Facebook-ის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Instagram-ი უკვე რამდენიმე დღეა, კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული. „ინსტას“ ერთგული მომხმარებლები სოციალური ქსელის რებრენდინგით უკმაყოფილონი არიან.
რამდენიმე დღის წინ, Instagram-მა სმარტფონებზე განახლება დაიწყო და საზოგადოება ამ უმსხვილესი კომპანიისგან არცთუ ისე კარგი სიურპრიზის მოწმე გახდა. „ინსტას“ ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ლოგო - რეტროკამერა, რომელსაც ცისარტყელის ფერებში გაფორმებული ხაზი გასდევდა, სრულიად შეცვლილი დახვდათ და ის ნარინჯისფერ, ყვითელ, ვარდისფერ და იასამნისფერ მიქსში გაერთიანდა, ხოლო სოციალური ქსელის შიდა მენიუ, ძირითადად, შავთეთრ ფერებზე გადავიდა.
Instagram-ის ახალ დიზაინს ყველაზე მეტი კრიტიკა Twitter-ზე მოყვა, აქ საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ზოგს ახალი დიზაინი ძალიან მოეწონა, ზოგი კი, სოციალური ქსელის სმარტფონიდან ამოშლას აპირებდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ქმედებები მოყვება ამ საკითხს კომპანიის მხრიდან, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვთვათ, რომ ხალხს ახალი "ინსტაგრამი" არ უნდა, რადგან ძველი ურჩევნია.