულ და მნიშვნელოვან თემებზე ბავშვებთან სასაუბროდ საინტერესო და სახალისო ფორმა უნდა ვეძებოთ და ანიმაცია ამ შემთხვევაში იდეალური გადაწყვეტილებაა. მიმზიდველი და მხიარული პერსონაჟები, მათი საინტერესო თავგადასავალი, მრავალფეროვანი გარემო, ორიგინალური მუსიკა და ხმოვანი ეფექტები _ ეს ყველაფერი იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ეს ფილმი მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოექცევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ფილმს მაყურებელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ეყოლება.
პროექტზე მუშაობა 2012 წელს დავიწყეთ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და რობერტ ბოშის ფონდის ორგანიზებით ჩატარებულ თბილისის პროექტების ბაზრობაზე. რეჟისორი დათო კიკნაველიძე და ახალგაზრდა პროდიუსერი ლელა აქიაშვილი 2012 წლის ივლისში შეხვდნენ გერმანელ პროდიუსერს ანნე კატრინ ლივრენსს, რომელთან თანამშრომლობითაც განაგრძეს პროექტზე მუშაობა და შედეგად, ჯერ რობერტ ბოშის ფონდის პრიზზე ნომინირება მოიპოვეს, ხოლო 2013 წლის აპრილში, ვისბადენში, რობერტ ბოშის პრიზის გამარჯვებულები გახდნენ. ეს გამარჯვება იმის რეალური წინაპირობა გახდა, რომ ფილმი წამყვან ევროპულ ფესტივალებზე და კინო ბაზრობებზე მოხვდება და ფართო დისტრიბუცია ექნება.
2014 წელს ფილმმა აგრეთვე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება მოიპოვა.
ფილმზე ნიჭიერი პროფესიონალების 20 კაციანი გუნდი მუშაობდა. ფილმისთვის დაიწერა ორიგინალური მუსიკა", - განაცხადა ფილმის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა დათო კიკნაველიძემ.