მოგბეზრდათ შინ ყოფნა და არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ? რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე წიგნების კითხვაა, მით უფრო ახლა, როდესაც ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დროის დიდ ნაწილს შინ ვატარებთ. OK! გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო საინტერესოსა და სასარგებლოს გახდის.
ერიხ მარია რემარკი, „ნასესხები სიცოცხლე“ − ეს არის ცხოვრება, როდესაც დასაკარგი არაფერი დაგრჩენია. ავტომრბოლელ კლერფეს ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმიდან სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტი, სახელად ლილიანი მიჰყავს. ახალგაზრდა ქალმა იცის, რომ დიდხანს სიცოცხლე არ უწერია და ოცნებობს, დარჩენილი დღეები ლამაზად და უჩვეულოდ გაატაროს... ეს არის ისტორია, რომელიც გასწავლის ცხოვრების დაფასებას და გეხმარება, დაძლიო სიკვდილის შიში.
მარგარეტ ეტვუდი, „მხევლის წიგნი“ − მარგარეტ ეტვუდის ანტიუტოპიაში წარმოდგენილია სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ. სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. „მხევლის წიგნი“ წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების გასამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ. შეუძლებელია, გულგრილი დარჩეთ ამ რომანის მიმართ.
ჯოჯო მოიესი, „მე, შენამდე“ − ლუ კლარმა ბევრი რამ იცის. მაგალითად, რამდენი ნაბიჯია ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე. იცის, რომ საკუთარი სამუშაო მოსწონს და იმასაც ეჭვობს, რომ თავისი შეყვარებული − პატრიკი სულაც არ უყვარს. თუმცა, ლუს წარმოდგენაც არ აქვს, ცოტა ხანში სამსახურს რომ დაკარგავს და ის, რასაც მომავალი უმზადებს, მის სიცოცხლეს მთლიანად შეცვლის. უილ ტრეინორმა იცის, რომ ავარიამ სიცოცხლის სურვილი წაართვა. მის გარშემო ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა და გამოიფიტა. იმის შესახებაც იცის, თუ როგორ მოუღოს ამ ყველაფერს ბოლო. თუმცა, უილმა არ იცის, რომ მალე მის სოცოცხლეში ლუ გამოჩნდება და ყოველდღიურობას კვლავ დაუბრუნდება ფერები.
ვლადიმირ ნაბოკოვი, „ლოლიტა“− წიგნი-სკანდალი, წიგნი-აღსარება, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა, დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული“ ამერიკის შეჯახებაა დახატული. სიტყვა „ხატვა“, ამ შემთხვევაში, სწორედ რომ შესაფერისია, რადგან „ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონური აღწერით.
ელის მანრო, „ძვირფასი სიცოცხლე“ − ნობელის პრემიის ლაურეატ ელის მანროს მოთხრობების მთავარი თავისებურება იმაშია, რომ ნებისმიერ მათგანში შემთხვევით შეიძლება საკუთარი ცხოვრების ისტორია აღმოაჩინოთ. შეუძლებელია, მისი გმირების არსებობა არ დაიჯერო. ყველაზე ძლიერი იარაღი მანროს „არსენალში“ თანაგრძნობაა საკუთარი პერსონაჟების მიმართ.