OK!-ის სტუმრები „რუსთავი 2“-ის გამორჩეული სახეები და ყველასათვის საყვარელი დილის გადაცემის − „დილა მშვიდობისა, საქართველო“ წამყვანები − გიორგი ქორქია, ანა კოშაძე, ავთო გვასალია, ზურა გორგაძე და ანი გიუნტერი არიან. როგორ ამზადებენ წამყვანები დილის ხალისიან გადაცემებს, როგორი იქნება საახალწლო ეთერი და რა სანუკვარი სურვილებით ხვდებიან ისინი ახალ 2021 წელს, მათთან ინტერვიუში წაიკითხავთ.
თქვენ საქართველოს ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და დადებითი ემოციებით სავსე გადაცემის − „დილა მშვიდობისა, საქართველო“ წამყვანები ბრძანდებით. საინტერესოა, როდის და როგორ იწყება თქვენი დილა? რაიმე რიტუალი თუ გაქვთ დილაობით?
(ზურა): თქვენი შეკითხვა გარკვეულწილად შეფასებასაც მოიცავდა და უპირველესად, მადლობა ამ სიტყვებისთვის. მე მაშინ ვდგები, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს, გარეთ ბნელა. ახლა იმ დროს ვიღვიძებ, როცა ადრე ვიძინებდი ხოლმე, ეს გარკვეული რიტუალის გარეშე შეუძლებელიც კი იქნება. ნახევრად მძინარე მივდივარ ჩაიდნისკენ, ყავას ვიმზადებ ისე, რომ შემდეგ არასდროს მახსოვს ეს მომენტი, ვრთავ გამამხნევებელ მუსიკას, ვიღებ შხაპს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღვიძებ. სახლიდან გასვლამდე ვათვალიერებ სოციალურ ქსელს, ასევე რამდენიმე სანდო სააგენტოს გადავავლებ ხოლმე თვალს, რომ ჩემი 4-საათიანი ძილის განმავლობაში მომხდარი რაიმე ახალი ამბავი არ გამომრჩეს.
(ანი): ჩვენი დილა თქვენთან ერთად იწყება. მაყურებლის ჩართულობა ჩვენი მამოძრავებელი და გამომაფხიზლებელი ძალაა. თითქოს ყველაფერი ავტომატურად ხდება, რადგან პროფესიონალების ხელში ვართ − დაწყებული მძღოლიდან, რომელიც გერმანული სიზუსტით გვაკითხავს, შემდეგ ჩვენი გამლამაზებლებით გაგრძელებული, და დილის პროდიუსერით დამთავრებული. ტექსტს განწყობის შესაბამისად ვაკორექტირებ და როცა ეკრანზე საათი გამოჩნდება, გულის ფართხალი იწყება. ყოველდღე ეს გულისცემა საათის რიტმს მისდევს იმისთვის, რომ ზუსტად 8-ის ნახევარზე დილის გადაცემა ენერგიულად დავიწყოთ.
(გიორგი): დილის გადაცემის ყველა წამყვანის დილა მაშინ იწყება, როდესაც უმრავლესობას სძინავს. თითქმის ყოველდღე, დილის 5 საათზე გვიწევს ადგომა იმისთვის, რომ 6-ზე უკვე სამსახურში ვიყოთ. მე ამ რეჟიმში რამდენიმე წელი ვიცხოვრე და პირდაპირ გეტყვით − ეს არ არის მარტივი. ახლაც კი, როდესაც ეთერში კვირაში მხოლოდ ერთხელ ვარ, მაინც იგივე დროს მეღვიძება. უკვე რამდენიმე წელია დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი მძინავს. ამას უკვე მივეჩვიე და დილის ე.წ. რიტუალიც, ფაქტობრივად, არ შეცვლილა: დიდი ჭიქით რაც შეიძლება ძლიერი ყავის მიღება. მერე უკვე ვცოცხლდები.
(ანა): დილის გადაცემა არცერთ სხვა გადაცემას ან სამსახურს არ ჰგავს. გადაცემის 5 წუთი ჩვეულებრივი სამსახურების სამუშაო დროს ნახევარ საათს უტოლდება. დილით ყველაფერი სწრაფი და დაგეგმილია. გაღვიძებიდან 15 წუთში მანქანაში ვარ. 20 წუთში ტექსტს ვწერ და გადაცემას ვავლებ თვალს. 30 წუთი თმას და მაკიაჟს ეთმობა, 5 წუთი − გამოცვლას. აი, ასე, ყველაფერი წამების სიზუსტემდე გვაქვს გათვლილი და სიზანტის, ბოდიალის, ჭორაობის დრო არასოდეს არის.
როგორ ემოციებს იწვევს თქვენში ამ გადაცემის წაყვანა? როგორც პროფესიონალებს, რა მოგცათ ამ გადაცემამ?
(ავთო): ეთერში შესვლის დროს, როცა ქუდის მუსიკა ირთვება და კამერაზე წითელ ნათურას ვხედავთ, ვამბობთ: „დილა მშვიდობისა, საქართველო“. მართლა მიჩნდება განცდა, რომ ვაღვიძებთ ქვეყანას... ეს ემოცია პირადად ჩემთვის განსაკუთრებულია. დილის გადაცემამ ბევრი რამ მომცა, პროფესიულ საქმიანობაშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც. ეთერის დროს თითოეულ წამს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც დროის მენეჯმენტი აუცილებელია. ეს თვისება რეალურ ცხოვრებაშიც განმივითარდა და ვერ წარმომიდგენია, რომ რაიმე ვერ მოასწრო, თუ დროს სწორად გაანაწილებ.
(ზურა): ყოველი გადაცემის დაწყება და დამთავრებაც ემოციების ზღვაა, რადგან ვხსნით ეთერს არხზე, რომელსაც მრავალი წელია მაყურებელი ენდობა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ, როდესაც ვიწყებთ ყოველი მომდევნო გადაცემის მომზადებას, ვცდილობთ კარგად მოვუსმინოთ საზოგადოებას და მისი ინტერესების შესაბამისად შევარჩიოთ მთავარი თემები. ეს, ალბათ, გამოგვდის კიდეც, რადგან ჩვენ მიმართ მაყურებლის ნდობა და სიყვარული ნამდვილად იგრძნობა.
(ანა): ამ რუტინას თავისი ხიბლი აქვს. დინამიკურობა და პირდაპირი ეთერი ბედნიერებას განიჭებს. მას სულ სხვანაირი ადრენალინი ახასიათებს. ერთხელ თუ გასინჯე, „შემჯდარი“ ხარ, ვეღარ გადაეჩვევი. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ დილით სამსახურის კარს მთქნარებით, ცალთვალგახელილები ვაღებთ და ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ვმოძრაობთ შენობაში. სინამდვილეში, ყველაზე ენერგიულები და ხმაურიანები ვართ. მუსიკას ხმამაღლა ვუსმენთ და დაუსრულებლად ვხუმრობთ ერთმანეთზე. გადაცემამდე 5 წუთით ადრე, ე.წ. ყურის საშუალებით, საეთერო გვიერთდება და უფრო მეტ ხალისს გვმატებს. შეუძლებელია ეს განწყობა მაყურებელმა არ იგრძნოს. ეთერშიც ბევრს ვიცინით, ხანდახან ზედმეტად ბევრსაც. თუ გინდათ ნახოთ, რას ნიშნავს მუხლჩაუხრელად შრომა, გადაცემის წინა საღამოს ცალი თვალით უნდა შემოიჭყიტოთ ჩვენს ოთახში. ყველა ერთდროულად ლაპარაკობს, არჩევს თემებს, ურეკავს რესპონდენტებს, ჩხუბობს ერთმანეთში. წარმოუდგენელი ღრიანცელით მომზადებული გადაცემა, 07:30 საათზე სრულიად დავარცხნილ-დალაგებული შედის ეთერში. ასეთია „დილა მშვიდობისა, საქართველო“ − ჩვენი გადაცემა, რომელიც ძალიან უყვარს გუნდს და დარწმუნებული ვარ, მაყურებელსაც.
(გიორგი): ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჟურნალისტი, რეპორტიორი უფრო ვიყავი, ვიდრე სტუდიური გადაცემის წამყვანი. თუმცა დილის გადაცემის წამყვანობამ ბევრი რამ მასწავლა. ჩემთვის ყოველთვის იმდენად რთული იყო გუნდურად მუშაობა, რომ სპორტის გუნდურ სახეობაზეც არ მივლია არასდროს. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, თუმცა როდესაც კარგ გუნდთან ერთად გიწევს მუშაობა, ეს დიდი კომფორტია.
ახალი წელი თითქმის კარს მოგვადგა. საინტერესოა, როგორია საახალწლო და საშობაო გადაცემები „დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს ეთერში? როგორ ემზადებით ხოლმე საახალწლო დილის გადაცემებისთვის?
(ზურა): ახალი წელი და მისი სამზადისი ჩვენთან განსაკუთრებულია და ამ დღისთვის იმდენად ადრე ვიწყებთ მუშაობას, რომ ჩვენთვის ნაადრევადაც კი დგება. წელსაც არ იქნება გამონაკლისი − მაყურებელს დილიდან ნამდვილი ფოიერვერკი ელის, იქნება ბევრი სიურპრიზი.
