როგორც ბიზნესსა და სამთავრობო გუნდის წევრებს შორის 2021 წლის 26 იანვარს გამართული შეხვედრიდან გახდა ცნობილი, არ იგეგმება მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძალაში რჩება სათხილამურო გზებისა და საბაგიროების ფუნქციონირებაზე დაწესებული აკრძალვები და ყველა სხვა შეზღუდვა.
შექმნილი მოცემულობა, სამწუხაროდ, არ გვაძლევს მიმდინარე წლის ზამთრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინის გაჩენის შესაძლებლობას.
დეველოპერული კომპანია რედკო ითვალისწინებს რა შეზღუდვებიდან გამომდინარე შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მძიმე ზეგავლენას, გუდაურსა და ბაკურიანში მდებარე, მის სასტუმრო კომპლექსებში განთავსებული აპარტამენტების მესაკუთრეების მიმართ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, რომელიც ასევე რთულ გამოწვევას წარმოადგენს თავად კომპანიისათვის, საკუთარი რესურსებიდან გამონახოს საჭირო ფინანსური სახსრები იმ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლების დასადგენად, რომლის სანაცვლო საფასურის გადახდის/დაფარვის ვალდებულებაც მიმდინარე წელს გააჩნიათ მომსახურების საფასურის სახით, გუდაურსა და ბაკურიანში მდებარე სასტუმრო რეზიდენციების მესაკუთრეებს.
ამასთან, იმ მესაკუთრეებს, რომელთაც მიმდინარე წლის მომსახურების საფასური სრულად აქვთ გადახდილი, 2021 წლის მომსახურების საფასურის 50% გადახდილად ჩაეთვლებათ მომდევნო წლის გადასახადში.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენი კომპანიის ათასობით მომხმარებელს და მისცემს შესაძლებლობას, ამ ურთულეს სიტუაციაში კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს.
იმედს ვიტოვებთ, რომ პანდემიას და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს წარმატებით დავძლევთ ყველა ერთად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დეველოპერული კომპანია რედკო