ქართული OK! ნიჭიერ ქართველ რეჟისორს, თინათინ გურჩიანს წარმოგიდგენთ, რომლის ბოლო ნამუშევარმა − ტელესერიალმა „სეანსი“, ქართველ ტელემაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია და უზომო პოპულარობა მოიპოვა. „სეანსი“ თინამ 2020 წლის პანდემიური კრიზისის პერიოდში გადაიღო. თავად ამბობს, რომ ეს პროექტი მისთვის, როგორც დოკუმენტური და მხატვრული კინოს რეჟისორისთვის, ახალი და საინტერესო გამოცდილებაა. როგორ მივიდა თინა სერიალის გადაღების გადაწყვეტილებამდე, რა რეჟიმში მიმდინარეობდა „სეანსზე“ მუშაობა და როგორია რეჟისორის სამომავლო გეგმები − წაიკითხეთ თინა გურჩიანთან ინტერვიუში.
თინა, ამ განსაკუთრებულ, პანდემიურ რეჟიმში საკმაოდ საინტერესო პროექტში ჩაერთეთ − „სეანსზე“ მოგვიყევით.
როცა პანდემიის გამო ჩემი ყველა პროექტი გაჩერდა, „ნოვა პროდაქშენმა“ შემომთავაზა, საქართველოს პირველ არხთან ერთად დაგეგმილ პროექტ „სეანსზე“ მუშაობა. ეს არის HBO-ს ანალოგი, დრამატული სერიალი, რომელიც ფსიქოთერაპევტის ყოველდღიურობას გვაჩვენებს და მიზნად ისახავდა ხარისხიანი, არაგასართობი და მაღალმხატვრული ხარისხის ქართული სერიალის შექმნას, რომელიც დისკუსიას გააღვივებდა ბევრ მტკივნეულ, აქტუალურ და ზოგჯერ ტაბუდადებულ თემაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა რჩება. ჩემთვის ამ სერიალის გაკეთების იდეა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შეეხებოდა და დაფუძნებული იქნებოდა, უბრალო, ადამიანურ, ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობ და გასაგებ ისტორიებზე, რომლებზე ღიად საუბარს ხშირად მაინც გავურბივართ. თან „სეანსის“ მთავარი გმირი უნდა ყოფილიყო ფსიქოთერაპევტი − ჩვენს კულტურაში საკმაოდ უცხო და ეგზოტიკური პროფესიის მატარებელი, რომლისადმი ინტერესი ძალიან დიდია.
გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, ჩემთვის, როგორც შემოქმედისათვის, საინტერესო იყო ის, რომ „სეანსის“ შემთხვევაში, საქმე ეხება მზა და უკვე მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ ფორმატს, როცა არაფრის გამოგონება საჭირო აღარ არის, ბევრი რამ წინასწარ დადგენილი და განსაზღვრულია − როგორც ეს გაკეთდა ისრაელში, აშშ-ში, ევროპაში, ბრაზილიასა თუ იაპონიაში. ფორმატის ამ ჩარჩოების მიუხედავად, არხისგანაც და პროდიუსერებისგანაც შემოქმედებით ჯგუფს გვეძლეოდა თემების გაშლის სრული თავისუფლება.
თავდაპირველად, დაკვეთა იყო ამ სერიალის კრეატიულ, სადადგმო ნაწილზე მუშაობა, მისთვის სახისა და ფორმის მიცემა, რადგან პროდიუსერები იცნობდნენ ჩემს წინა ფილმს, სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულ სურათს − „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, რომლის მონოლოგური ფორმა ახლოს იყო იმ კამერულ სიტუაციასთან, სადაც ამ სერიალის გმირები და მსახიობები აღმოჩნდებოდნენ. მზადების საწყის ეტაპზე არც მიფიქრია, რომ „სეანსს“ თავად გადავიღებდი თავიდან ბოლომდე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში კინოსკოლაში ყველა ჟანრში მუშაობას გვასწავლიდნენ, მათ შორის სერიალებზეც, ამ სატელევიზიო პროდუქტის რიტმი და პრინციპები ჩემთვის შინაგანად უცხო იყო. მე თავად არ ვარ სერიალების მაყურებელი და ეს არც ჩემი, როგორც რეჟისორის, მოთხოვნა არ ყოფილა. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმუშავებდი ამ პროექტზე და ჩემი ჩართულობა სერიალის მხატვრულ, თავდაპირველ სადადგმო ნაწილს არ გასცდებოდა. ამავდროულად, მინდოდა, უკეთ გამეცნო განსხვავებული ქართული სამსახიობო სკოლები, ტრადიციები, მისი რესურსები და შესაძლებლობები; სურვილი გამიჩნდა, სხვადასხვა წყვილი, მსახიობთა სხვადასხვა და უჩვეულო კომბინაცია მომესინჯა ამ საინტერესო პროექტისთვის, რომლებიც რთული სამსახიობო ამოცანის დაძლევას შეძლებდნენ. დავიწყე მსახიობების შერჩევა, გავიცანი კინოსა და თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობები, დავიწყე მათთან დიალოგი, ამ ზღვა მასალის ერთად კითხვა, სახეებსა და გმირებზე მსჯელობა, სინჯები, და ასე, თანდათან შევტოპე. ეს ყველაფერი პირველი ლოქდაუნის დროს ხდებოდა, როცა ყველა და ყველაფერი გაჩერებული იყო. ასე შეუმჩნევლად და საინტერესოდ გაირბინა სამმა თვემ (და ასე მომეჭრა უკანდასახევი გზაც). როცა კარანტინიდან გამოვედით და გამოვფხიზლდით, გადაღების დროც დამდგარიყო და პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მოგვიწია შევარდნა, ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე.
მე უცხო, სხვების მიერ დაწერილი სცენარით არასდროს მიმუშავია, თუმცა „სეანსის“ სცენარი ძალიან საინტერესოდ იყო აწყობილი და მთავარ გმირებს მრავალი სახის ჩვენების საშუალებას აძლევდა, ხოლო სერიალის თითოეული მოტივი, იქნებოდა ეს ოჯახური ურთიერთობები, ღალატი, ერთგულება, მიტევება, სიყვარული თუ პროფესიული ეთიკის საკითხები, სხვადასხვა პერსონაჟში სხვადასხვანაირად იშლებოდა.
ძალიან რთული გამოწვევა იყო ჩემთვის, რომ მთელი სერიები ერთ კამერულ, ჩაკეტილ სივრცეში, უძრავად, მხოლოდ დიალოგებში უნდა განვითარებულიყო და მხოლოდ ორ მსახიობს უნდა ელაპარაკა მთელი სერიების განმავლობაში.
სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა გუნდისთვის და მსახიობებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ძალიან ცნობილი და გამოცდილი იყო. გადაღებები ყოველდღე მიმდინარეობდა, გადაბმულად, დასვენების დღეებისა და რეპეტიციების გარეშე. დღეში უნდა გადაგვეღო თითო სერია, გასაგებად საკმაოდ რთული და დასამახსოვრებლად ძალიან ვრცელი ტექსტებით. თანაც, მთავარი გმირი − ფსიქოლოგი ლევან არაბული, 45-ივე სერიაში, უკლებლივ ყველა სცენაში უნდა ყოფილიყო. ეს, სხვა უნარების გარდა, დიდ ფიზიკურ გამძლეობასაც ითხოვდა, თან გადაბმულად, თვეების განმავლობაში. ამან, სამწუხაროდ, ერთ დიდ, ლეგენდარულ, მაგრამ უკვე ხანშიშესულ მსახიობს უარის თქმაც აიძულა მისთვის ამ საოცნებო როლზე, რაც საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა მანაც და ჩვენც, რადგან მასთან ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა გავლილი. საბედნიეროდ, მერე ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი დავითანხმეთ, რომელმაც, მისი საყოველთაოდ ცნობილი სამსახიობო მონაცემების გარდა, გერმანული დისციპლინა და გამძლეობა გამოავლინა და სხვა არაჩვეულებრივ მსახიობებთან-ნინო კასრაძესთან, ია სუხიტაშვილთან, მიშა გომიაშვილთან, ნატალია ყულოშვილთან, კატო კალატოზიშვილთან, სალომე თოფურიასთან, პაატა ინაურთან, გიორგი შარვაშიძესთან, პოლიკა კუბლაშვილან, მარიამ ავალიანთან და ქეთი ხიტირთან ერთად ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა შეძლო.
რამდენ ხანს გაგრძელდა პროექტზე მუშაობა?
მარტში დავიწყეთ სცენარის თარგმნა და ენობრივი ადაპტირება. როგორც უკვე ვახსენე, ეს სერიალი ცნობილი ებრაული ფორმატია, რომლის ზუსტი ანალოგი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გაკეთდა და ჩვენც გავაქართულეთ − უმნიშვნელო ცვლილებებით, რადგან მასში აღწერილი თემებისა და ურთიერთობების უნივერსალურობა ძირითადი ხაზების შენარჩუნების საშუალებას გვაძლევდა.
თავად გადაღებები 2 თვე გაგრძელდა და ყველა მონაწილისთვის − გამოცდილისა თუ გამოუცდელისთვის, საკმაოდ ექსტრემალური, დინამიკური და განსხვავებული გამოცდილება იყო, თან ამ ფორსმაჟორულ, გაყინულ დროში, როგორშიც ახლა ვიმყოფებით, ყველას ძალიან ბევრი რამ გვასწავლა და შეგვძინა.
როგორც აღნიშნეთ, თქვენთვის ახალი გამოცდილებაა სერიალზე მუშაობა. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?
ამ პროექტმა, შემოქმედებითი თვალსაზრისით, უდიდესი გამოცდილება შემძინა, უპირველეს ყოვლისა, მსახიობებთან მუშაობის კუთხით. მე არასდროს მიმუშავია ამდენი ტექსტით. „სეანსი“ კინოდ რომ გადამეღო, ამდენი დიალოგი, ამდენი სიტყვა, ამდენი სტატიკა არავითარ შემთხვევაში არ მექნებოდა და გამომსახველობის სხვა ხერხებს გამოვიყენებდი. თუმცა ჩემთვის გამოწვევისა და ავანტიურის არსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მომესინჯა და გამეკეთებინა ის, რასაც კინოში არასოდეს გავაკეთებდი − მკაფიოდ მოცემულ ჩარჩოებში, ჩემთვის უცხო ტექსტით, დროსა და სივრცეში აბსოლუტური შეზღუდვების პირობებში შემექმნა 45 სერიად გაშლილი ერთი კაცის ამბავი და დამეჭირა მაყურებლის ინტერესი ამდენი ხნის განმავლობაში. სერიალს სხვა კანონები აქვს და მათი შეცნობა ძალიან საინტერესოა.
როგორ ფიქრობთ, მაყურებელი რას იღებს ამ სერიალისგან? რატომ გახდა ის პოპულარული?
როგორც უკვე ვთქვი, „სეანსი“ ცნობილი ებრაული სერიალის ანალოგია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადაიღეს − ჩრდილო და სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული, იაპონიით დამთავრებული, და ყველა ამ ქვეყანასა თუ კულტურაში წარმატებული იყო. მიუხედავად ამისა, თავიდან მე მაინც ვღელავდი − შეძლებდა თუ არა ქართველი მაყურებელი ასეთი დრამატული სერიალის მენტალურად და ფიზიკურად მიღებას, მსგავსი რთული ინტელექტუალური და ნიუანსირებული ფსიქოლოგიური თამაშების სტატიკაში ნახვას და გრძელი დიალოგების მოსმენას ამდენი სერიის განმავლობაში.
ახლა კი, როცა ვხედავ, რომ ქართველი მაყურებელი ძალიან ჩართულია ამ სერიალში და მის გმირებთან ერთად გადის უზომოდ რთულ ემოციურ გზა, საოცრად მიხარია. მახარებს ის დისკუსიებიც, რომელიც სერიალის პარალელურად მიმდინარეობს. იმედია, ეს სერიალი მაყურებელს ბევრი რამის შეცნობა-გადაფასებაში დაეხმარება − როგორც პირადულის, ისე საზოგადოებრივად აქტუალურის, მტკივნეულის, და ბევრ ტაბუდადებულ თემაზე ღიაობასა და საჯაროობას შეუწყობს ხელს. ასევე, საზოგადოებრივ დისკურსს შექმნის, მათ შორის ფსიქოთერაპევტის პროფესიაზეც, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ნორმასა და პათოლოგიაზე.
თინა, მინდა გკითხოთ − რა არის თქვენი, როგორც რეჟისორის, პრინციპები, რომელსაც არასოდეს ღალატობთ და ასე ქმნით თქვენს ხელწერას, როგორც ხელოვანი.
ჩემი, როგორც ხელოვანის, ხელწერას რაც შეეხება, ეს კომპლექსური საკითხია და ამაზე მსჯელობა ნაადრევია − საამისოდ ჯერ ნამუშევრები უნდა დაგროვდეს.
ხოლო თუ რას არ ვღალატობ, ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არასდროს ვაკეთებ რაიმეს სანახევროდ და ზერელედ; არასდროს მივდივარ „ხალტურაზე“, მივყვები ჩემს ინტუიციას და ჩემთვის ასეთი უცხო პროექტების დროსაც კი ვცდილობ, ვიპოვო იმ გმირების შინაგანი სიმართლე, რომლებზეც ვყვები მოცემულ მომენტში − ვაჩვენო მათი შინაგანი, არსებითი მხარე, მამოძრავებელი ძალა და თავად მსახიობებსაც ვაპოვნინო საკუთარი თავი ამ გმირებში. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. და აქ ფორმა შინაარსს ემსახურება.
მე, როგორც მხატვრული კინოს რეჟისორი, დოკუმენტური ფილმით და „რეალური“ ცხოვრების ასახვით სწორედ ამის გამო დავინტერესდი, რომ მეპოვა ნამდვილ, ნაღდ ადამიანებსა და ცხოვრებაში გამოხატული სიმართლე, რადგან იქ თამაში არ არის, იქ თამაში შეუძლებელია. ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, სად გადის „სინაღდის“, ავთენტურობის ზღვარი, საიდან ჩნდება სიყალბე და გაუცხოება მსახიობებში, რომლებიც ტექნიკას იყენებენ და ისე მუშაობენ.
რამდენად სასიამოვნო აღმოჩნდა სერიალზე მუშაობა? კიდევ მიუბრუნდებით?
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სერიალზე მუშაობა უზომოდ საინტერესო იყო და ძალიან ბევრი რამ მომცა პროფესიული კუთხით, მაგრამ ახლა კინო მენატრება ძალიან. მინდა ოთახიდან გამოვიდე, გარეთ გავიდე კამერით, მქონდეს სივრცეში კამერის მეტი მოძრაობის საშუალება, მქონდეს ნაკლები ტექსტი და მეტი მოძრაობა. ბევრი რამ ვისწავლე, შევიძინე და ახლა ახალი გამოწვევებისა და ახალი პროექტების დროა.
თინა, თქვენ ბავშვობიდან გქონდათ გადაწყვეტილი, რომ გამხდარიყავით რეჟისორი. კონკრეტულად, რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება?
ხელოვნების ყველა დარგი ღრმა ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა, თუმცა კინოსადმი მაინც განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. 6-7 წლის ვიყავი, როცა ბავშვებთან საღეჭ რეზინებზე სანაძლეო დავდე, რომ აუცილებლად კინორეჟისორი გავხდებოდი. არაფერი მაჯადოებდა ისე, როგორც კინო, და ყოველთვის მინდოდა ისეთი ფილმები გადამეღო, როგორიც თავად მაინტერესებდა და მომწონდა.
შესაძლოა ეს სიყვარული იქიდანაც მოდიოდა, რომ დედაც მუდამ კინოკამერით დაგვდევდა, შინაც საშინაო კინოთეატრი გვქონდა მოწყობილი, ხშირად გვაყურებინებდა მუნჯი კინოს შედევრებს, მიხეილ კობახიძის ფილმებს, რომელიც ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. მამაც ყოველთვის კინოს უყურებდა და კარგი კინოს აღქმა საკმაოდ ადრე მოვიდა ჩემთან. თუმცა, როდესაც პროფესია და უმაღლესი განათლების მიმართულება უნდა ამერჩია, მაშინვე ვერ გავბედე სარეჟისორო ფაკულტეტზე გამოცდების ჩაბარება. ჯერ ადრე იყო ჩემთვის, ჯერ მზად არ ვიყავი. გადავწყვიტე, ჯერ სხვა პროფესია მეცადა, მეტი გამეგო საკუთარ თავზე, სამყაროზე. შორიდან ვუვლიდი ამ პროფესიას, სანამ საბოლოოდ არ გაჩნდა სათქმელი და ცხოვრებისეული გამოცდილებაც არ მოვიდა. ახლა მგონია, რომ ეს დამოკიდებულება სწორი იყო, რადგან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა, ბევრი სტუდენტი, ვინც გერმანიაში ჩემთან ერთად სწავლობდა სარეჟისორო ფაკულტეტზე. დიდი შინაგანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ეს საქმე ძალიან მყარ ფსიქიკას და დიდ შინაგან ძალასა და თავდაჯერებულობას ითხოვს. მახსოვს, მისაღებ გამოცდებზე რომ გვეკითხებოდნენ, რა მსხვერპლზე წავიდოდით კინოს გამო... სწავლის პროცესში როგორ გვცდიდნენ კრივის გაკვეთილებით, მედიტაციებით, ბევრი სხვა უცნაური, უჩვეულო მეთოდით და პროვოკაციით. მაშინ ეს ყველაფერი მეხამუშებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს მნიშვნელოვანი პიროვნული ტესტები იყო, რომელიც ამ პროფესიისთვის უნდა გაგვევლო და ბევრმა ვერ გაიარა.
გაგვიმხილეთ თქვენი ყველაზე დიდი გეგმა-ოცნება.
მინდა გადავიღო ისეთი კინო, როგორიც თვითონ მიყვარს და მომწონს. რომელიც ხალხს დააფიქრებს, ააღელვებს და მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, გააცინებს და გაახარებს ერთდროულად.
თვითკრიტიკული ხართ?
მე ვფიქრობ, რომ ვარ. ეს ჩვენი აღზრდიდანაც მოდის. ქართულ კულტურაში მუდამ ვაკრიტიკებთ და მეტისმეტად ბევრს ვთხოვთ ერთმანეთს, საკუთარ თავს. დასავლური კულტურა კი გვასწავლის, რომ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც აქ და ახლა შეგვიძლია ვაკეთოთ ან შევქმნათ, და წინ პატარ-პატარა ნაბიჯებით ვიაროთ. იქ ყველა ერთმანეთს აქებს და ამხნევებს. სხვების აზრი მნიშვნელოვანია − კრიტიკაც და ქებაც, თუმცა ის დამოკიდებულს გხდის, კომპრომისებს გაჩვევს, მე კი არ მინდა კომპრომისებს შევეგუო. მირჩევნია, დავინახო ჩემი ნაკლი, მარცხიც გავაანალიზო, რათა მივიდე სასურველ შედეგამდე. წინ დიდი გზაა.
თინა, კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ, რომლის განხორციელებასაც ამ ჩაკეტილობიდან გამოსვლის შემდეგ აპირებთ?
მაქვს მხატვრული ფილმის პროექტი, რომლის სცენარსაც ახლა ვწერ და მინდა, რაც შეიძლება მალე დავადგე მისი განხორციელების გზას. ასევე, დასამთავრებელი მაქვს დოკუმენტური ფილმი „სატრფიალო. პასტორალი“, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ და რომელიც ჩემი ტრილოგიის მეორე ფილმია, სურათის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ შემდეგ. მისი დასრულება პანდემიის გამო შეჩერდა. ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან ამ უცნაურმა დრომ სურვილი გამიჩინა, ახლებურად გადავხედო ამ ფილმს და სხვა მიმართულებითაც გავამდიდრო, რაც პანდემიამ მოიტანა ჩვენს გულებსა და შემეცნებაში.
უპირველესად, ამ ორ პროექტს განვახორციელებ. შემდეგ გზას უკვე ცხოვრება მიჩვენებს. ამ მძიმე დრომ ყველას დაგვანახა, რომ ყოველთვის ყველაფერი გეგმების მიხედვით არ მიდის. მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ.
ფოტო: გიორგი ცაავა