ძმებმა − ზურა, ზალიკო და ბაკურ სულაკაურებმა წლების განმავლობაში საკუთარი საქმიანობით საზოგადოებას თავი გააცნეს და შეაყვარეს. სულ ცოტა ხანია, რაც წარმატების გაგრძელება საკუთარ თავზე მირიან სულაკაურმა, ზურას ვაჟმა აიღო და გრანდიოზული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ გამარჯვებული გახდა. ჟურნალმა OK! მამა-შვილთან ძალიან სახალისო და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, ბოლოს კი, საქართველოს მასტერშეფმა მკითხველს რეცეპტიც გაუზიარა.
მირიან, მხატვრების გარემოცვაში გაიზარდეთ, თუმცა თავად კულინარია, როგორც ხელოვნების სხვა დარგი, აირჩიეთ. რამ განსაზღვრა გადაწყვეტილება? როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ეს გატაცება?
პატარაობიდანვე ვეხმარებოდი დედას სამზარეულოში და მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა დავფიქრდი, რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში. გადავაფასე ინტერესები, თუ რა მეხერხებოდა და აღმოჩნდა, რომ გასტრონომია ყველაზე მეტად მიტაცებდა. ეს გადაწყვეტილება, პრინციპში, ძალიან სპონტანურად მივიღე, რომ პროფესიას ბოლომდე შევჭიდებოდი და დღემდე ამ გზას ვადგავარ.
„მასტერშეფის“ კონკურსში გამარჯვება, ალბათ, პირველი წონიანი წინგადადგმული ნაბიჯია. რა შეცვალა პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
პროექტმა კიდევ უფრო მიმაახლოვა მიზანთან. ყოველდღიურად უამრავი შეტყობინება, მოლოცვა, გამამხნევებელი წერილი მომდის. გულშემატკივრების სიყვარული და დაფასება, ის გვერდით დგომაა, რომელიც სამომავლო გეგმების განსახორციელებლად მაძლიერებს.
თავად თუ დაინტერესებულხართ მხატვრობით?
პატარა ასაკიდანვე ვხატავდი და ახლაც ვხატავ ხოლმე. მართალია, უკვე დიდი ხანია ძირითადად თეფშებზე, თუმცა დროდადრო ფურცელზეც, როცა მუზა მეწვევა.
როგორი იყო მამის მხარდაჭერა კონკურსის განმავლობაში და ზოგადად, როგორია თქვენი ურთიერთობა, თქვენი როლი ერთმანეთის ცხოვრებაში?
(მირიანი): მამა ყოველ ნაბიჯზე მთელი გულით მგულშემატკივრობდა. ახლო ურთიერთობა და თითქმის ერთნაირი იუმორის გრძნობა გვაქვს, ვხედავ, რომ ამაში მამას ძალიან დავემსგავსე.
(ზურა): პატარაობიდანვე ვამაყობდი მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯით, მუდამ ვცდილობდი მისთვის დამენახებინა თავისუფლება და მიმენიშნებინა, რომ საკუთარი და სწორი გზა აერჩია. დღემდე ეს გეზი არ დაუკარგავს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეს შეძლებს.
ზურა, როგორი შემფასებლები ხართ თქვენ და მირიანი ერთმანეთის შემოქმედების? შეატყვეთ თუ არა მირიანს საკუთარი გატაცება ადრეული ასაკიდანვე?
მირიანის გაკეთებული ყველაფერი მომწონს. იშვიათად თუ რაიმე შესწორებას შევიტან ხოლმე. თვითონაც კარგად მიფასებს ჩემს ნახატებს და ერთადაც ხშირად ვხატავთ. მეგონა, მხატვრობას გაჰყვებოდა და გახდებოდა შესანიშნავი მხატვარი, მაგრამ ბოლომდეც არ შევმცდარვარ, ხელოვნების ცოტა სხვანაირი დარგი − კულინარია აირჩია.
ზურა, როგორია თქვენი საქმიანობა? ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
ამჟამად ვასწავლი ხატვას. მაქვს ჩემი პატარა სტუდია, სადაც განურჩევლად ასაკისა, უამრავი მოსწავლე მყავს.
გვიამბეთ თქვენს ოჯახზე − რამდენი წევრისგან შედგება? ჰგავხართ ერთმანეთს? რითი? ასევე, რა მსგავსებას პოულობთ ერთმანეთში თქვენ და მირიანი?
ოჯახში ექვსი წევრი ვართ. მე და ჩემი მეუღლე − მაიკო, ორი შვილი და ორი კატა. მსგავსება ჩემსა და მირიანს შორის უფრო ჩანს, ორივემ ვიპოვეთ საქმე, რომელიც ძალიან გვიყვარს. როგორც მირიანმა უკვე აღნიშნა, იუმორიც გვაერთიანებს.
რამდენად რთული იყო კონკურსის სპეციფიკა თქვენთვის, როგორც გულშემატკივარი მამისთვის?
