ფილმები განტვირთვისა და დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რომ არის, ამაზე ბევრი საუბარი ნამდვილად არ არის საჭირო. მით უფრო ისეთ პერიოდში, როგორშიც ახლა ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომლებსაც შეგვიძლია შინ ყოფნის დროს ვუყუროთ და ასე გავიყვანოთ დრო, ვიდრე მსოფლიო კორონავირუსს არ დაამარცხებს.
ჯოი − დევიდ ო. რასელის ფილმი ორი შვილის დედაზე – ჯოიზე მოგვითხრობს, რომელიც მატერიალური პრობლემებითაა გადაღლილი. ამ პრობლემების გადალახვის მცდელობებში ჩაფლულს, გადაავიწყდა თავისი გამომგონებლური ნიჭის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოავლინა. ფილმის სცენარს საფუძვლად ჯოი მანგანოს, მარტოხელა დედის ისტორია უდევს, რომელმაც თვითგამწური იატაკის მოსაწმენდი ჯოხი-საოცრება გამოიგონა. საბოლოო ჯამში, ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე გახდა. ჯენიფერ ლოურენსი ჯოი მანგანოს როლისთვის „ოსკარზე“ საუკეთესო მსახიობი ქალისთვის იყო ნომინირებული.
სუფრაჟისტები – ისინი არ არიან უბრალოდ ექსტრემისტულად განწყობილი ქალები, რომლებიც მაღაზიის ვიტრინებს ქვებს უშენენ. ისინი ჩვეულებრივი ქალები არიან, საყვარელი მეუღლეები და დედები, ვიღაცის ქალიშვილები. მათ არა მხოლოდ პომპეზური საკითხები ადარდებთ აბსტრაქტულ თანასწორობაზე, არამედ პრობლემებიც, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდებიან: შეუძლებლობა, თავი დაიცვან სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობისგან; არ ჰქონდეთ მამაკაცებთან შედარებით ნაკლები სახელფასო ანაზღაურება იმავე გაწეულ სამსახურში; საკუთარ შვილზე უფლების არქონა. მიზნისთვის, რომელიც იმ წლებში მიუღწეველი ჩანდა და ადამიანებში მხოლოდ დაცინვას იწვევდა, ქალები მზად არიან გარისკონ სამსახურის, სახლის, ოჯახისა და საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. ფილმში მთავარ როლებს ქერი მალიგენი, ჰელენ ბონემ კარტერი და მერილ სტრიპი ასრულებენ.
ფრიდა − ჯული ტეიმორის დრამა ცნობილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ცხოვრებაზეა, რომლის ბედისწერაც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. 18 წლის ასაკში ფრიდა საშინელი ავარიის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული და სწორედ ამ პერიოდში აიღო მან პირველად ფუნჯი და საღებავი. ფილმი გამბედავი და ქარიზმატული ქალის ცხოვრებას ამ მომენტიდან დაწყებული, სიკვდილამდე ზედმიწევნით გადმოგვცემს. ფილმი ასევე მოგვითხრობს ფრიდას და მისი მეუღლის, მხატვარ დიეგო რივერას ურთიერთობაზე, რომელიც ცოლს ღალატობდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ფრიდას ის მაინც უყვარდა. მექსიკელი მხატვრის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს სელმა ჰაიეკი, რომელიც „ოსკარზე“ საუკეთესო მსახიობი ქალისთვის იყო ნომინირებული. ამის გარდა, ფილმმა „ოსკარზე“ კიდევ 5 ნომინაცია მოიპოვა, რომელთაგან ორში გაიმარჯვა: „საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის“ და „საუკეთესო გრიმისთვის“.
ჯარისკაცი ჯეინი − ის გვიჩვენებს, რა ძალა აქვს ადამიანის სულს. ფილმი შეიცავს რამდენიმე დაუვიწყარ სცენას, რომელთა საშუალებითაც „ჯარისკაცი ჯეინი“ ნამდვილ კლასიკად იქცა.
უხილავი მხარე − კიდევ ერთი ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ჯონ ლი ჰენკოკის ფილმი მაიკლ ლუისის წიგნის მიხედვითაა გადაღებული და აფროამერიკელ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელმაც მორიგი საცხოვრებელი ადგილი დაკარგა. ახოვანი მაიკლ ოერი უზრუნველყოფილმა თეთრკანიანმა ოჯახმა შეიფარა. სანდრა ბულოკის სამართლიანი, გონიერი, ნებისყოფიანი და დამოუკიდებელი პერსონაჟი მას საკუთარი თავის რწმენას ჩაუსახავს. ბულოკმა ამ როლისთვის „ოსკარი“ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო, ფილმი კი ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო სურათი.