აბელ ტესფაიე, სასცენო სახელით ცნობილი როგორც The Weeknd, კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერია, რომელმაც ექსტრაორდინალური სტილით, უკომპრომისო არტისტულობითა და ორიგინალური ჟღერადობით საყოველთაოდ გაითქვა სახელი. მის შემოქმედებაში იგრძნობა განსხვავებული რიტმი, კლასიკური R&B-ის, ელექტრონული მუსიკის, 80-იანი წლების პოპისა და ჰიპ-ჰოპის ნაზავი. აბელის ხანგრძლივ მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ალბომი After Hours პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლმა საზოგადოებამ პირველად გასული წლის მარტში მოისმინა. შემსრულებლის ახალი პროექტი იმდენად განსხვავებული და ორიგინალური აღმოჩნდა, რომ მუსიკალური ინდუსტრიის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი სამუდამოდ დაიკავა. სიმღერა Blinding Lights კი გახდა Spotify-ის ისტორიაში პირველი ნამუშევარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყო გლობალური ჩარტების ტოპ ათეულში.
მუსიკალურ ინდუტრიაში მიღწეული წარმატების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი გასული წლის მონაცემებით აბელ ტესფაიე კრიტიკოსებმა წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად შემსრულებლად აღიარეს. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მომღერლის ვიდეოები Youtube-ზე 4,8 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა, Spotify-ის მონაცამებით კი მისმა ალბომმა ყველაზე ხშირად სტრიმვადი ალბომების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. Official Charts Company-მ რამდენიმე კვირის წინ გასული წლის ყველაზე პოპულარული სიმღერების სია გამოაქვეყნა, სადაც გასაკვირი არ არის, რომ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის სინგლებიც შედის.
“ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, რომ მუსიკასთან უდიდესი კავშირი მაქვს. ჩემი ბუნებრივი ხმა შთაგონებულია ეთიოპიური მუსიკით, რაც არის ქამელეონივით და თითოეული ალბომისთვის სხვადასხვა დატვირთვის მქონე პერსონაჟად ჩამოყალიბებაში მეხმარება. მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებობს გარკვეული წესები, რომლებსაც ყოველთვის ვარღვევდი, რადგან მე მაქვს ინდივიდუალური სტილი და ჩემს გზას ზედმიწევნით მივყვები.”
“საზოგადოება ფიქრობს, რომ ადამიანებისთვის საუკეთესო პერიოდი 30-იანი წლებია, რადგან ამ დროს პიროვნებად ყალიბდები და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადები. ჩემთვის, როგორც შემსრულებლისთვის, ეს განსხვავებული ათწლეულის დასაწყისია, მიუხედავად მუსიკალურ ინდუსტრიაში გატარებული უამრავი წლისა, ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერა სწორედ ახლა იწყება.”
აბელის ცხოვრებისეული გამოცდილების ყველა დეტალი მისავე მუსიკაშია ჩაქსოვილი, თუმცა განსხვავებულად ტრანსფორმირებული. After Hours არის შემსრულებლის ყველაზე სრულყოფილად ორგანიზებული ალბომი, რომელიც მის შესახებაა დაწერილი. მაგალითად, სიმღერა Faith სწორედ აბელის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და “ბნელ” პერიოდს მიეძღვნა, როდესაც მან სადებიუტო ალბომი გამოუშვა და წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პროექტი ერთგვარ მუსიკალურ ნარატივად აქცია.
“რთული იყო ჩემს მშობლიურ მხარეში გაზრდა, ადრეულ ასაკში ბევრი პრობლემა მქონდა და ხშირად უსიამოვნებებში ვეხვეოდი, სხვადასხვა სკოლებში გადავდიოდი და ბოლოს სწავლასაც დავანებე თავი. მეგონა, რომ კინორეჟისორობა მინდოდა და ეს იქნებოდა ყველაფრის გამოსავალი, მაგრამ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვმღეროდი, ვერ ვხვდებოდი, რომ მქონდა მუსიკალური ნიჭი. კლასელების თანდასწრებით სიმღერა ყოველთვის მიჭირდა, განსაკუთრებით კი გოგონებისა და ახლო მეგობრების თანდასწრებით. ერთხელ, როდესაც 13 წლის ვიყავი, სრულიად უცხო ადამიანმა მითხრა, რომ ლამაზი ხმა მქონდა. მიხარია, რომ ჩემში ეს ნიჭი აღმოვაჩინე, რაც გადაიქცა ერთგვარ თერაპიად და ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა.“