ყოველ ჯერზე ძალიან ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ სანამ ტელევიზორში დამონტაჟებული გავიდოდა, მე უკვე კადრების აწყობამდე ვიცოდი, რაც მოხდა.
ასე მგონია, იქ მე ვარ. როგორც ის ნერვიულობს, მეც ისევე ვნერვიულობ. როგორც მას უხარია, მეც ისევე მიხარია, და სიამაყის გრძნობა იზრდება და იზრდება. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც შენი შვილის წარმატებას უყურებ.
მინდა ძმებზეც გკითხოთ − გარდა პროფესიული არჩევანისა, თქვენსა და ტყუპისცალ ძმას − ზალიკოს შორის რა არის იდენტური? ასევე, თქვენ და ბაკურს როგორი ურთიერთობა გაკავშირებთ ერთმანეთთან?
მე და ზალიკო ბავშვობიდან აბსოლუტურად ყველაფერში იდენტურები ვართ. გარდა იმისა, რომ უფროსი ძმაა და ხშირად კარგ რჩევებს გვაძლევდა, წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი ბაკურის გამომცემლობასთან. ხშირად ვიკრიბებით არა მხოლოდ დღესასწაულებზე და დაბადების დღეებზე, არამედ სპონტანურადაც.
როგორია თქვენი საოჯახო ტრადიციები? გაქვთ თუ არა რაიმე დამახასიათებელი წეს-ჩვეულება? როგორ ხვდებით შობა-ახალი წლის დღესასწაულს? საინტერესოა, როგორ ირთვება მხატვრისა და კულინარის სახლი წელიწადის ამ დროს...
(მირიანი): ყოველ ახალ წელს შინ, ერთად ვხვდებით. საახალწლო სუფრა და საჩუქრები უცვლელი ნაწილია, შემდეგ უკვე, ვისაც სად უნდა, იქ მივდივართ და აღნიშვნას ვაგრძელებთ.
ბოლო სამი წელია, მინიმალურად ვრთავთ სახლს, და განათებას თუ დეკორაციას მაქსიმალურ სიმაღლეზე ვკიდებთ, თორემ ჩვენი კატები ყველაფერს სათამაშოდ აქცევენ.
(ზურა): საახალწლო ტრადიციად იქცა, რომ გოზინაყისთვის ნიგოზს მე ვჭრი. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მირიანი ჩემზე სწრაფად გაართმევს თავს ამ საქმეს, მაინც მე ვასრულებ ამ ტრადიციას.
ოთხივე შვილი, სიძეებიან-რძლებიანად მივდივართ ვალერიან სულაკაურთან − ჩვენს მამასთან, და მშობლებთან ერთად აღვნიშნავთ ახალ წელს.
დედაჩემი 75 წლის ასაკში ჩამოვარდა კარალიოკის ხიდან და მხოლოდ მცირედი დაზიანება მიიღო. იმ წელს ახალი წლის საჩუქრად ჩემი ხელით გავუკეთე კარალიოკის გულსაბნევი და ვაჩუქე.
მირიან, თუ გახსოვთ, პირველად რა მოამზადეთ საოჯახო სუფრისთვის?
პატარაობაში ჩუმ-ჩუმად ვაცხობდი ნამცხვარს, რომელიც არასდროს გამომდიოდა კარგი, მაგრამ პირველად, ღიად და მგონი არც ისე ცუდად, ოჯახისთვის ტკბილი კრეპები მოვამზადე.
დაბოლოს, მირიან, გაგვიზიარეთ საახალწლო რეცეპტი − ის, რასაც ამ დღესასწაულისთვის ამზადებთ, რაც თქვენს ტრადიციად იქცა ან უბრალოდ გვირჩევდით, რომ საახალწლოდ ჩვენს სუფრას მოუხდება...
საახალწლოდ, რეალურად არასდროს ვამზადებ ჩემი რეცეპტებით და ძირითადად დედას ვეხმარები ტრადიციული საახალწლო სუფრის გაწყობაში. თუმცა ჩემი საახალწლო რეცეპტებიც მაქვს, და არა მხოლოდ კერძების. ამჟამად გაგიზიარებთ ჩემი შემთბარი ღვინის სასმელის რეცეპტს, რომელსაც საახალწლო სუფრის მზადებისას მივირთმევ.
საფერავი − 500 გრ;
დარიჩინის ჩხირი − 1 ც;
ნახევარი ფორთოხალი;
მწიკვი დაღერღილი წიწაკა;
სულ მცირე რაოდენობის მაშარაფი;
შაქარი − 100 გრ.
ყველაფერს ერთად წამოვადუღებთ, გადავწურავთ და თბილად მივირთმევთ. ამ სასმელის არომატები მადას აღვიძებს და უფრო მეტად აგემრიელებს კერძებს.
ტექსტი: ელენე ბერიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი