ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სოციალური მედია, განსაკუთრებით კი ბლოგინგი, ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს პლატფორმა საკმაოდ კარგი ხერხია ნებისმიერი ადამიანისთვის, ფართო აუდიტორიასთან გახსნილად ისაუბროს ნებისმიერ თემაზე, გაცვალოს ინფორმაცია, ჩაერთოს დისკუსიაში და ა.შ. როგორც ცნობილია, პირველი ბლოგები საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და ბოლო რამდენიმე წელია ბლოგერთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებულად შეინიშნება. ეს საქმიანობა საკმაოდ წარმატებულადაა ათვისებული სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში, შეიძლება ითქვას, ახლა იკიდებს ფეხს და იდგმება პირველი ნაბიჯები ამ კუთხით.
ბლოგი, როგორც წესი, აღწერს სხვადასხვა მოვლენას, ავტორი უკეთებს მას კომენტარს და სხვებსაც სთავაზობს განხილვის თემად. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარების დატოვების შესაძლებლობა მკითხველებისთვის, რადგანაც ეს აახლოებს ბლოგერსა და მკითხველს და ხელს უწყობს მათ შორის დიალოგს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოგერი აქტიურად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და მკითხველს ახედებს თავის სამყაროში. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება. კარგი ბლოგერი ყოველთვის ითვალისწინებს მკითხველის კომენტარებს და ნელ-ნელა იხვეწება, აღწევს პროგრესს მკითხველის ინტერესისა თუ გემოვნების დასაკმაყოფილებლად.
ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, შეიცავს ჩანაწერებს, მსჯელობას, თუმცა ზოგიერთი ბლოგი გარკვეული პროფილით მუშაობს, ორიენტირებულია, მაგალითად, ხელოვნებაზე, ფოტოგრაფიაზე, ვიდეოებზე, მუსიკაზე, აუდიომასალაზე, მოგზაურობაზე, მოდაზე, სილამაზეზე და ა.შ. უმრავლეს შემთხვევაში, ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნესმიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც და ისინი ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის გამოიყენება. იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.
საავტორო ბლოგი – ესაა მინიგაზეთი, რომლის შტატშიც ერთადერთი თანამშრომელია. იგი ავტორიცაა, კორექტორიც და რედაქტორიც, ამიტომ ყველა ამ სფეროში ექსპერტი უნდა იყოს. საჭიროა, მიზნობრივმა აუდიტორიამ წაიკითხოს ის და გამოიწვიოს დაინტერესება. ამისათვის ბლოგერები სწავლობენ ინტერნეტმარკეტინგის სტრატეგიებს: საძიებო ოპტიმიზაცია, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება, კონტექსტური რეკლამა.
აღსანიშნავია, რომ განვითარებასთან ერთად, ბლოგი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას, ამიტომ ზოგჯერ ბლოგერები საკუთარ სამსახურსაც კი ტოვებენ და მთელ ამ დროს მის ორგანიზებას უთმობენ. ხშირად მათი ძირითადი შემოსავლის წყაროც სწორედ ეს საქმიანობაა. კლიენტების ძიება, გაყიდვები, პარტნიორული პროდუქტის წინ წაწევა, რეკლამა – ეს იმ ბიზნესოპერაციების მინიმალური მოცულობაა, რომლის შესრულებაც ბლოგერს ყოველდღიურად უხდება. ამის მეშვეობით, მრავალი ბლოგი, მცირე პირადი გვერდიდან ზრდასრულ ბიზნესპროექტად იქცა.
მათ სწორად უნდა მართონ თავიანთი დრო. სწორ დაგეგმვაზეა დამოკიდებული, რეგულარულად განახლებადი იქნება თუ არა ბლოგი.
ბლოგერი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არასდროს გამოაქვეყნებს ცრუ ინფორმაციას, არ შეურაცხყოფს აუდიტორიას. იგი აცნობიერებს საკუთარი პასუხისმგებლობის დონეს. ამიტომაც, ბლოგერი ვალდებულია, დაიცვას კომპიუტერული ეთიკა და საყოველთაოდ მიღებული მორალის ნორმები.