პირველად ევროვიზიის ისტორიაში, არაკონკურსანტი, მსოფლიო ვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი ყველაზე მასშტაბურ სცენაზე იმღერებს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ამერიკელი მომღერლის ახალი სიმღერის CAN’T STOP THE FEELING პრემიერა გაიმართება.
„ეს არის ფანტასტიკური შანსი, ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამავდროულად, აღფრთოვანებულები ვართ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი თავისი ახალი სიმღერის პრემიერას სწორედ ევროვიზიის დიდ სცენაზე გამართავს“, - განაცხადა 2016 წლის ევროვიზიის შოუს მთავარმა პროდიუსერმა სვენ სტოიანოვიჩმა.
მუსიკოსი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი ცხრა „გრემისა“ და ოთხი Emmy-ს მფლობელია. მისი წარმატებული კარიერა მოიცავს ისეთ პოპულარულ ჰიტებს, როგორებიცაა: Cry Me a River, SexyBack და Mirrors.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გრანდიოზულ ფინალზე, 14 მაისს იმღერებს.