„ალტერბრიჯი“ უმაღლესი სასწავლებელია, რომლის მისიაა შექმნას პიროვნული და კარიერული თვითრეალიზების შესაძლებლობა. აქ სტუდენტებს ასწავლიან, თუ როგორ იპოვონ თავიანთი „ალტერმე“ და შემდგომ მიღებული ცოდნა დაუკავშირონ დასაქმებას. OK! გაესაუბრა „ალტერბრიჯის“ დამფუძნებელს, ნათია გოცაძეს.
გვიამბეთ „ალტერბრიჯის“ დაარსების ისტორია.
„ალტერბრიჯი“ ახალი უნივერსიტეტია, რომელიც სულ 1 წელია, რაც ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტატუსს ატარებს, თუმცა მისი ისტორია 2012 წლის 17 დეკემბერიდან იწყება, როდესაც გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, როგორც ინდივიდუალური ტრენინგ-ცენტრის დაფუძნების სტრატეგიული იდეა, განმეხორციელებინა და შევქმენი PR-აკადემია, რომელიც დღეს „ალტერბრიჯის“ დამაარსებელია. PR-აკადემიის განვითარების თითოეული ეტაპი მოიცავს დაკვირვების, მომხმარებელთან ურთიერთობის, ორგანიზაციებში ჩატარებული კვლევების, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის, გუნდის შეკრების, გაძლიერებისა და იმ მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლიობას, რაც დღეს თანამედროვე სასწავლო სისტემებში სავალდებულოც კი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გაცილებით ადრე დავნერგეთ პრაქტიკაში, თუ როგორი უნდა იყოს განათლების სტანდარტი, რათა სტუდენტს/ტრენინგის მონაწილეს ჰქონდეს მიღებული ცოდნით დასაქმებისა და თვითრეალიზების რეალური შანსი. ჩვენი კურსდამთავრებულები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ როგორ აღწევენ წარმატებას როგორც საქმიანობის, ისე საკუთარი პიროვნების განვითარების კუთხით. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა, არაფორმალური განათლების სფეროში დაგროვებული გამოცდილება გადაგვეტანა უმაღლესი განათლების მიმართულებაშიც. ასე შეიქმნა „ალტერბრიჯი“, ასე გადაიქცა PR-აკადემია ერთ ოთახში დაწყებული სატრენინგო ცენტრიდან, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლად. სწორედ ამას ასახავს უნივერსიტეტის სახელი − „ალტერბრიჯი“, რადგან ჩვენ ვასწავლით იმას, რაც თავად შევძელით. ვასწავლით ადამიანებს, თუ როგორ მოახერხონ განათლების გზით თვითრეალიზება და იპოვონ საკუთარი „ალტერმე“. ჩვენს უნივერსიტეტს შეუძლია გახდეს ალტერნატიული ხიდი ადამიანებისთვის ამ ძიებაში.
მთავარი ნიშა, რომელიც „ალტერბრიჯს“ გამოარჩევს...
„ალტერბრიჯი“ დღეს ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც დაფუძნდა ტრანსფორმაციული განათლების პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ჩვენი სტუდენტები იღებენ იმ სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს, რომლებიც სჭირდება დამსაქმებელს. გვყავს ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია, მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვიცით, თუ რა ტიპის თანამშრომელი სჭირდებათ. ამდენად, ჩვენი სტუდენტები საწყის ეტაპზევე იძენენ ამ უნარ-ჩვევებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან არიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც თეორიული მიმართულებით აძლევენ ცოდნას სტუდენტებს. მაგრამ, ყველაზე გამორჩეულია ჩვენი მიდგომა სწავლებისადმი, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება, ესენია: თეორია, პრაქტიკა და დამსაქმებლის ჩართულობა. გარდა ამისა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ პიროვნულ განვითარებაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი სწავლება შესაძლოა აღმოჩნდეს არაეფექტური, თუ ადამიანის საკუთარი თავის ანალიზი და ცოდნის მიმღებლობის უნარი არ არის გაძლიერებული. ამის გათვალისწინებით, თითოეულ პროგრამაში ჩადებულია ერთგვარი „ალტერმეს“ ძიება.
2020 წელს პანდემიამ რა სახის გამოწვევების წინაშე დააყენა „ალტერბრიჯი“ და როგორ მოერგო იგი ონლაინპლატფორმას?
2020 წელი „ალტერბრიჯისთვის“, როგორც უმაღლესი სასწავლებლისთვის, სტუდენტების მიღების პირველი წელი გახლდათ. პანდემია რთული გამოწვევა იყო მომავალ სტუდენტებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ „ალტერბრიჯმა“ შეძლო ძალიან სწრაფად და მარტივად ადაპტირება ონლაინსწავლების მიმართულებით და ეს გამოწვევა შესაძლებლობად გადავაქციეთ. ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად ახალი პროგრამა − ონლაინრეჟიმში სწავლების აქტიური მეთოდების, შეფასების სისტემის, ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვის შესწავლა, რითაც პედაგოგებს, ლექტორებსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს მივეცით საშუალება, სწრაფად ადაპტირებულიყვნენ დისტანციურ სწავლებაზე. ამასთან, დავიწყეთ სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებში ჩატარდა უამრავი საჯარო ლექცია ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების ჩართულობით. დაიგეგმა ფსიქოლოგიური მიმართულების ექსპრესკურსები და მასტერკლასები, რაც იზოლაციით გამოწვეული სტრესის პირობებში ძალიან დროული და საჭირო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. ეს გახლდათ „ალტერბრიჯის“ რეაქცია გამოწვევაზე და დღეს ეს პრაქტიკა უკვე რეალურ შესალებლობას გვაძლევს, წარმატებით გავაგრძელოთ ასეთი აქტივობები.
ზოგადად, ონლაინ სწავლის პროცესზე გადასვლა არ გაგვჭირვებია, რადგან „ალტერბრიჯს“ აქვს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც სჭირდება ონლაინპლატფორმას. თუმცა, ჩვენთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პანდემიის გამო, ამ პერიოდში არ მიეცათ საშუალება სტუდენტებს ესარგებლათ „ალტერბრიჯის“ უნიკალური დიზაინის მქონე შენობით, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია და ჩვენს უნივერსიტეტს მართლაც ალტერნატიულს ხდის განათლების ბაზარზე.
„ალტერბრიჯის“ სამომავლო გეგმები.
ვემზადებით აბიტურიენტების მისაღებად საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ჩვენი სფერო საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაციაა, და 2021 წელს სწორედ ამ მიმართულებით მივიღებთ სტუდენტებს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი პროგრამების დანერგვაზე, ვაგრძელებთ ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებასაც. სულ ახლახან მივიღეთ აკრედიტაცია საჯარო მოხელის საბაზისო პროგრამებზე. ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს მათთვის, ვისაც ფსიქოლოგიის მიმართულებით სურს თვითდასაქმება − წელს ვიწყებთ ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის საერთაშორისო პროგრამას, რომელსაც „ალტერბრიჯი“ ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიის ცენტრთან ერთად განახორციელებს. ფაქტობრივად, 2021 წელი მთლიანად მიეძღვნება პიროვნული და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო შესაძლებლობის შექმნას და როგორც კერძო სექტორის, ისე საჯარო სექტორის დასაქმებულების ან/და უბრალოდ მსურველების იმ უნარ-ჩვევების გაძლიერებას, რომლებიც მათ თვითრეალიზებაში დაეხმარებათ.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი