ახალი წლის დღესასწაულის დადგომას, ხშირად, ასაკის მიუხედავად, ყველა ბავშვური მღელვარებით ელის. ეს არის დრო, სურვილების ჩაფიქრებისა და მათი ახდენის, ოჯახთან შეხვედრისა და მათთან ერთად ტრადიციების გაზიარების, გემრიელი სუფრის გაწყობისა და კერძების დაგემოვნების; დრო, როცა ყველა ფერი ჯადოსნურ ელფერში იძირება და იდუმალ, აღტაცებებით სავსე ღამეს ერწყმის. მასთან შესახვედრად თითოეულ ზღურბლს მიღმა თავისებურად ემზადებიან, ნაძვის ხის მოსართავად ფუსფუსში ათევენ ღამეს და ყოველ ჯერზე, როცა სათამაშოს ტოტზე ჰკიდებენ, ისტორია ცოცხლდება. ნაძვის ხის სათამაშოები, წლების განმავლობაში რომ აგროვეს, ამბებს ინახავენ...
ეს ისტორია კი „ამბიენსში“ იწერება − ზღაპრულ ადგილას, რომელიც ახალი წლის სამზადისის დასაწყისია; მაშინ, როცა სახლის მყუდრო კუთხეში მოსათავსებლად, ნაძვის ხეს არჩევენ; მაშინაც, როცა მის მოსართავად განსაკუთრებულ დეკორაციას ეძებენ და როცა სურვილი აქვთ, მათი საცხოვრებელი წელიწადის ამ დროს ფერს იცვლიდეს და ახალი წლის კამუფლაჟში იძირებოდეს.
„ამბიენსის“ დიასახლისი დიზაინ-სალონს რთავს და მომხმარებლებს, მეგობარ გუნდთან ერთად, განწყობას ჩუქნის. სტუმრებმა იციან, სად იქმნება დღესასწაულთან საუცხოო ჰარმონიაში არსებული დეკორაციები და მიზეზი „ამბიენსის“ ესთეტიკურ მშვენიერებაშია, წარმოუდგენელ სილამაზეში, სადაც ზღაპრული სამყაროს არსებობის სჯერათ! OK! ამ სამყაროს შემქმნელ ხელოვანს, პროფესიით მხატვარსა და ინტერიერის დიზაინერ მაიკო ჯიმშელეიშვილს ესაუბრა.
პირველად როდის გაჩნდა ინსპირაცია, რომ საქართველოში „ამბიენსის“ კონცეფციის მქონე სივრცეს ეარსება?
მოგზაურობისას ყოველთვის ვაკვირდებოდი აქსესუარებს, საინტერესო ნივთებს, ავეჯს, ქვეყნებისთვის დამახასიათებელ სტილს თუ მათ მიგნებებს, და მათ ნაწილს ჩემს კოლექციას ვამატებდი; პარალელურად, თავადაც ყოველთვის ვიყავი განათებების, ჩარჩოების, მცირე ავეჯისა და სხვა დეტალების კეთებით გატაცებული. ვხედავდი, რომ დაახლოებით 15 წლის წინ, „ამბიენსის“ შექმნამდე, საქართველოში რეალურად ნაკლებად მოიძებნებოდა მსგავსი შინაარსის სალონები. ჩემი სურვილიც სწორედ ამ ნიშის შევსება გახლდათ. ასე გაჩნდა „ამბიენსი“, რომელმაც, ვფიქრობ, ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლო.
მინდოდა, ეს გამხდარიყო ადგილი, სადაც ხელოვნებით, ინტერიერში ესთეტიკით გატაცებული ადამიანები შეძლებდნენ, სასურველი ნივთები ეპოვათ. წლების მატებასთან ერთად, ვიზრდებოდით და ახლა საკმაოდ ვრცელი კოლექციითა და ავეჯის ხაზით დიდ სივრცეში გავნაწილდით.
ახალი წლის დეკორაციები ბევრისთვის „ამბიენსის“ ნაძვის ხის სათამაშოებთან ასოცირდება. როგორ დაიმკვიდრა ბრენდმა ეს განწყობა?
გულწრფელად გეტყვით, რომ თავდაპირველად, ამაზე მიზნობრივი გათვლა სულაც არ ყოფილა. თუმცა, როცა პირველი კოლექცია ჩამოვიტანეთ, საზოგადოებაში იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ „ამბიენსის“ სათამაშოები მალევე იქცა ბევრი ოჯახის საახალწლო დეკორაციების ნაწილად. დღესაც, წარმატების შესანარჩუნებლად, მსოფლიოს უამრავ ბრენდთან ვთანამშრომლობთ და სათითაოდ ვაგროვებთ მათ ნიმუშებს.
თვითგამოხატვის რომელ საშუალებას გაძლევთ ყველასთვის გამორჩეულ სივრცედ ქცეული „ამბიენსი“?
ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, სტილის შექმნა, დეკორაციების შეგროვება − ეს ის გატაცებაა, რომელიც შინაგანი სამყაროს, ხასიათის, ინდივიდუალური გემოვნების ხაზგასმაა. ამის საშუალებას მე „ამბიენსი“ მაძლევს. ვფიქრობ, აქ ჩემი სული, განწყობა იგრძნობა.
თქვენს საცხოვრებელში ძირითადი აქცენტები რაზე შეჩერდა?
ჩემთვის უმთავრესი მყუდრო გარემოს შექმნაა და ამის მიღწევა ჩემს სახლში შევძელი, ამიტომაც იქ თავს ბოლომდე მშვიდად ვგრძნობ. მიყვარს ლამაზი, დახვეწილი, ხშირად ერთი შეხედვით შეუთავსებელი ნივთების კომბინაცია ინტერიერში; მინიმალისტურისა თუ ანტიკვარულის სინთეზი. მიტაცებს ეკლექტური დიზაინი და ხასიათის, შთაგონების მიხედვით განსაზღვრული ინდივიდუალიზმი.
ხელოვანი ხართ, რომელმაც შეძლო საყვარელი სფეროს ბიზნესთან გაერთიანება. რამდენად რთული იყო თქვენთვის ეს გამოწვევა?
არ იყო ადვილი, რადგან არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა, ვიყავი საკმაოდ ახალგაზრდა, თანაც მაღაზიის გახსნის პერიოდში ჩემს მეორე შვილს ველოდებოდი, თუმცა იმ მოცემულობაშიც საოცარი ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე ვემზადებოდი ამ დღისთვის. რომ არა ჩემი ოჯახის წევრები, მათი თანადგომის გარეშე ასეთი წამოწყება წარმოუდგენელი იქნებოდა. ალბათ, ისიც დამეხმარა, რომ იმ ასაკისთვის დამახასიათებელი მეტი რისკი მქონდა. ახლა „ამბიენსი“ ჩემი მეოთხე შვილია.
გვიამბეთ თქვენს სამ შვილზე?
მყავს ორი ბიჭი და ერთი გოგონა. უფროსი 21 წლის არის, არქიტექტურის განხრით ნიუ იორკში სწავლობს, შუათანა 15-ის, გოგონა კი 13 წლისაა. უფროსი ახლა დაკავებულია, თუმცა როცა აქ იმყოფებოდა, ისიც და უმცროსი და-ძმაც, ყუთების გახსნასა და ახალი კოლექციის განაწილებაში მეხმარებოდნენ. მათაც მოსწონთ ჩემი საქმიანობა.
როგორია ყოველდღიურობა დღეს, როცა ბიზნესსაქმიანობას წლების განმავლობაში ბოლომდე აუღეთ ალღო?
ყოველდღიურობა უკვე ჩვეული და გამარტივებულია, რასაც აიოლებს ის გუნდიც, რომელიც ზურგს მიმაგრებს. ისინი არა მხოლოდ ჩემი თანამშრომლები, არამედ მეგობრები არიან და ერთი ოჯახი ვართ, ყველანაირად ხელს ვუწყობთ ერთმანეთს. საქმეში, რომელსაც გულით აკეთებ, სირთულეებიც სიამოვნებად იქცევა.
როგორია თქვენი სამხატვრო სტილი და რაში იკვეთება ის „ამბიენსის“ ხელწერასთან?
იდენტური, ალბათ, ემოციებია. მიყვარს ფერადოვნება, განცდები. ვცდილობ, ყოველივე ეს ტილოზე გადავიტანო. ჩემი სტილი, ალბათ, უფრო ექსპრესიონიზმია. ემოციების დაკონვერტირების საშუალებაა ჩემი საქმეც „ამბიენსში“.
საინტერესოა, როგორია თქვენი ნაძვის ხე?
მაქვს სათამაშოების კოლექცია, რომელსაც მრავალი წელია ვაგროვებ და ყოველ წელს მათ რამდენიმე ემატება. ასე ვავსებ ჩემს მწვანე ფერის ნაძვს, რომლის მორთვასაც ძალიან ადრე ვიწყებ. სეზონზე „ამბიენსში“ ათობით ნაძვის ხეს ვაწყობ და ვშლი, და ეს იმდენად შრომატევადია, რომ შინ მისული ამას ნელ-ნელა ვახერხებ.
როგორია სიახლეები და თქვენი სამომავლო გეგმები?
სიახლე „ამბიენსის“ შოკოლადების ხაზია, რომელიც ბელგიური და ფრანგული ნედლეულისგან მზადდება. ხელნაკეთი შოკოლადის ფირფიტის ასორტები, დახვეწილ შეფუთვაში სასიამოვნო საჩუქარია.
ბევრი საინტერესო გეგმა გვქონდა, რაშიც პანდემიურმა პირობებმა ხელი შეგვიშალა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი მალე ჩაივლის და ჩვენც გავაგრძელებთ.
გაგრძელდება ფიროსმანის პროექტზე მუშაობაც, რომელიც უკვე შედგა და მოწონება დაიმსახურა. ძვირფასი მინის ხელით მოხატული, საკოლექციო, ფიროსმანის ნახატების მიხედვით შექმნილი ფიგურები, პირველი ქართული სათამაშოების ბრენდია, რომელიც სასაჩუქრე ყუთებით, ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით და ნუმერაციით გამოვიდა.
სამომავლოდ, საკოლექციო სათამაშოების ბრენდის შექმნას, გაფართოებას და ექსპორტზე გატანას ვგეგმავ, ამჟამად კი იდეებზე ვმუშაობ და ესკიზებს ვხატავ.
ტექსტი: ელენე ბერიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე