აბელ ტესფაიე, სასცენო სახელით ცნობილი როგორც The Weeknd, კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერია, რომელმაც ექსტრაორდინალური სტილით, უკომპრომისო არტისტულობითა და ორიგინალური ჟღერადობით საყოველთაოდ გაითქვა სახელი. მის შემოქმედებაში იგრძნობა განსხვავებული რიტმი, კლასიკური R&B-ის, ელექტრონული მუსიკის, 80-იანი წლების პოპისა და ჰიპ-ჰოპის ნაზავი. აბელის ხანგრძლივ მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ალბომი After Hours პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლმა საზოგადოებამ პირველად გასული წლის მარტში მოისმინა. შემსრულებლის ახალი პროექტი იმდენად განსხვავებული და ორიგინალური აღმოჩნდა, რომ მუსიკალური ინდუსტრიის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი სამუდამოდ დაიკავა. სიმღერა Blinding Lights კი გახდა Spotify-ის ისტორიაში პირველი ნამუშევარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყო გლობალური ჩარტების ტოპ ათეულში.
მუსიკალურ ინდუტრიაში მიღწეული წარმატების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი გასული წლის მონაცემებით აბელ ტესფაიე კრიტიკოსებმა წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად შემსრულებლად აღიარეს. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მომღერლის ვიდეოები Youtube-ზე 4,8 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა, Spotify-ის მონაცამებით კი მისმა ალბომმა ყველაზე ხშირად სტრიმვადი ალბომების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. Official Charts Company-მ რამდენიმე კვირის წინ გასული წლის ყველაზე პოპულარული სიმღერების სია გამოაქვეყნა, სადაც გასაკვირი არ არის, რომ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის სინგლებიც შედის.
აბელის ცხოვრებისეული გამოცდილების ყველა დეტალი მისავე მუსიკაშია ჩაქსოვილი, თუმცა განსხვავებულად ტრანსფორმირებული. After Hours არის შემსრულებლის ყველაზე სრულყოფილად ორგანიზებული ალბომი, რომელიც მის შესახებაა დაწერილი. მაგალითად, სიმღერა Faith სწორედ აბელის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და “ბნელ” პერიოდს მიეძღვნა, როდესაც მან სადებიუტო ალბომი გამოუშვა და წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პროექტი ერთგვარ მუსიკალურ ნარატივად აქცია.
“რთული იყო ჩემს მშობლიურ მხარეში გაზრდა, ადრეულ ასაკში ბევრი პრობლემა მქონდა და ხშირად უსიამოვნებებში ვეხვეოდი, სხვადასხვა სკოლებში გადავდიოდი და ბოლოს სწავლასაც დავანებე თავი. მეგონა, რომ კინორეჟისორობა მინდოდა და ეს იქნებოდა ყველაფრის გამოსავალი, მაგრამ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვმღეროდი, ვერ ვხვდებოდი, რომ მქონდა მუსიკალური ნიჭი. კლასელების თანდასწრებით სიმღერა ყოველთვის მიჭირდა, განსაკუთრებით კი გოგონებისა და ახლო მეგობრების თანდასწრებით. ერთხელ, როდესაც 13 წლის ვიყავი, სრულიად უცხო ადამიანმა მითხრა, რომ ლამაზი ხმა მქონდა. მიხარია, რომ ჩემში ეს ნიჭი აღმოვაჩინე, რაც გადაიქცა ერთგვარ თერაპიად და ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა.“
“ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, რომ მუსიკასთან უდიდესი კავშირი მაქვს. ჩემი ბუნებრივი ხმა შთაგონებულია ეთიოპიური მუსიკით, რაც არის ქამელეონივით და თითოეული ალბომისთვის სხვადასხვა დატვირთვის მქონე პერსონაჟად ჩამოყალიბებაში მეხმარება. მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებობს გარკვეული წესები, რომლებსაც ყოველთვის ვარღვევდი, რადგან მე მაქვს ინდივიდუალური სტილი და ჩემს გზას ზედმიწევნით მივყვები.”
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო შემსრულებელმა After Hours-ის ტურნე ჯერჯერობოთ უცნობი ვადით გადადო, კანადელმა მომღერალმა თავისუფალი დრო ფუჭად არ დაკარგა და ახალი ცხოვრების მოლოდინში, წარსულის მოგონებები შთაგონების წყაროს აქცია. შემსრულებელმა უცხოურ გამოცემებთან გასული ათწლეულის განმავლობაში განვლილ ურთულეს გზაზე ისაუბრა, თუ რა ახდენდა მის შემოქმედებაზე ზეგავლენას და საიდან იღებდა ინსპირაციას.
“მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრება შეცვალა, მაქსიმალურად ვეცადე ეს პერიოდი შემოქმედებითად გამომეყენებინა და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ კარანტინში ყველაზე პროდუქტიული ვიყავი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. გლობალურმა პანდემიამ, Black Lives Matter მოძრაობამ და არჩევნების ფონზე შექმნილმა დაძაბულობამ მადლიერების გრძნობა გამიჩინა იმის მიმართ, რაც გამაჩნია, გარშემომყოფ ადამიანებთან სიახლოვე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
“ბოლო ათწლეული საკუთარი კარიერის შექმნას შევალიე, ახლა კი თითქოს წარსულის მოგონებებს გავურბივარ, After Hours არის ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიას დაანახა თუ რა შემიძლია.“
„ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ თავი დააღწიონ გონებაში არსებულ დემონებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მათგან გაქცევის შემდეგ უკან ბრუნდებიან. ყოველთვის მსურდა, ჩემი ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ დამეწერა, როდესაც “უგულო” ადამიანი ვიყავი, არაფერი მაინტერესებდა და სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვაც კი მეზიზღებოდა. ვცდილობ, არასდროს გავექცე რეალობას, მაგრამ ზოგჯერ ინსპირაციის მისაღებად ფანტაზიაც საჭიროა, როდესაც ალბომზე დავასრულე მუშაობა, მიხვდი, რომ ახლა ეს ადამიანი აღარ ვარ, თუმცა ოდესღაც ვიყავი. დროთა განმავლობაში ვიზრდები და ვყალიბდები, ვიმედოვნებ, მომავალში შვილები მეყოლება, მათ ჩემს შესახებ მოვუყვები და აუცილებლად ვეტყვი, რომ აღარ მინდა ვიყო ის პიროვნება, რომელიც ადრე ვიყავი.”
აბელი ბავშვობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, თუ რამხელა ზეგავლენა მოახდინა ადრეულ ასაკში ამერიკელი მსახიობის ჯიმ ქერის პროფესიონალურმა შესრულებამ, როდესაც დედამისმა 1994 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის The Mask-ის სანახავად კინოთეატრში წაიყვანა და მსახიობის გენიალური შესრულებით აღფრთოვანებული დარჩა. აბელმა ბავშვობის კუმირი ახლოს 2019 წლის ბოლოს გაიცნო, როდესაც საკუთარ შემოქმედებაზე გაესაუბრა.
“ჯიმ ქერის ლოს ანჯელესში არსებული სახლის მისამართი მივწერე, მან კი მითხრა, რომ მისი აივნიდან ჩემი ადგილსამყოფელი შესანიშნავად ჩანდა, ჩვენ ტელესკოპები ავიღეთ და ასე ვუყურებდით ერთმანეთს. მოვუყევი, როგორ წამიყვანა დედამ კინოთეატრში მისი ფილმის სანახავად და რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა შესრულებამ. 30-ე დაბადების დღეზე ჯიმმა დამირეკა და მითხრა რომ ფანჯრიდან გამეხედა, აივანზე გასულმა კი გიგანტური წითელი ბურთები დავინახე. იმავე დღეს ჯიმთან გასაუბრებაც მოვახერხე, ეს ყველაფერი ჩემთვის სიურეალისტური იყო, რადგან ჯიმი ჩემთვის პირველი ინსპირაცია იყო, რომელიც არტისტად ჩამოყალიბებაში დამეხმარა.”
ალბომის გამოშვებამდე რამდენიმე დღით ადრე აბელი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ტურნეს გაუქმება მოუწევდა, თუმცა სოციალურ ქსელში ათასობით მადლიერი ადამიანის კომენტარი როდესაც წაიკითხა, ზუსტად იცოდა, რომ მსმენელის წინაშე ახალი ალბომის გამოშვების ვალდებულება ჰქონდა. ვარსკვლავის გამომწერები გლობალური პანდემიის გამო შექმნილი ერთფეროვანი რუტინის გალამაზებისთვის შემსრულებელს მადლობას უხდიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აბელს კოცერტებისა და ტურნეების გაუქმება, ზოგიერთის კი დროებით გადადება მოუწია, 2020 წლის აგვისტოში მან Tik Tok-ზე ინტერაქციული კონცერტი მაინც გამართა, რომელიც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
“კომერციულად წარმატებული ალბომი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მაღაზიები დაკეტილი იყო და ადამიანებს კონცერტებზე სიარული აღარ შეეძლოთ, ვიცოდი, რომ ვალდებული ვიყავი გამომეშვა ალბომი, რომელსაც ჩემი გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ საზოგადოებას რთულ მდგომარეობას ოდნავ მაინც შევუმსუბუქებდი.”
“საზოგადოება ფიქრობს, რომ ადამიანებისთვის საუკეთესო პერიოდი 30-იანი წლებია, რადგან ამ დროს პიროვნებად ყალიბდები და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადები. ჩემთვის, როგორც შემსრულებლისთვის, ეს განსხვავებული ათწლეულის დასაწყისია, მიუხედავად მუსიკალურ ინდუსტრიაში გატარებული უამრავი წლისა, ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერა სწორედ ახლა იწყება.”
2020 წელს ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე შესრულებული ექსტრაორდინალური პერფორმანსის შემდეგ კრიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ აბელ ტესფაიე ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოს „გრემის“ ნომინანტებს შორის ერთ-ერთი პირველი იქნებოდა, თუმცა შემსრულებელმა მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან დაჯილდოებაზე ვერცერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა, ამის პარალელურად კი პერფორმანსი, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა, გააუქმა. The Weeknd-ის სკანდალურმა განცხადებამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა, როდესაც ვარსკვლავმა Grammy კორუფციაში დაადანაშაულა.
აბელს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უცხადებდა მხარდაჭერას, მათ შორის იყო ლეგენდარული ინგლისელი მომღერალი ელტონ ჯონი, რომელმაც Blinding Lights წლის საუკეთესო სიმღერად დაასახელა. მიუხედავად 2020 წლის სკანდალური დასასრულისა, 2021 წელი აბელისთვის წარმატებულად დაიწყო, შეგახსენებთ, რომ Super Bowl LV halftime შოუზე The Weeknd წელს პირველად იმღერებს. აბელ ტესფაიეს პერფორმანსს მაყურებელი შვიდ თებერვალს, ფლორიდაში, Raymond James Stadium-ზე იხილავს.