OK!-ის თებერვლის ნომერი TRAVEL BOOK-ის მოწვეულ რედაქტორს, ტურიზმის სფეროს გამორჩეულ პროფესიონალს, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანს − ელენე ოთარაშვილს წარმოგიდგენთ. ჩვენს მკითხველს OK!-ის ერთ-ერთი გამორჩეული BOOK-ი ელოდება, რაზეც უფრო ვრცლად თავად ელენე გვიამბობს.
ელენე, თქვენ ხართ OK! TRAVEL BOOK-ის მოწვეული რედაქტორი. გვესაუბრეთ ამ გამოწვევაზე და გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება?
ბავშვობაში, როცა საინტერესო ჟურნალების კითხვა და შეგროვება მიყვარდა, ჟურნალის რედაქტორობაზე მიოცნებია. ამიტომ სიამოვნებით მივიღე მოწვეულ რედაქტორად ყოფნის შემოთავაზება. დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, ვინაიდან OK!-ის უდიდესი აუდიტორია ჰყავს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მთელი ეს პროცესი − ნომრის დაგეგმვიდან მის განხორციელებამდე.
რას წაიკითხავს მკითხველი OK! TRAVEL BOOK-ის მეშვეობით?
საინტერესო თემები შევარჩიეთ, წინ წამოვწიეთ ბევრი აქტუალური საკითხი. OK!-ის მკითხველი გაეცნობა 2021 წლის ახალ სამოგზაურო ტრენდებს, წაიკითხავთ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში რომელ მიმართულებებზე იქნება მეტი აქცენტი და მოთხოვნა. ასევე გვაქვს ინტერვიუები ძალიან საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოში ტურიზმის განვითარებაში. საინტერესო მასალა მოვამზადეთ ყველაზე ძვირადღირებულ და უცნაურ სასტუმროებზე; ასევე საუკეთესო წიგნებსა და ფილმებზე, რომლებიც მოგზაურობას უკავშირდება. სახალისო თემებსაც შემოგთავაზებთ, თუ რომელი ნივთები რჩებათ სტუმრებს, ან ძირითადად რომელი ნივთები მიაქვთ სასტუმროდან. მოკლედ, აუცილებლად გირჩევთ წაიკითხოთ TRAVEL BOOK-ი. ჩვენ ვეცადეთ თქვენთვის გვეამბო ტურიზმში წლის ყველაზე აქტუალური საკითხების შესახებ.
ტურიზმში თქვენს საქმიანობას მუდმივად წარმატებები ახლავს. მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ ამ სფეროში.
ტურიზმში მოვხვდი „თიბისი ბანკიდან“, სადაც დამფუძნებლისგან მივიღე საინტერესო შემოთავაზება, მეხელმძღვანელა იმ პერიოდში „თიბისი ჯგუფის“ კომპანია „შატო მუხრანის“ ახალი ბიზნესმიმართულებისთვის. შანსი მომეცა ამ ისტორიულ პროექტში ჩემი წვლილი შემეტანა. „შატო მუხრანში“ ჩემს ხელში დაიბადა და წარმატებით განვითარდა ტურიზმისა და ივენთმენეჯმენტის მიმართულება. ჩვენ მოვახდინეთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტური პოზიციონირება, უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნა, საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბება და შესაბამისად, ძალიან მალე მოვიდა წარმატება, რომელიც ჩვენი თავდაუზოგავი შრომით და საქმის სიყვარულით სულ უფრო იზრდებოდა. შემდეგ ბევრი მიმბაძველი გამოგვიჩნდა, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მახარებდა.
შემდეგ იყო „როიალ ხვანჭკარა“ რაჭაში და „ვაზისუბნის მამული“ კახეთში, სადაც ჭავჭავაძეების ისტორიულ შატოში ულამაზესი ბუტიკ-სასტუმრო და კონცეპტუალური რესტორანი გავხსენით.
დაახლოებით 1 წლის წინ კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი დაიწყო ჩემს საქმიანობაში. შევუერთდი Silk Hospitality-ის − სტუმარ-მასპინძლობის წამყვან ჯგუფს საქართველოში. გახლდით სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის“ გენერალური მენეჯერი. „წინანდლის მამული“ სრულიად უნიკალური ადგილია, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. განვლილი 2020 წელი ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა ჩვენს საუკეთესო გუნდთან ერთად, კრიზისი ვაქციეთ განვითარებისა და ახალ ეტაპზე ასვლის შესაძლებლობად. შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა და ძალიან სწრაფად მოვერგეთ ახალ რეალობას. პანდემიისა და უპრეცედენტო კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მოვახდინეთ ძირეული ცვლილებების განხორციელება. ჩვენი სტუმრებისთვის წინანდალში სტუმრობა ბევრად საინტერესო და ხარისხიანი გავხადეთ. ჩვენი ახალი მიდგომებით შევქმენით იმაზე მეტი მოთხოვნა და ვუმასპინძლეთ იმაზე მეტ სტუმარს, ვიდრე პირველი გათვლებით გვქონდა. მომხმარებელი ნელ-ნელა გამოვიყვანეთ შინიდან და დავარწმუნეთ, რომ სასტუმროში დასვენება კვლავ უსაფრთხოა.
