მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი, ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამავდროულად, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს წევრი, სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და მსოფლიოს სტომატოლოგთა ფედერაციის დელეგატი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი − ეს რეგალიების ის ჩამონათვალია, რომელიც ქეთი გოგილაშვილის 35-წლიანი კარიერის მხოლოდ ზოგად მიმოხილვას წარმოადგენს.
დღეს, მრავალი საქმის პარალელურად, დიდ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს − კლინიკას „ალბიუსი“, რომელიც დაფუძნებიდან დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო, საინტერესო და საიმედო ბრენდს წარმოადგენს. სამ ათეულ წელზე მეტია, დაუღალავად ემსახურება საყვარელ სფეროს, რომელიც ცხოვრების მთავარი და უცვლელი გატაცებაა. ამბობს, რომ პროფესიული არჩევანი მის მტკიცე გადაწყვეტილებას დაუკავშირა − სურდა ექიმობა და სტუდენტებთან ურთიერთობა.
ქვეყნისთვის არაერთი სასარგებლო საქმიანობითაა გარმორჩეული ქეთის მეუღლეც − ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე, რომელიც მისი კომპანიის მიერ წამოწყებული მრავალი საქმიანი პროექტის მიღმა, საინტერესო ნოვაციური საზოგადოებრივი პროექტის ავტორიც გახლავთ. დედაქალაქის ცენტრში ბიზნესცენტრისა და კლინიკა „ალბიუსის“ მიმდებარედ, გასაოცარი ინტერიერის კედლები ჩვენს შორეულ ისტორიულ წარსულზე გვიამბობენ. კედლებისა და ჭერთა უპრეცედენტო შინაარსის მქონე, დავით მონავარდისაშვილის ფრესკები, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში გვამოგზაურებენ. სივრცემ სასწავლო-საგანმანათლებლო-სადისკურსიო ფუნქცია შეითავსა, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო იდეის ავტორისთვის.
წყვილის კავშირი მრავალ წელს ითვლის და ბევრია საინტერესო მიგნებების ერთობლივად განხორციელების თვალსაჩინოებაც. მიღწევებს შორის ყველაზე ძვირფასი კი შვილები − ირაკლი და სოფო არიან. რამდენად გვანან ისინი მშობლებს, მშობლები კი ერთმანეთს, როგორია მათი თანაცხოვრება, პროფესიული ასპექტების აზარტული გამოწვევები თუ სხვა − OK!-ის ქეთი გოგილაშვილი და ბაკურ კიღურაძე ესაუბრნენ.
ქეთი, გაგვანდეთ ფაქტორი, რომელიც ყოველ ჯერზე გარწმუნებთ ცხოვრებისეული, პროფესიული არჩევანის სისწორეში.
მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მედიცინისთვის, ექიმობისთვის დამეკავშირებინა საგულისხმო არჩევანი. ძალიან მხიბლავდა დაგროვილი ცოდნის გაზიარების პროცესიც და ახალგაზრდებთან ურთიერთობაც ჩემს გატაცებად იქცა.
დღეს ჩემი საქმიანობის ფაქტობრივი მემკვიდრე კლინიკა „ალბიუსია“, რომელიც არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველას კლინიკაა. მიხარია, რომ ასევე მაქვს შესაძლებლობა, ახალგაზრდა მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად, მათი სწავლისა და განვითარების გზის გაკვალვაზე ვიზრუნო. საოცარი შეგრძნებაა, როცა ცოდნის გამდიდრებასა და მუშაობის გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობას ემსახურები. ვფიქრობ, არჩევანი სწორად გავაკეთე და საკუთარი თავის რეალიზება შევძელი.
როგორი აღმოჩნდა გასული, ყველასთვის რთული 2020 წელი თქვენთვის? რა სახის გამოწვევების წინაშე დადექით?
ისევე, როგორც მთელი სამყაროსთვის, გასული წელი ჩვენთვისაც გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. არაერთი წინააღმდეგობის, ბარიერის გადალახვა მოგვიხდა, თუმცა იყო მიღწევებიც, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. წინააღმდეგობების მიუხედავად, 2020 წელი განვითარების შესაძლებლობად ვაქციეთ: მოვიპოვეთ ISO 9001:2015 მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი, დავნერგეთ საინფორმაციო სისტემა და გავაციფრულეთ დოკუმენტაცია; დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, გავხდით ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (Women Empowerment Principles WEPs) და დავიწყეთ იმპლემენტაციის პროცესი; დავნერგეთ მკურნალობის ახალი მეთოდები და შემოვიტანეთ ახალი ტექნოლოგიები; გავაფართოვეთ კლინიკა და გავხსენით ახალი დეპარტამენტი. ამ მიღწეული წარმატებებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ალბიუსის“ გუნდს იმისთვის, რომ დაუღალავი შრომა გასწიეს. ჩვენს პაციენტებს კი მადლობას ვუხდით გამოჩენილი ნდობისთვის.
მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში, თქვენთვის რა აღმოჩნდა გარდამტეხი ცვლილებების, საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილების მომტანი?
ცხოვრებას საინტერესო გამოცდილებად შენ მიერ გავლილი გზა აქცევს − რასაკვირველია, თუ ეს გზა სწორად და კეთილსინდისიერად გაიარე. ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე რაც უფრო მაღალი იყო დასახული მიზანი, მით უფრო სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა მიწევდა. წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ რამეს მოვისურვებდი, მის მიღწევას აუცილებლად შევძლებდი. მიზეზი ისაა, რომ ნებისმიერ წუთში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ გარემოებაში ახალი ცხოვრების დაწყება შემიძლია. მთავარია სურვილი და მუდმივი რწმენა იმისა, რომ არსებობს უსაზღვრო შესაძლებლობები. საჭიროა მხოლოდ იპოვო საკუთარი თავი. ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ისეთი ეტაპიც, როცა უსამართლობის გამო, ასე ვთქვათ, „დამარცხების“ წუთების ღირსეულად გადატანა მომიწია, თუმცა, მიუხედავად ამისა, არასდროს მითქვამს უარი, კიდევ ერთხელ მომესინჯა საკუთარი ძალები, რამაც მხოლოდ გამოცდილება შემმატა.
უამრავი წელია საყვარელ პროფესიას ემსახურებით. რა იცვლებოდა წლების განმავლობაში, რას მოჰქონდა განვითარება, წინსვლა, და არსებობდა თუ არა ყოველთვის მიზანი და მისკენ სავალი გზის წინასწარ დასახული მარშრუტი? როგორია წარმატებისკენ სვლის თქვენი ფორმულა?
მართლაც დიდი დრო − 35 წელია ჩემს საქმეს ვემსახურები. ცხოვრების განმავლობაში, ხშირად მიწევდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი სწორი არჩევანი იყო. განვითარებისთვის საკუთარ თავს მუდამ ვაძლევდი ძალას, რათა წინგადადგმული ნაბიჯები უკეთესის მომტანი ყოფილიყო. მინდოდა, ახალი მიზნები დამესახა და პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება მეცადა. ამავდროულად, ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, პროფესიული და პირადი ცხოვრება საინტერესო გამეხადა. თუ გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, ყოველთვის ბედნიერი იქნები.
რა წარმოადგენს იმ ძირითად ფასეულობებს, რომელსაც თქვენი მტკიცე ურთიერთობა ემყარება?
რა თქმა უნდა, ერთგულება, სიყვარული, პატიოსნება და თანადგომა.
რამდენად ჰგავხართ ერთმანეთს, ან განსხვავდებით? გვიამბეთ შვილებზეც – ხასიათის რომელ შტრიხებში პოულობთ მსგავსებას მათთან?
(ბაკური): ერთმანეთისგან განვსხვავდებით მიდგომებში, ხედვაში, თუმცა ერთმანეთს კარგად ვავსებთ. გვყავს ორი შვილი − ირაკლი და სოფო. ისინი ადრეული ასაკიდან შევაჩვიეთ შრომას და მიმაჩნია, რომ დღეს წარმატებული ადამიანები არიან. არსებობს გარეგნობისა და ხასიათის გარკვეული შტრიხები, რომლებიც ორივე მშობლისგან აქვთ აღებული.
ბატონო ბაკურ, მოგვიყევით საკუთარი მრავალფეროვანი საქმიანობის შესახებ, რომელსაც თქვენი კომპანია ემსახურება.
კომპანია 1989 წელს დაფუძნდა, რომლის მიზნად, უპირველესად, სიკეთის თესვა დავისახე. ვცდილობ, ჩვენი საქმიანობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩამოყალიბდეს, რომლებიც ჩვენი ქალაქის, ქვეყნის დამშვენებას შეძლებენ.
ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე ფაქტობრივად საგამოფენო სივრცე არსებობს, სადაც ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარული ადამიანები აღმოჩენების გაკეთებას, შთაბეჭდილებების მიღებას შეძლებენ, არაჩვეულებრივი გზით გაეცნობიან საინტერესო ეპოქებს. როგორ გაჩნდა ამ ფრესკების შექმნის იდეა?
(ბაკური): ადამიანებთან ურთიერთობები და მათთან ერთად ფიქრი ჩვენი ხალხის მომავალზე, ჩვენი ოჯახის კრედოა. ფიქრები მომავალზე კი, შეუძლებელია წარსულის ჯეროვანი ანალიზის გარეშე. ჩვენ ვალდებულნი ვართ ღრმად ვფლობდეთ ცოდნას საკუთარი წარსულის შესახებ, ვიცნობდეთ პოტენციალს, მათ შორის გენურ მეხსიერებაში აღბეჭდილსაც, რომელმაც შესაძლოა მომავალ თაობათა სათქმელ-საკეთებელიც განაპირობოს. ასეთთა შორის ქართველურ ხალხთა აწმყოსა და წარსულის, მათ შორის − შორეული წარსულის კულტურა და წარმატებები, ის უტყუარი განძია, რომელთაც მომავლის წინსვლისთვის საუკეთესო საძირკვლის ფუნქციის შესრულება შეუძლია.
ავსტრიელი მეცნიერის, ფრიდრიხ ძებიშის, ისევე, როგორც ქართველი მეცნიერის, მათემატიკოს გია კვაშილავას უდავოდ საინტერესო მიგნებანი ფესტოსის დისკის ქართულ/ლაზურენოვანი „ა“ კლასის დამწერლობის შესახებ, კუნძულ კრეტაზე, 1908 წელს მეფე მინოსის ფესტოსის სასახლის გათხრებისას აღმოჩენილი − ძვ.წ.აღ.-ის 18-19 საუკუნის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ცალსახად საინტერესო გზამკვლევია ძველ ბერძნულ მითებში ლაზურ-იბერიული კულტურული კვალის ძიებისა. პელაზგური, ეტრუსკული, ბასკური კულტურული ფენების შესწავლისას, ნათლად იკითხება ქართულ-იბერიული ლაზური კვალი, რაც ქართული მეცნიერებისთვის და არა მხოლოდ, არ არის სიახლე.
ბერძნულ მითებში გამოკვეთილი იბერიული კვალის კიდევ უფრო მეტად შესავსებად და ამ საინტერესო თემებზე პროფესიონალებთან და ახალგაზრდებთან საინტერესო დიალოგებისა და საუბრებისთვის, შევქმენით „პელაზგური დარბაზი“, წინარე ქართული და ქალდეურ-შუმერული ჰოლებით.
შესატყვისი ეპოქებისთვის სახასიათო ფრესკებიდან ლაღად იკითხება ცნობილი შუმერული და ბერძნული მითები, და მათში ვაზის რტოსავით ჩაწნული იბერიული კვალი. ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე ბერძნულ ტომთა გამოჩენამდე ფორმირებული მითები, უტყუარად მეტყველებს მათ იბერიულ წარსულზე. კედლის ფრესკებიდან ჩანს ევროპა და მისი მომტაცებელი ზევსი, მეფე მინოსი და მისი ძმები, მზის ღმერთის − ჰელიოსის ძე, კოლხი მეფე აიეტი და მისი და − პაციფაი, დაქორწინებული მეფე მინოსზე, რომლებიც მინოსური-პელაზგური კულტურის ფუძემდებლებად გვევლინებიან.
დარბაზის ჭერი ძვ.წ.აღ.-ის II ათასწლეულის რუკამ დაიკავა, სადაც იბერიულ-ლაზური ტომების განსახლების არეალებია წარმოჩენილი.
პელაზგური კულტურის რამდენიმე საინტერესო არქეოლოგიურმა ძეგლმა დარბაზის შუაგულში განთავსებულ მინის საცავში დაიკავა ადგილი.
შევეცადეთ ავეჯიც იმ ეპოქისათვის სახასიათო ყოფილიყო და სპეციალური დაკვეთით ცხვრის ტყავით გაწყობილი სავარძლები განვათავსეთ მბრუნავი მრგვალი მაგიდის გარშემო.
დამერწმუნებით, ინტერიერი არა მხოლოდ საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარმოჩნდა, არამედ სრულად შეითავსა სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციაც, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.
როგორ დაახასიათებდით თქვენს საინტერესო კავშირს?
(ქეთი): ყოველ საჭირბოროტო საკითხს ერთობლივად ვწყვეტთ, თუმცა ბაკური ხშირად ცდილობს არ გადამტვირთოს მისეული ბიზნესსაკითხებით და პრობლემურ თემატიკებს შესაძლო მოგვარებამდე ღრმად ინახავს.
რას ურჩევდით წარმატების მოპოვების მსურველ ადამიანებს? რას მოითხოვს ის − წარმატება, ჩვენგან? თავად რა სახის სირთულეები გადაგილახავთ და როგორია თქვენეული „ბრძოლის ტაქტიკა“?
(ბაკური): არაფერია იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ემსახურო ქვეყანას. ამიტომ ყოველდღიური, უმნიშვნელო და გრძელვადიანი ბიზნესპროექტიც უპრიანია ამ კონტექსტში დაიგეგმოს და გამარჯვებასაც სხვა ფასი და ელფერი ექნება.
თვითგანვითარების სურვილი მუდმივია? როგორ უდგახართ ერთმანეთს გვერდით წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?
(ბაკური): დღევანდელი დინამიკური, დატვირთული და საინტერესო პროცესების პარალელურად, რა თქმა უნდა, თვითგანვითარებაზე მთელი ცხოვრება უნდა იფიქრო.
(ქეთი): დღეს იმ ასაკში ვარ, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა − მქონდა საინტერესო წარსული, საიდანაც ბევრი რამ ვისწავლე. თუ შევაფასებ, ვიტყვი, რომ ძალიან ვამაყობ ძირეული ცვლილებების შენებაში შეტანილი წვლილისთვის, სადაც გამოწვევები საკმაოდ დიდი იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო პროექტზე ვმუშაობ − ეს არის სახელმძღვანელო 2 ტომად, დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი სტუდენტებისა და ექიმებისთვის. ამ მიმართულებით ეს ჩემი მე-10 სახელმძღვანელოა და მთელი ცხოვრება ამ შედეგით ვიამაყებ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უკვე იმაზე ვფიქრობ, როდის რა უნდა გავაკეთო. ბუნებით ძალიან ოპტიმისტი ვარ და ეს თვისება უზომოდ მეხმარება განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვაში. მაქვს შინაგანი თავისუფლებაც და საუკეთესო შედეგებისკენ მუდმივი სწრაფვა, რაც, მიმაჩნია, რომ წარმატებული ადამიანის საქმიანობის რეალურ შედეგებს განაპირობებს.
(ბაკური): სწრაფვა ცოდნისკენ, ადამიანთა განვითარების შემოთავაზებული ახალი ვექტორების ძიება, ფრიად საშური და საინტერესო ძიება გახლავთ, ისევე, როგორც დიდად საინტერესოა ფიქრები და ძალისხმევა ქართული კულტურის შესაძლო განვითარებაზე თავისუფლების ეგიდითა და ბატონობით ფორმირებად ღირებულებათა ახალი სისტემის კონტექსტში.