თავის მოვლა, ჩაცმის სტილი, ინდივიდუალური გარეგნობა... ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობენ ქალბატონები, რომლებსაც ამ კომპონენტებით გამოვარჩევთ და ჩვენს ქვეცნობიერში Style Icon-ებადაც კი გვევლინებიან. ამჯერად OK! სამყაროს ყველაზე გამორჩეული და ლამაზი ქალბატონების შესახებ გიამბობთ, რომლებიც მუდმივად დიდ ყურადღებას იმსახურებენ და უამრავი ჩვენგანისთვის ინსპირაციის წყაროსაც კი წარმოადგენენ.
სოფი ლორენი
სოფი ლორენი ლეგენდარული მსახიობია, რომელიც იტალიური სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა. მას დღემდე მთელ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. ამბობენ, რომ თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ელეგანტურობის სიმბოლო, ეს სწორედ სოფი ლორენია. მისი დახვეწილი მანერები და ელეგანტურობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
მისი ადრეული ცხოვრება, მძიმე ბავშვობა, წარმატებისკენ მიმავალი რთული გზა და საოცარი სიამაყე ცალკე აღნიშვნისა და აღფრთოვანების ღირსია. მისი გემოვნება, ჩაცმის დიდებული სტილი და სამკაულების უზომო სიყვარული კი მსახიობის ინდივიდუალიზმის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
სოფისთვის კაბა იყო ეკლიანი მავთული, რომელიც გარშემო ეხვეოდა და იცავდა მას. დახვეწილი სტილის მთავარი ატრიბუტები კი ძვირადღირებული ქვები გახლდათ, რომელიც მსახიობს განსაკუთრებით უყვარდა.
ანჯელინა ჯოლი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია – მისი გარეგნობა, კარიერა, პირადი ცხოვრება თუ საქველმოქმედო საქმიანობა უკვე 20 წელზე მეტია, რაც მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა. ანჯელინა ჯოლი ყველა ასაკში ინარჩუნებს მომხიბვლელობას. ის ყოველთვის ბუნებრივი სილამაზით გამოირჩეოდა, ამიტომაც, ბევრი ძალისხმევა თავის მოვლაზე არასოდეს სჭირდებოდა.
მსახიობი მუდამ ჟურნალისტებისა და დანარჩენი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. კინოვარსკვლავის ცხოვრების დეტალებით ყველა ინტერესდება და ძალიან რთულია მისთვის პირადი სივრცის შენარჩუნება.
ანჯელინა ჯოლის თავის მოვლის საიდუმლო კი ასე გამოიყურება: მზისგან დაცვა, კანის საგულდაგულო მოვლა, მინიმალური მაკიაჟი, კარგი გენები.