2020 წელს ისეთი სასიამოვნო მიღწევებიც გვქონდა, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე World Travel Awards, „რადისონ ქოლექშენის“ გამარჯვება, კატეგორიაში GEORGIA’S LEADING HOTEL 2020. ასევე, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე Welcome to Georgia! გამარჯვება, ნომინაციაში „საუკეთესო პრემიუმ სასტუმრო“.
2021 წელს ვხვდები ახალი გამოწვევით. თებერვლიდან, Silk Hospitality ჯგუფის სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისში“ განვაგრძობ მუშაობას. წინ უამრავი საინტერესო პროექტი გვაქვს. ჩვენი გუნდი უმაღლეს შედეგებზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია საკუთარი წვლილი შევიტანოთ საქართველოს, როგორც მსოფლიო კლასის ტურისტულ მიმართულებად განვითარებაში.
ელენე, თქვენ ხართ ასევე საქართველოს ბიზნესტურიზმის ასოციაციის (GBTA) დამფუძნებელი. მოგვიყევით ამ საქმიანობის შესახებ.
დიახ, ამ ყველაფრის პარალელურად, გახლავართ საქართველოს ბიზნესტურიზმის ასოციაცია GBTA-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ასოციაცია შევქმენით იმ მიზნით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში საქმიანი (MICE) ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებას და გვაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, ვიყოთ ბიზნესტურიზმის წამყვანი პლატფორმა საქართველოში. ვთანამშრომლობთ ჩვენი პროფილის საერთაშორისო ასოციაციებთან და მათთან ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, საგანმანათლებლო პროგრამებს. ასოციაცია ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს ტურიზმის ბიზნესში მოთამაშე წამყვან კომპანიებს.
საქმიანი ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სფეროა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება. უპირველესად, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სეზონურობის აღმოფხვრას, ტურიზმის მომიჯნავე დარგების განვითარებას და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ასპარეზზე პოზიციონირებას.
ჩვენ გვაქვს უნიკალური კლიმატი, ულამაზესი ბუნება, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და სტუმართმოყვარე ხალხი − ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ქვეყანაში MICE-ტურიზმის განვითარებისთვის. ეს მიმართულება უნდა იქცეს ქვეყნის პრიორიტეტულ, სტრატეგიულ ამოცანად.
ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. მომენტი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე...
ჩემი ცხოვრება მუდამ გამოწვევებით არის სავსე. ძალიან მრავალფეროვანი და რთული გზა გავიარე დღემდე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი იყო პროფესიის შეცვლა. ბავშვობიდან, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყველა საგანში ძლიერი ვიყავი, ვიზრდებოდი როგორც მომავალი მუსიკოსი. მისაღები გამოცდები ჩავაბარე კონსერვატორიაში, გავიარე ძალიან საინტერესო და შრომატევადი გზა, გავხდი პროფესიონალი მუსიკათმცოდნე. კონსერვატორიამ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. კლასიკური მუსიკა ისეთი სფეროა, რომ ყოველთვის შედევრებთან და სრულყოფილებასთან გაქვს საქმე. ის ძალიან ხვეწს ადამიანის გემოვნებას, გაჩვევს მძიმე შრომას და ავითარებს შემოქმედებით უნარებს. ზუსტად იცი, როგორ ჟღერს სრულყოფილება! სწავლის პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ინტერმეცოს“ წაყვანა შემომთავაზეს, რომელიც ცნობილ მუსიკოს შემსრულებლებს ეძღვნებოდა. ნახევარი წლის განმავლობაში ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლდით. მაშინ სულ რაღაც 19 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო.
კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება სწავლა გამეგრძელებინა იმ მიმართულებით, სადაც საშუალება მექნებოდა მაქსიმალურად მომეხდინა საკუთარი უნარების რეალიზაცია. ჩავაბარე მაგისტრატურაში, GIPA-ს სახელმწიფო მართვის სკოლაში, რომელიც იმ პერიოდში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდებოდა. ლექციებს მიკითხავდნენ აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორები. ეს იყო საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენისა და უზარმაზარი ცვლილებების პერიოდი. ჩემმა მიზნებმა ფორმა იცვალა. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
გვესაუბრეთ ოჯახზე. როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და დატვირთულსაქმიანობას?
ჩემი ენერგიის წყარო ოჯახია. ჩემი საქმიანობა ძალიან დინამიკური და გამოწვევებით სავსეა. დატვირთული და სტრესული ყოველდღიურობის ფონზე, ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნებოდა, ჩემი ოჯახი რომ არ მიმაგრებდეს ზურგს.
მყავს მეუღლე და ორი შვილი − 16 წლის ნიკოლოზი და 11 წლის ლიზა. ეს ადამიანები არიან ჩემი მთავარი გულშემატკივრები. ისინი პირველები იზიარებენ ჩემს გამარჯვებას თუ ტკივილს, წარმატებას თუ იმედგაცრუებას, და ყოველმხრივ მაძლიერებენ. ლიზა და ნიკოლოზი უკვე ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი, დამოუკიდებელი ადამიანები არიან. მიყვარს საღამოობით ჩვენი საუბრები, მათი ამბების მოსმენა-გაზიარება, სხვადასხვა საინტერესო თემაზე მსჯელობა, ფილმების ერთად ნახვა, კარგი მუსიკის მოსმენა და გარჩევა. თუ ღამით კომპიუტერთან მაქვს სამუშაო, ცდილობენ არ შემაწუხონ.
დიდი ბედნიერებაა, როცა გვაქვს საშუალება, ოჯახი ერთად გავიდეთ ქალაქგარეთ. ამ დროს ვქმნით იმ შთაბეჭდილებებს, რომლებიც დიდხანს მიგვყვება და გვავსებს ემოციურად. ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრია ჯეკ რასელ ტერიერი, სახელად „დაფნა“, რომელსაც დიდი მხიარულება და სიხალისე შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.
რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ტურიზმზე და როგორ გესახებათ ამ სფეროს ამოქმედების ეტაპები?
ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა. ტურიზმი ის მიმართულებაა, რომელიც ეკონომიკის ყველა სექტორში ქმნის მოთხოვნას. შესაბამისად, მისი კონტრიბუცია ყველა მიმართულებითაა. პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიოს და ამ ყველაფრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ტურიზმი, დაიკეტა ბევრი სასტუმრო, ბევრი ტურისტული ობიექტი, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.
ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა ადამიანებს მოწყურებული გვაქვს გარეთ გასვლა, ურთიერთობა, სხვადასხვა ადგილის მონახულება, ცხოვრებით ტკბობა, მხიარულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც კი საშუალება მოგვეცემა და სრულად აღდგება ყველაფერი, ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით განვითარების იმ ეტაპს, რომელსაც მიაღწია ტურიზმმა 2020 წლამდე.
იმედის თვალით ვუყურებ მომავალს და ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, მოგზაურობას მოწყურებული ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოსკენ აიღებს გეზს. თუმცა აქვე ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიდრე ამ ვირუსის რისკი გლობალური ხედვიდან არ გაქრება, უცხოელი ტურისტები თავს შეიკავებენ მოგზაურობისგან.
თქვენ, როგორც შემდგარი და წარმატებული ადამიანი, რას ურჩევდით მომავალ თაობებს?
გაუფრთხილდნენ დროს. ერთადერთი რამ, რაც ყველა ადამიანს ერთნაირად მოგვეცა, არის დრო − დღე-ღამეში 24 საათი. თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოთ ეს დრო, ან ფუჭად დახარჯოთ.
მიიღეთ კარგი განათლება. დღეს საქართველოში ბევრი პრობლემის სათავეა არასათანადო განათლება და კონკრეტულ მიმართულებებში პროფესიონალი ადამიანების სიმცირე.
დაისახეთ მიზნები და შემართებით იბრძოლეთ ამ მიზნების მისაღწევად! დღეს პიროვნული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტები ადვილად ხელმისაწვდომია. გარშემო უამრავი ინფორმაციაა და ახალგაზრდებს უსაზღვროდ დიდი შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სასურველ სფეროს. ვფიქრობ, ახალგაზრდა ადამიანისთვის უზომოდ მნიშვნელოვანია ასევე ადრეული ასაკიდან მუშაობა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა, რადგან ეს ძალიან ბევრ საჭირო უნარს გამოუმუშავებს პიროვნებას. ამიტომ აუცილებელია აქტიურობა და სწავლის წყურვილი. პირადად მეც ყოველდღიურად მომართული ვარ რაიმე ახლის სწავლისკენ. ინტელექტუალურად, ემოციურად და ფიზიკურად მუდმივი განვითარებაა საჭირო.
როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს სამი სიტყვით?
რთულია ადამიანის 3 სიტყვაში ჩატევა, მაგრამ რაც ახლა მახსენდება, ვარ უზომოდ პასუხისმგებლიანი, სამართლიანი და ერთგული.
სამომავლო გეგმები.
ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Tbilisi-ის ხელმძღვანელობას უკავშირდება. ასოციაციის მიმართულებითაც ძალიან კარგ, საინტერესო ადამიანებთან ერთად ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ჩვენი მომდევნო სტრატეგიული ნაბიჯებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საქართველოს ბიზნესტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში.
მაქვს მომავლის იმედი. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ვფიქრობ, რომ გამოსავალი არსებობს და წინ ყველაფერი კარგი გველოდება. ვფიქრობ, კორონავირუსის პერიოდმა ჩვენ ყველას გვასწავლა ნებისმიერ კრიზისზე მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირება და ნებისმიერი გაურკვევლობის დაძლევა. ჩვენ დღეს ბევრად ძლიერები და მობილიზებულები ვართ, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე ვიყავით.
ყველა კრიზისი როდესღაც სრულდება და ესეც გაივლის. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ჩვენ უნდა შევქმნათ ეს − სხვანაირი ფიქრით, აზროვნებითა და მოქმედებით.