სამოდელო სააგენტო Geomodels-ის თანადამფუძნებელი, წარსულში თავადაც მოდელი − ლიკა კვარაცხელია, ახლა ძირითადად საყვარელი საქმეებით – აფხაზეთის მთავრობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელობით, დილის გადაცემაში კულინარიული რუბრიკის წამყვანობით და საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. 3 შვილის ახალგაზრდა დედა წელს ბებიაც გახდა. მისი უფროსი ქალიშვილი − ასევე მოდელი, ანა შელია და მორაგბე ლაშა ლომიძე მშობლები გახდნენ. როგორი ცხოვრებისეული ეტაპია ლიკა კვარაცხელიას და მურთაზ შელიას ცხოვრებაში შვილიშვილის გამოჩენა, როგორია მათი მყარი ურთიერთობის ძირითადი ფასეულობები, შვილებთან ურთიერთობა და რასაკვირველია, საახალწლო სამზადისი − OK!-ის იანვრის ნომერი ლიკას და მის ვაჟს − დათუნა შელიას ესტუმრა.
როგორი იყო მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული წელი თქვენ შემთხვევაში? რა სირთულეებით თუ კარგი ამბებით დაგამახსოვრათ თავი?
ნამდვილად რთული წელი აღმოჩნდა. ყოველდღიურ საფიქრალად საინფორმაციოს ჩართვა და მისი მოსმენაც საკმარისია; პანდემიამ ბევრი სახის კრიზისი შექმნა და უხილავ მტერთან ბრძოლა მსოფლიოს გაუჭირდა. ჩვენი შვილიშვილის ამქვეყნად მოვლენა ის უდიდესი საჩუქარია, რომელიც წელს გვერგო. მადლობელი ვარ ყველას ჯანმრთელობისთვისაც.
ლიკა, ვისაუბროთ თქვენი, როგორც ბიზნესვუმენის, საქმიანობაზეც. რატომ სარესტორნო ბიზნესი? ახერხებთ ფუნქციონირებას პანდემიის პირობებში?
მე და ჩემს მეუღლეს უცხოეთში ცხოვრებისას, ყოველთვის გვქონდა სურვილი, თბილისში ადგილი შეგვექმნა, სადაც მეგობრებთან ერთად ხშირად შეკრებას ჩვენც შევძლებდით. რესტორნის იდეა გაგვიჩნდა, რომელიც მეგრული სამზარეულოს მონაწილეობით, საინტერესო პროექტი გამოვიდა. შემდეგ გავფართოვდით და დიდი ღონისძიებების სივრცე ავაშენეთ. წლების განმავლობაში მუშაობამ საკმაოდ გადამღალა და ახლა უმეტესად მას მურთაზი ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება ამ პერიოდს, მთლიანად შევჩერდით, რადგან აზრი არ ჰქონდა არცერთ ეტაპზე რესტორნის საქმიანობის განახლებას, რომელიც უმეტესად დიდი ღონისძიების ჩატარებაზეა გათვლილი.
თუმცა ახლა აფხაზეთის მთავრობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ვხელმძღვანელობ და ბევრი საინტერესო პროექტის შექმნა შევძელით. „კოვიდმა“ ხელი შეგვიშალა, თუმცა გეგმების ნაწილის რეგულაციებისთვის მორგება შევძელით და სასიამოვნო დღეებიც შედგა. ძალიან მიხარია, რომ ვემსახურები საქმეს, რომელიც ახალგაზრდების ინტერესებს, მათ საჭიროებებს მოიცავს. ვყოფილვარ მათ ადგილას და მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სულ მცირე ყურადღების გამოჩენაც კი.
ახლა როგორია თქვენი გადაკვეთა მოდელის პროფესიასთან?
სამოდელო სფეროსთან ახლაც ძალიან ახლოს ვარ. „ჯეომოდელსში“ ქასთინგებს მუდმივად ვატარებთ, ვარჩევთ ახალ სახეებს და მათ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სააგენტოსთან ვაკავშირებთ. წელსაც არაერთი წარმატება მოვიპოვეთ, რადგან ჩვენმა რამდენიმე მოდელმა პანდემიის პირობებშიც მოახერხა არ შეეწყვიტა სამუშაო პროცესები.
როგორი აღმოჩნდა ანასთვის ახალბედა დედობის გამოცდილება?
ამ ეტაპზე ანა მთლიანად ბავშვის მოვლაზეა გადართული, რაც, ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში მან და ლაშამ რამდენიმე საცხოვრებელი ქალაქი შეიცვალეს და ამის გამო, სამოდელო სფეროში ჩართულობა ნაკლებად მოახერხა. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ამ მხრივ მომავალში.
დედობას საკმაოდ კარგად უმკლავდება, თანაც იმის ფონზე, რომ მეუღლესთან ერთად სულ მარტოა. ერთმანეთს ენაცვლებიან, ეხმარებიან და პატარა ელის მზრუნველობას არ აკლებენ.
რომელ პროფესიას მისდევს თქვენი მეორე ქალიშვილი − ელენე, და როგორია მისი გეგმები?
ელენე სამხატვრო აკადემიაში გარემოს დიზაინს შეისწავლის. საკუთარი არჩევანი ძალიან მოსწონს და ახალი იდეებითაა სავსე. უკვე ბევრ პროექტზე ფიქრობს და საინტერესო პორტფოლიო აქვს. მთლიანად სწავლაზეა გადართული და სამომავლოდ, გარკვეულ ეტაპზე გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას, ალბათ, უცხოეთშიც გააგრძელებს.
დათუნა, თქვენ რა გატაცებები გაქვთ? რამდენად გაგიჭირდათ პანდემიის პირობებში უმეტესად შინ ყოფნა?
(დათუნა:) მუდამ შინ, ჩემს ოთახში ყოფნა მიწევს. იქ ვმეცადინეობ, ვვარჯიშობ. ვსწავლობ ენებს, საკვირაო სკოლაშიც კი ონლაინ ვსწავლობ. სპორტიც არ მიმიტოვებია − ფეხბურთზე მეტად, კალათბურთი მომწონს და ზაზა ფაჩულიას აკადემიაში დავდივარ, თუმცა ახლა ესეც შეჩერდა და ონლაინრეჟიმში ვართ.
(ლიკა:) დათუნასთვის და მისი ასაკის ბავშვებისთვის ეს ყველაფერი, ალბათ, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. უფროსები, ასე თუ ისე, ვახერხებთ გარე სამყაროსთან კომუნიკაციას; მეტ-ნაკლებად დავდივართ სამსახურში, სალონსა თუ მაღაზიაში. ბავშვები კი რეალურად მარტის თვის შემდეგ შინიდან გასვლას ვერ ახერხებენ.
რამდენად გიყვარს საახალწლო პერიოდი? თავად თუ ამზადებ ხოლმე საჩუქარს ოჯახის წევრებისთვის?
(დათუნა:) ახალი წელი ძალიან მიყვარს. ადრე მშობლებმა ანას და ელენეს საინტერესო ქვიზი მოუწყვეს საჩუქრის გადაცემამდე და წელს, მათ მეც ვთხოვე იგივე ჩემთვის. ერთმანეთს სიმბოლურ საჩუქრებს ყოველთვის ვჩუქნით.
ლიკა, რამდენად განსხვავდებიან თქვენი შვილები ერთმანეთისგან და საკუთარი და თქვენი მეუღლის მახასიათებლებს განსაკუთრებით როდის ხედავთ მათში?
ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ვერ ვიტყვი, რომელს რომლის თვისებები გამოჰყვა, მათში ორივე მშობლის თანაბარ მსგავსებას ვხედავ და ამ ყველაფერზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა.
(დათუნა:) უფრო მე და ანას გვამსგავსებენ ხასიათით.
რას იტყოდით თქვენი და თქვენი მეუღლის – მურთაზ შელიას საერთო ინტერესებზე, რომელსაც თქვენი მყარი ურთიერთობა ეფუძნება?
(ლიკა:) ალბათ ორივესთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საერთო ინტერესები, გემოვნება გვაქვს. ერთნაირად მოგვწონს ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფილმების ნახვა. გვხიბლავს ერთი და იგივე ქალაქები − ერთ ტალღაზე ვართ.
გარდა ამისა, ამდენი წლის განმავლობაში (დეკემბრის თვეში 23 წელი გახდა), ერთად ვვითარდებით და ყოველთვის ვგრძნობ მის მხარდაჭერას.
რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში შვილიშვილის დაბადება?
მგონი გავგიჟდით. დილა იწყება პატარას სურათებისა და ვიდეოების თვალიერებით, ასე ღამდება კიდეც. დღის განმავლობაში ერთმანეთს ვურეკავთ, ახალი ფოტო ნახე?! − ვეკითხებით.
ანას და ლაშას დღეში რამდენჯერმე ვიდეოზარით ვეკონტაქტებით. ძალიან მაწუხებს ფაქტი, რომ შორს არიან. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ანა შვილს გააჩენდა და მის გვერდით ვერ ვიქნებოდი. შეზღუდვების პირობებში, ჯერ ვერც ლაშას მშობლებმა მოახერხეს მათთან ჩასვლა. ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტებით. მჯერა, რომ ბებია-ბაბუები შვილიშვილთან საერთო ენას გამოვნახავთ.
ლიკა, როგორ გახსენდებათ ახალი წელი სოხუმში?
სოხუმის შემდეგ მიყვარს ცოცხალი ნაძვის ხე, მისი შინ მოტანა, მოლოდინი... ხმაურიანი სამეზობლო მახსოვს და ჟრიამული, დიდი ზეიმი ეზოებში. არ ვიცი რატომ, შესაძლოა ასეთი ასოციაცია მაქვს, თუმცა არასდროს მაგონდება, ახალი წლის დღე ცივი ყოფილიყოს.
როგორია თქვენი საოჯახო ტრადიციები, შობა-ახალი წლის სამზადისი?
(ლიკა:) ახალ წელს შინ ვხვდებით, შემდეგ ძირითადად რესტორანს ვსტუმრობდით ხოლმე, სადაც პარალელურად ვმუშაობდით კიდეც. ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად შევხვდები ახალ წელს, მთავარია ძვირფასი ადამიანები მყავდნენ გვერდით − ეს არის ნამდვილი დღესასწაული. ბევრს არაფერს ვამზადებ, მხოლოდ იმას, რაც ყველას გვიყვარს.
(დათუნა:) ახალი წლის დღეებში ბევრნი ვიკრიბებით ხოლმე ერთად და ბავშვების საყვარელი ტრადიციაა, როცა მშობლებთან ერთად ყველიან კვერებს ვამზადებთ. მათში სხვადასხვა მესიჯს ვათავსებთ და ველოდებით, ვის რა შეხვდება. ეს ყველაზე სახალისო პროცესია.