„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნა ნინა კობახიძისთვის პანდემიის პირობებში განსაკუთრებული გამოწვევაა. „კოვიდ-19“‑თან ბრძოლაში დროული და ეფექტური გადაწყვეტილებები მისი საქმიანობისთვის წარმატების განმსაზღვრელი აღმოჩნდა − დღეს ყველა რეგიონში პაციენტების მისაღებად და მათზე ზრუნვისთვის საჭირო პირობებია შექმნილი.
მუდმივი განვითარება ნინასთვის სხვა სამუშაო სივრცეებშიც პრიორიტეტია. იურისტის პროფესიითა და ბიზნესსა და საჯარო სექტორში დაგროვილი წლების გამოცდილებით, მანჰეტენზე, ლექსინგტონ ავენიუზე გახსნილი იურიდიული კომპანიის ბიზნესგანვითარებას ხელმძღვანელობს, ასევე ამერიკული სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯგუფის“ ქართული წარმომადგენლობისთვის დირექტორის ამპლუაში საინტერესო პროექტების დასანერგად მუშაობს. გარდა ამისა, ნინა საქართველოში Willis Towers Watson-ის წარმომადგენელიცაა და ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა − ყველაფერი ეს კი ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც რეზუმეში შედის.
საქართველოს მთავრობაში მუშაობის შემდეგ, ის, ორიოდე წელია ბიზნესსექტორს, კერძოდ, სადაზღვევო სფეროს დაუბრუნდა და მასშტაბურ პროექტებში ჩაერთო. უფრო ვრცლად საქმიანობის შესახებ, ის OK!-ის თავად უამბობს, საინტერესო ინტერვიუში კი, მასთან ერთად, ასევე ბიზნესში, მშენებლობისა და ინსტალაცია-კავშირგაბმულობის სფეროში ჩართული მისი მეუღლე − იოსებ დუდუჩავა ისაუბრებს. როგორია ორი წარმატებული პარტნიორის თანაცხოვრება და რას ემყარება შემდგარი ურთიერთობები საქმესა თუ პირად ცხოვრებაში − ყოველივე ამის შესახებ წყვილი OK!-ისთან ისაუბრებს.
ნინა, როდიდან იწყება დრო, როცა საქმიანობაში საკუთარი თავი იპოვეთ? როგორ იხსენებთ პირველ ასეთ სამსახურს?
მუშაობა 18 წლის ასაკიდან დავიწყე. როცა სწავლა დავასრულე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ მემუშავა იქ, სადაც პრაქტიკასა და საინტერესო ცოდნას შევიძენდი. სწორედ მაშინ იხსნებოდა სახალხო დამცველის აპარატი და იქ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მუშაობა დავიწყე. სხვადასხვა დოკუმენტაციის ანალიზი მევალებოდა, რომელიც კონვენციებს, სამართლებრივი ანოტაციებისა და ნორმატივების ერთმანეთზე მორგებას ითვალისწინებდა. მაშინ დავიწყე ცხადად გააზრება, თუ რამდენი რამის გაკეთება იყო საჭირო ქვეყნისთვის, რათა მსოფლიოს დავწეოდით, და დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა.
საჯარო სექტორიდან ახლო წარსულში კვლავ ბიზნესში გადაინაცვლეთ. რამ გიკარნახათ ეს გადაწყვეტილება?
საჯარო სექტორი ყოველთვის იყო ჩემთვის საინტერესო სივრცე. თუმცა, ზოგადად, ძალიან მიყვარს საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისას რისკი. ბიზნესში დადებითი შედეგის სწრაფად დანახვის მხრივ მოქნილი ხარ და ეს ფაქტორი ჩემთვის ამჯერადაც მიმზიდველი იყო. კვლავაც სადაზღვევო სფეროს დავუბრუნდი. ვფიქრობ, ქვეყანაში ეს არის ის, რასთან ერთადაც მეც ვიზრდებოდი. ამერიკული სადაზღვევო კომპანია „გლობალ ჯგუფის“ შემოთავაზებით, მათთან ერთად გამიჩნდა შესაძლებლობა ჩემ მიერ მართული სადაზღვევო კომპანიით შევმატებოდი ბაზარს, რაზეც უარს ვერ ვიტყოდი. თანაც, მგონია, რომ საჯარო სექტორში იმ დროისთვის ჩემი საქმე უკვე გაკეთებული მქონდა.
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ − ეს არის ბრენდი, რომლის სახელმაც მოკლე ხანში მოიპოვა სფეროში კარგი რეპუტაცია. ასევე ვკურირებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის საქმიანობას და განსაკუთრებით ახლა, პანდემიის პირობებში, განუსაზღვრელად დიდია დაზღვევისა და ჩვენი საქმიანობის სარგებელი საზოგადოებისთვის. ეს დამატებითი თვალხილული სტიმულია.
„კოვიდ-19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით, რა ზომები მიიღო კლინიკების ქსელმა „ჯეო ჰოსპიტალსმა“?
გვეამაყება, რომ ჯერ კიდევ ინფიცირებულთა ძალიან მცირე რაოდენობის ფონზე, თავი დავიზღვიეთ და ყველა რეგიონში მაქსიმალური რენოვაციითა და საწოლების რიცხვის ზრდით, პაციენტთა მიღების მეტი შესაძლებლობა გავაჩინეთ. დროული გადაწყვეტილებების მიღებამ და შემუშავებული პროტოკოლის სიზუსტით დაცვამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ წარმატებული საქმიანობა განსაზღვრა.
როგორია გამოწვევებთან გამკლავების თქვენეული პრინციპი, რომელიც წარმატების მიღწევაში გეხმარებათ?
(ნინა): ვფიქრობ, თუ განვითარებას არ აჩერებ, ნებისმიერი სირთულის დაძლევა შესაძლებელია. ყველა ჩემი წარმატება გარკვეულწილად რისკს უკავშირდება. ახლა კი, უკვე, რა თქმა უნდა, ცოდნა და გამოცდილებაც, გუნდთან ერთად, ზურგს მიმაგრებს. მხოლოდ საკუთარი თავის იმედადაც ბევრჯერ გამირისკავს, უკმაყოფილოც ვყოფილვარ გადაწყვეტილებით, თუმცა თუ შევაჯამებ, გეტყვით, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადამედგა. სხვაგვარად ვერ ვიქნებოდი იქ, სადაც დღეს ვარ.
ბიზნესში, როგორც ინტელექტუალურ სფეროში, ზოგადად, ყველაფრის გამომუშავებაა შესაძლებელი. მთავარია, მიზნის მისაღწევად შრომა გასწიო.
(იოსები): პროფესიული უნარების დაუფლებისათვის კი, რასაკვირველია, აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდილება.
ხშირად ახსენებენ საკითხს, რომელიც რეალიზებული, დროის დეფიციტის მქონე ქალისთვის გარკვეული მსხვერპლის გაღებას გულისხმობს. თქვენთვის თუ არსებობს ასეთი ფაქტორი?
საკუთარი პრაქტიკიდან ასეთს, ალბათ, ვერაფერს ვხედავ. დროის დეფიციტიც ნაკლებად მაქვს და ვფიქრობ, ეს პრაქტიკამ მოიტანა. შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები იმის საშუალებას მაძლევს, რომ ყველაფერი გაცილებით ნაკლებ დროში ვაკეთო, ვიდრე, მაგალითად, წლების წინ მოვახერხებდი; შესაბამისად, დროისა და გრაფიკის მენეჯმენტი შემიძლია. ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, მათთან ერთად ყოფნა და კომუნიკაცია ის მთავარი მუხტია, რაც მაძლიერებს.
როგორც ამბობენ, ადვილი არ არის ძლიერი ქალის გვერდით თანაცხოვრება. თქვენთვის რა ახლავს ნინასნაირ ლიდერ, წარმატებულ ქალთან ერთად ყოფნას?
(იოსები): როგორც წესი, ჭეშმარიტება დისკუსიაში იბადება. ასე რომ, როგორც ყველგან, სიმშვიდე და ცოცხალ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხშირად ანაცვლებს ერთმანეთს. ჩემთვის ნინასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა.
იოსებ, როგორია ნინას, როგორც მხარდამჭერის, როლი თქვენს საქმიანობაში?
მისი მორალური მხარდაჭერა ჩემთვის ყველა გადაწყვეტილების მიღებისას, ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორია მყარი ურთიერთობის თქვენეული რეცეპტი? გრძნობის გარდა, რა არის ის მთავარი ძალა, რომელიც თქვენი ერთობის საფუძველია? რითი ჰგავხართ და რითი განსხვავდებით?
(ნინა): მთავარი ის მგონია, რომ ერთმანეთს ანგარიშს ვუწევთ. კარგად გვესმის, რა არის ჩვენი ფასეულობები და პატივს ვცემთ მათ. შესაძლოა ჩემი მეუღლე არ მეთანხმებოდეს, მირჩევდეს, რომ სხვანაირად სჯობს, მაგრამ ის ყველა ჩემს ნაბიჯს მხარს უჭერს და ბოლომდე მომყვება, რაც მეც ანალოგიურის გაკეთების სურვილს მიჩენს.
(იოსები): ურთიერთობები, რა თქმა უნდა, სიყვარულსა და მეგობრობას ემყარება. მთავარი განსხვავება, ალბათ, ნინას სისხარტე და ჩემი სიმშვიდეა, ხოლო მსგავსება, ალბათ, ყოველთვის ყველაფერში სამართლიანობის მოპოვებისკენ სწრაფვაა.
გვიამბეთ თქვენს შვილებზეც. ვის ჰგავს თქვენი ვაჟი − ნიკალა?
(ნინა): პირველი ქორწინებიდან მე გოგონა, იოსებს კი უფროსი ბიჭი ჰყავს. უმცროსი ვაჟი, ვფიქრობ, მე მგავს, ასევე მამაჩემს. ხასიათი ჩვენი მსგავსი აქვს.
(იოსები): ნიკალა ძალიან მოუსვენარია. ბედნიერია მაშინ, როცა ყველა ერთად, შინ ვართ.
ოჯახური შეკრებები რამდენად გახასიათებთ?
ძალიან მიყვარს ასეთი თავშეყრა. ორგანიზატორობას ძირითადად მე მავალებენ და, ამ მხრივ, ძალიან ვაქტიურობ. ვცდილობ, არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ გამომრჩეს.
საჩუქრების არჩევისას, ერთმანეთის სურვილების გამოცნობას ახერხებთ?
(ნინა): პირადად მე საკმაოდ პრობლემური აღმოვჩნდი ამ მხრივ, სურვილები და გემოვნება სწრაფად მეცვლება.
(იოსები): ვეთანხმები. ჩემგან განსხვავებით, მისთვის საჩუქრის შერჩევა ძალიან რთულია, ამიტომ გამოსავალი ვიპოვეთ და ვათანხმებთ ხოლმე.
როგორი იყო მსოფლიოსთვის რთული 2020 წელი თქვენთვის? რა მთავარი მესიჯი ახლდა მას?
(იოსები): უსიამოვნო ამბები, მუდმივი ფიქრი მოხუცებსა და სნეულებზე 2020-ზე კარგ მოგონებებს არ დაგვიტოვებს. ბიზნესის კუთხით, 2020 სამშენებლო და კავშირგაბმულობის თემებს ნაკლებად შეეხო, თუმცა მცირე პაუზები იყო.
(ნინა): ძალიან რთული წელი აღმოჩნდა უამრავი თვალსაზრისით. მსოფლიო პანდემიასთან − უხილავ მტერთან ომშია, თუმცა ჩემთვის მისი სათქმელი იყო ის, რომ ყველაფერს გავუძლებთ და ერთად გადავლახავთ.
შობა-ახალი წლის დღესასწაულს სად ხვდებით ხოლმე? წელს რას გეგმავთ?
(იოსები): ახალ წელს თითქმის ყოველთვის შინ ვხვდებით, მეკვლეთი და ფოიერვერკით. პირველ იანვარს, მთელი ჩემი სამეგობრო, ნაშუადღევს ჩვენთან იყრის თავს საახალწლო სუფრაზე.
ეს ტრადიცია ნინასთან დაქორწინებამდეც არსებობდა და ახლა ამ ტრადიციას ჩვენი საერთო მეგობრებიც შემოემატნენ.
(ნინა): ტრადიციულად, შინ ერთად ვიკრიბებით. თუმცა წელს ყველა იმდენად გადაგვღალა სახლში ერთფეროვანმა გარემომ, რომ პირველად, გვინდა დღესასწაულს სადმე, თოვლში შევხვდეთ.
გაგვიზიარეთ რეცეპტი, რომლითაც თქვენი საახალწლო სუფრისთვის დამახასიათებელ ნუგბარს ამზადებთ?
ჩემი ბავშვობის წლებიდან, მამიდა პირამიდის ფორმის ბეზეს ტორტს აცხობდა ხოლმე და წლებია ეს ჩემს რეცეპტადაც იქცა.
გვჭირდება: 9 კვერცხის ცილა ბეზესთვის, 81 ჩაის კოვზი შაქარი, ვანილი, 400 გრამი კარაქი და 400 გრამი მოხარშული შედედებული რძე. ბეზეს რომ ავთქვეფთ, კონუსების ფორმით 180 გრადუსზე ღუმელში მოვათავსებთ. მზა ფორმებს მოხარშული შედედებული რძის კრემით გავაფორმებთ და ერთმანეთზე პირამიდის პრინციპით დავაწყობთ, ბოლოს კი ბევრ მოხალულ ნიგოზს მოვაყრით. საოცრად გემრიელი დესერტი გამოდის.