(გიორგი): ახალი წლის წინ თითქოს ყაზარმულ რეჟიმზე გადავდივართ ხოლმე. დილა და ღამე ამ დროს აღარ არსებობს. ჩვენი გადაცემის გარდა, მე არხის საახალწლო პროექტზეც მიწევს მუშაობა. ეს რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და გემრიელი პროცესია. წელს, პანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა ისეთი პომპეზური და ხალხმრავალი არ იყოს, თუმცა ეს ჩვენი არხისა და გადაცემის ხარისხზე ნამდვილად არ აისახება. გვექნება ისეთი საახალწლო გადაცემა, როგორიც „რუსთავი 2“-ს ეკადრება.
(ანა): ჯადოსნური ეთერი გვექნება. გვიყურეთ და ნახავთ, რომ სიმართლეს ვამბობ.
გაიხსენეთ გამორჩეული, საინტერესო ან განსაკუთრებით სახალისო საახალწლო ეთერი ან სტუმარი, სიუჟეტი...
(ანა): ვფიქრობ, 2019 წლის 31 დეკემბერს ეს გამოგვივიდა და საახალწლო განწყობით ჩვენთან ერთად გაიღვიძა საქართველომ. წელსაც გამოგვივა. წელს კიდევ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს.
(გიორგი): რთულია გამოარჩიო რომელიღაც გადაცემა ან სტუმარი, მაგრამ ერთს ვიტყვი − შარშანდელი საახალწლო დილის ეთერის მომზადება განსაკუთრებული იყო ჩვენთვის. თითქმის ახალ გუნდთან მოგვიწია მუშაობა და ჩვენ ეს შევძელით. შევძელით ყველამ ერთად, და ეს მართლა განსაკუთრებული გადაცემა იყო პირადად ჩემთვის.
(ავთო): ყველა ახალი წელი გამორჩეულია. ვცდილობთ ამ დღეს მაყურებელს დავენახოთ ისეთები, როგორებიც ვართ რეალურ ცხოვრებაში. პირადად მე ძალიან მიყვარს კურიოზების ნახვა − როგორც ჩვენი, ისე სხვა გადაცემების და ტელესახეების. ხშირად ხდება ისე, რომ ეთერს მიღმა ბევრი საინტერესო და სახალისო სიტუაციაა, რომელიც ეთერში ვერ ხვდება. ახალი წელი ამისთვისაა, რომ მაყურებელმა ეს კადრებიც არ გამოტოვოს და იხალისოს ჩვენთან ერთად.
(ზურა): ახალი წლის ეთერი, როგორც წესი, განსხვავებული ფორმატისაა. გადაცემა ქრონომეტრაჟით, ფაქტობრივად, ორჯერ დიდია. შესაბამისად, იმდენი რამ ხდება ამ დროის განმავლობაში − სახალისო, გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი, რომ გასახსენებლად ცოტა რთულია. ახალი წლის ეთერი, საინტერესოსთან ერთად, მთლიანად სახალისოა, რადგან საზეიმო განწყობა სუფევს და ეთერიც არასტანდარტულია. წელს მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ამ დღესასწაულს ცოტა მოკრძალებულად აღვნიშნავთ, მაგრამ მერწმუნეთ, მაინც ძალიან საინტერესოდ.
(ანი): საახალწლო დილა და დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია. ჩვენი დღესასწაული დილიდან დაიწყება. შემოგვიერდით თქვენც.
ახალ წელს გულით ჩათქმული ყველა სურვილი ასრულდებაო, ამბობენ. მაშ, კარგად დაფიქრდით და გვიპასუხეთ: ახალ, 2021 წელს მთელი გულით ისურვებდით...
(ავთო): ვფიქრობ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს ერთმანეთის სიყვარულია. ამიტომ ერთმანეთის მიმართ მეტ სიყვარულს ვისურვებდი 2021-ში.
(გიორგი): ძალიან მოკლედ ვიტყვი: იყოს მშვიდობა, ვიყოთ ჯანმრთელები და რაც მთავარია, გვქონდეს წინსვლა.
(ანი): ერთი წლის წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პრიალა ჟურნალის მთავარ სურვილებში საკუთარ თავს ჯანმრთელობას ვუსურვებდი და არა კარიერულ წინსვლას და პიროვნულ განვითარებას. დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრების კარგად ყოფნაა.
(ანა): თქვენი საშუალებით ვულოცავთ ჩვენს მაყურებლებს და სრულიად საქართველოს ახალ წელს! მშვიდობას გისურვებთ.
(ზურა): გისურვებთ ყველაზე მთავარს – ჯანმრთელობას!
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე