„ვინდოუ ფროჯექთი“ თანამედროვე ხელოვნების გალერეაა, პროექტებზე დაფუძნებული სივრცე, რომელიც ძირითადად ქართველ თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს წარადგენს, თუმცა, ასევე საერთაშორისო არტისტების გამოფენებსაც მასპინძლობს და ინსტიტუციებთან თანამშრომლობს. მიზანი ერთია − თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და ქართველი არტისტების ინტეგრაცია საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში შედგეს.
იანვრის თვის მიწურულს, დასასრულს მიუახლოვდა ლეგენდარული არტისტის − როზმარი ტროკელის გამოფენა, რომელსაც თამუნა ღვაბერიძისა და თამუნა არშბას გალერეამ უმასპინძლა. უცხოეთთან ურთიერთობის გერმანული ინსტიტუტის (ifa) კოლექციაში დაცულ თანამედროვე გერმანელ ხელოვანთა ნამუშევრებს შორის, როზმარი ტროკელის ნამუშევრებმაც თავი მოიყარა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც გერმანული კულტურის პოპულარიზების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში კოლექციებს აგზავნის. როცა ქართველმა ხელოვნების ქომაგებმა ინსტიტუტს შეთავაზება გაუგზავნეს, თანხმობა მოვიდა და თანამშრომლობა შედგა − როზმარი ტროკელის გამოფენა, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში ჩამოვიდა. ასე გაიცნო უფრო ახლოს დედაქალაქმა მსოფლიო არტისტი.
გვიამბეთ window project-ის საქმიანობის, განვითარების ისტორიის შესახებ.
(თამუნა ღვაბერიძე): 2013 წელს, გალერეა პარტნიორთან − ირინა პოპიაშვილთან ერთად დავაფუძნეთ და ასე დაიწყო ფუნქციონირება თანამედროვე ხელოვნების გალერეამ, როგორც ბიზნესმოდელმა, ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, სრულიად არასტანდარტულ სივრცეში − ვიტრინაში.
ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 2013 წელს თბილისში სახელოვნებო სივრცე ისე განვითარებული არ გახლდათ, როგორც დღეს არის და აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, ხელოვნება კედლებს მიღმა გაგვეტანა, გაგვეხადა მეტად საჯარო. შეგვექმნა სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში იქნებოდა ღია და ნებისმიერი ადამიანისთვის − ფეხით მოსიარულისა თუ მანქანით გამვლელისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, აღქმადი. ეს საჯარო სახელოვნებო ვიტრინა მდებარეობს რუსთაველის 37-ში, პანტომიმის თეატრის ერთ-ერთ ვიტრინაში და დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას.
მე და ირინამ 2017 წლამდე ვითანამშრომლეთ, 2018 წელს კი კვლავ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, დადგა დრო, რეალური საგამოფენო სივრცე გახსნილიყო. ტატიშვილის 9 ნომერში დღეს წარმოდგენილია როგორც დამწყები სტუდენტების ნამუშევრები, ასევე ისეთი საერთაშორისო მეგა-არტისტები, როგორიც არის მაგალითად, როზმარი ტროკელი, რომელსაც გალერეა 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრის ბოლომდე მასპინძლობდა.
(თამუნა არშბა): ცენტრალურ გამზირზე, ვიტრინაში, ჩვენ ისეთი არტისტების ნამუშევრები ვიხილეთ, როგორებიც არიან: უტა ბექაია, ბარნაბა ფორნასეტი, ლევან ჭელიძე, რიჩარდ ჰატენი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, გიორგი ხანიაშვილი, ლუკა ცეცხლაძე... ძალიან საინტერესოა უკვე კარგად ცნობილი უცხოელი ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად თანამედროვე ქართველი არტისტების ჩვენების გამოცდილება. გალერეის თავდაპირველი კონცეფცია უდავოდ აქტუალურად რჩება ნებისმიერ დროსა და გარემოებაში, განსაკუთრებით კი ახლა, როცა დახურულ სივრცეში ყოფნა მაქსიმალურად შეზღუდულია.
2018 წელს გახსნილი გალერეის საგამოფენო სივრცეც უკვე ნაცნობ პრინციპს დაეფუძნა − ორივე სართულის ფასადი ფანჯარაა, საიდანაც დღისა თუ ღამის ნებისმიერ პერიოდში ქუჩაში გამვლელს შეუძლია სრული ექსპოზიციის დანახვა. 2019 წელს Window Project-მა თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ორბელიანის მოედანზე დამატებით სამი ვიტრინა განათავსა, სადაც ასევე სხვადასხვა არტისტის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა window project-ში?
(თამუნა ღვაბერიძე): 2019 წლის ბოლოდან მე და თამუნა არშბა ერთიანი ძალებით ვაგრძელებთ დასახული მიზნების განხორციელებას. გამოფენებში მონაწილეობის გარდა, არტისტებისთვის ფინანსური მხარეც ხომ მნიშვნელოვანია? ეს მათი საქმე და შემოსავლის წყაროა. გალერეას სურს, მათ გზა გაუფართოვოს და მიზნად დავისახეთ, ქართველი არტისტები სხვა ბაზრებზეც გასულიყვნენ.
დავიწყეთ ბაზრების მოძიება და პანდემიის დაწყებისთანავე მოსკოვში გავხსენით გალერეა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა – არტისტებს, რომლებსაც წარვადგენთ, ფაქტობრივად, პანდემიის პირობებში ეკონომიკურად დიდი დახმარება გავუწიეთ.
ასევე ვგეგმავთ, მომავალში გავხსნათ გალერეა სხვა ქალაქებში, მაგალითად, ლონდონში. დიდი სურვილი გვაქვს ვესტუმროთ მეზობელ ქვეყნებსაც.
(თამუნა არშბა): მე და თამუნა ვიზიარებთ ერთმანეთის შეხედულებებს და ერთნაირად გვესახება გალერეის განვითარების გზაც, რაც ვფიქრობ, Window Project-ის დღევანდელ წარმატებას განაპირობებს.
გვიამბეთ გალერეის უახლესი გამოფენის შესახებ, რომელიც როზმარი ტროკერს უკავშირდება. რა მნიშვნელობისაა თქვენთვის ამ გამოჩენილი არტისტის მასპინძლობა, ისევე, როგორც რეალურად საქართველოსთვის?
(თამუნა ღვაბერიძე): გადავწყვიტეთ, საგამოფენო სივრცის დივერსიფიკაცია გაგვეკეთებინა და ქართველი დამთვალიერებლებისთვის საერთაშორისო არტისტების ნახვაც შეგვეთავაზებინა. ასევე, ქართველი არტისტები გამოგვეფინა ისეთ სახელებთან ერთად, რომლებსაც თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში დიდი ადგილი უჭირავთ.
როზმარი ტროკელი, რომელსაც სულ ახლახან ვმასპინძლობდით, გერმანელი კონცეპტუალი არტისტია. მისი გამოფენები შესაძლებელია ნახოთ ნიუ-იორკის MoMA-ში, New Museum-ში, პარიზის Centre Pompidou-ში და სხვადასხვა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მას წარადგენენ ისეთი გალერეები, როგორიც არის Gladstone, Spruth Magers. 2020 წელს კი მისი ერთ-ერთი ბოლო გამოფენა საქართველოში Window Project-მა წარადგინა და გვიხარია, რომ საქართველოც მნიშვნელოვანი გამოფენების ჩამონათვალში შევა. სამწუხაროდ, ცუდი პერიოდი დაემთხვა, გამოფენა 2020 წლის ნოემბერში გავხსენით და არსებული სიტუაციის გამო, გარკვეული პერიოდით დაკეტვა მოგვიწია. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ifa-სა და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობას და გვსურს საქართველოში სხვა არტისტების ნამუშევრებიც ჩამოვიტანოთ.
(თამუნა არშბა): როზმარი ტროკელმა შეძლო საკუთარი ხელოვნებით მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული განსხვავება, ქალთა ცხოვრებისეული კონტექსტი თანამედროვე საზოგადოებაში.
გალერეისათვის უდავოდ დიდი წარმატებაა როზმარი ტროკელის გამოფენის ჩამოტანა. Window Project-ი დღეს არ არის უბრალოდ კომერციული სივრცე, სადაც ნამუშევრები იფინება და იყიდება. ეს გახლავთ სივრცე, რომელიც იზიარებს მსოფლიოს მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს, და ამავე კონტექსტში ხელს უწყობს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს თვითრეალიზებასა და განვითარებაში.
რას ანიჭებთ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოფენის ავტორების შერჩევისას − იქნებიან ეს ქართველი ხელოვანები თუ მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი სახეები.
(თამუნა არშბა): ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად აქტუალურია, რამდენად პასუხობს თანამედროვე კონტექსტს თუ გამოწვევებს არტისტი და რამდენად ვიზიარებთ თავად გალერეის მფლობელები კონცეფციას, რომელსაც ხელოვანის ნამუშევრები გადმოსცემს. რამდენად მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა, სწორად წარვადგინოთ ესა თუ ის პროექტი. თუკი გალერეის მფლობელს არ სწამს იმის, რასაც წარადგენს, პროექტი განწირულია.
(თამუნა ღვაბერიძე): უპირატესობას ვანიჭებთ იდეას, რომელიც დგას ნამუშევრის უკან. ამის მაგალითია როზმარი ტროკელის გამოფენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი შეხედულება თანამედროვე ხელოვნებაში გაბატონებულ მამაკაცთა დომინაციაზე. ის იუმორით პასუხობს მათ და კულტურულად აკრიტიკებს ისე, რომ შეურაცხყოფას არავის აყენებს. გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, და ისიც, თუ როგორ ხდება ამის წარდგენა.
საქართველოში არტისტები მუდმივად ქმნიან, მუშაობენ, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ სხვა დარგებს შევადარებთ, ხელოვნება ყველაზე კარგად არის განვითარებული, სწორედ არტისტების შრომის ხარჯზე.
მათ ხელშეწყობა სჭირდებათ და ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია კოლაბორაციები, ურთიერთთანამშრომლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. ასე განვითარდება ინდუსტრია.
რას მიიჩნევთ window project-ის საქმიანობის მთავარ პრინციპებად, რაც ამ წარმატებულ პროექტს გამოარჩევს?
(თამუნა არშბა): ბევრი ფაქტორია Window Project-ში, რომელიც პროექტის წარმატებას განაპირობებს. ერთ-ერთი პრინციპი არის ღიაობა სიახლეებისადმი და გაბედულობა ექსპერიმენტებისთვის. ეს პრინციპი გალერეას არ აძლევს საშუალებას იმუშაოს ჩარჩოებში, რის ფარგლებშიც შემოისაზღვრება მისი საქმიანობა, ხდის უფრო მოქნილს და ყოველთვის უნარჩუნებს თანამედროვეობას, აძლევს საშუალებას თამამად ითანამშრომლოს სტუდენტებთან, სცადოს ახალი პროექტები, გარისკოს და მიიღოს არაორდინარული გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, გალერეის ეს სტრატეგია დიდი წარმატების საწინდარია.
როგორი ემოციაა თქვენთვის, როგორც ხელოვნების ქომაგებისთვის, თითოეული არტისტის ასე ახლოს გაცნობა? ამ ადამიანების მასპინძლობა რამდენად ახლებურ ხედვას გიყალიბებთ მათზე?
(თამუნა არშბა): ხელოვანებთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია, თუმცა თითოეული ემოცია განსაკუთრებულად მკვეთრი და ძლიერია. დიდი სიხარულია, როდესაც ხელოვანი საკუთარი ნამუშევრებით მკაფიოდ ეხება ჩვენს შეგრძნებებს, ჩვენს რეალობას, შემდეგ კი ეს გამოსახულება, ამ გრძნობებთან ერთად, სამუდამოდ რჩება ცნობიერებაში. როდესაც უკან ვიხედებით, ვხვდებით, რომ გალერეაში ეს ისტორიაა, რომელიც ერთად შევქმენით.
(თამუნა ღვაბერიძე): გალერეა მასპინძლობს პირველი, მეორე, მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც და მათ საშუალებას ვაძლევთ, ნამუშევრები მხოლოდ აუდიტორიებში არ დარჩეს. ჩვენი მხრივ, მათ გვერდით ვდგავართ.
როგორ იბადება ახალი ნაბიჯების გადადგმის შთაგონება? როგორია window project-ის სამომავლო გეგმები?
(თამუნა ღვაბერიძე): ინსპირაცია შესაძლოა გახდეს ნებისმიერი რამ. ჩვენ ვიმყოფებით მუდამ შემოქმედებით პროცესში და გვაქვს ამბიცია, რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში. როგორც კი საზღვრები გაიხსნება და პანდემიური სიტუაცია გამოსწორდება, ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას. უკვე გვაქვს განაცხადები შეტანილი და ველოდებით მოვლენების განვითარებას.
პანდემიის პერიოდში თანამშრომლობა საერთაშორისო პლატფორმა Art land-თან დავიწყეთ, სადაც ჩვენ ყველა გამოფენას ვირტუალურად წარვადგენთ და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შესაძლებელია მიმდინარე გამოფენების დათვალიერება. ამ პრაქტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ.
(თამუნა არშბა): ახალი ნაბიჯების გადადგმის შთაგონება მოდის იმ ნამუშევრებიდან, რომლების წარდგენაც გვინდა, ვხედავთ როგორ წარვადგენთ, და რომელთა აქტუალურობისაც გვჯერა. პროექტებისგან, რომლებიც პასუხობს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობებს.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ძნელია, ისაუბრო მომავალზე, თუმცა ყველაზე ნამდვილი ხომ აწმყოა, სადაც ვარსებობთ და ვქმნით.